რელიგია

უფლის გზაზე

№41

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.10

რელიგია
დაკოპირებულია

ერთი მდიდარი ჭაბუკი დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. როდესაც გაჯანსაღებული და გახარებული აყვავებულ ბაღში გამოვიდა, გრძნობები ვერ შეიკავა, ხელები ზეცად აღმართა და გულით შეჰღაღადა:

– ღმერთო, მადლობელი ვარ შენი სიკეთისთვის! ნეტავ შემეძლოს, რაიმე საქმით სამაგიერო გადაგიხადო!

მისი სიტყვები მებაღემ გაიგონა, ხელი ჩასჭიდა, ბაღიდან გაიყვანა და ღარიბების უბანში მიიყვანა.

– აი, შვილო, შეგიძლია, ღმერთს სამაგიერო გადაუხადო.

ჭაბუკმა უხვად გაიღო მოწყალება.

– მომავალშიც ასე მოიქეცი, – ღიმილით დაარიგა მოხუცმა მებაღემ, მადლობა ღმერთს აღუვლინე, მადლიერება კი ადამიანების მიმართ გამოავლინე.

* * *

ერთმა ამქვეყნიურმა ბრძენმა და ქრისტეს უარმყოფელმა კაცმა, რომელიც თავისი ცოდნით ამაყობდა, ქრისტიანთან პოლემიკაში შესვლა გადაწყვიტა:

– თქვენი სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ჯვარცმა ადამიანთა მაცხოვნებელია, სისულელეა.

– დიახ, ახლა ნამდვილად მჯერა, რომ ბრძენი ხართ. – მდაბლად მიუგო ქრისტიანმა.

* * *

ერთი ქალაქელი სოფლის ცენტრში ჩამომჯდარ მოხუცებს გაესაუბრა.

– წელს როგორი მოსავალი გქონდათ? – შეეკითხა.

– საკმარისი, – წყნარად მიუგო ერთმა.

– უხვი, – კმაყოფილებით მიუგო მეორემ.

– მცირე, – თავი გადააქნია მესამემ.

ქალაქელს გაუკვირდა. იქვე მჯდომმა ერთმა მოხუცმა მისი გაკვირვება შეამჩნია და აუხსნა:

– ზოგისთვის საკმარისია, რადგან იცის, რომ ყველაფერი ღვთისგან ეძლევა და ეძლევა იმდენი, რამდენიც სჭირდება. ვისთვისაც უხვია, ის დარწმუნებულია, რომ ღმერთი ყოველთვის იმაზე მეტს აძლევს, ვიდრე იმსახურებს და ამ სიუხვეს სხვებთან გასანაწილებლად იყენებს. ვისთვისაც მცირეა, მან იცის, რომ ამ სოფელში ადამიანის გული ვერაფრით გაძღება, ყოველთვის ნაკლულოვანებას განიცდის და იმაზე მეტის მოხვეჭა სურს, ვიდრე აქვს.

* * *

ერთხელ ვინმე მდიდარი და მაღალჩინოსანი მოქალაქე საიქიო ცხოვრებაზე დაფიქრდა. მივიდა მღვდელთან და ჰკითხა:

– უკვდავი არავინ არის და ზოგჯერ მეც ვფიქრობ სიკვდილზე. რა შეიძლება, ვიცოდე საიქიოს შესახებ ისეთი, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს?

– პირველი და მთავარი, რაც თქვენს მდგომარეობაში ადამიანმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ მომავალ ცხოვრებაში არც ჩინ-მედლები გექნებათ და არც აქ დაგროვილი სიმდიდრე. თუ ამას კარგად გააცნობიერებთ და ირწმუნებთ, მაშინ ღირსეულად იცხოვრებთ და პირნათლად მოიხდით ამქვეყნიურ ვალს. ეს კი სიკვდილის შიშსაც მოგისპობთ და მომავალ ცხოვრებაში მეგობრებსაც შეგძენთ, – მიუგო მღვდელმა.

* * *

მავანმა კაცმა, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაში იყო, გადაწყვიტა, თუ უფალი სასწაულს ან ნიშანს მოუვლენდა, მეორე დილით ტაძარში წავიდოდა და მართლმადიდებლურად მოინათლებოდა. ამ ფიქრებით დაწვა ის დასაძინებლად.

დილით გაიღვიძა და ნახა, რომ არანაირი სასწაული არ მომხდარიყო: არც სიზმარში დასიზმრებოდა, ოთახშიც ყველაფერი თავის ადგილზე ეწყო. ერთი სიტყვით, არანაირი ნიშან-სასწაული არ ჩანდა. აღარ წავიდა ეკლესიაში, ტახტზე წამოწვა და რადიო ჩართო. რადიოში ამ დროს სახარებას კითხულობდნენ: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას (მარკოზი 8,12). მიხვდა, რომ ეს სიტყვები, მისდამი იყო მიმართული და დარცხვენილმა სასწრაფოდ ტაძარს მიაშურა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა