რელიგია

უფლის გზაზე

№40

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.10

რელიგია
დაკოპირებულია

დაფრინავდა არწივი სიმაღლეზე, ტკბებოდა ქვეყნის სილამაზით და ფიქრობდა: „დიდ სიმაღლესა და სივრცეზე შემიძლია ფრენა, ვხედავ მინდვრებსა და მთებს, ზღვებსა და მდინარეებს, ველებსა და ტყეებს; ვხედავ უამრავ მხეცსა და ფრინველს, ქალაქებსა და სოფლებს; ხალხის ცხოვრებას ვხედავ. აი, სოფლის მამალმა კი არაფერი იცის თავისი ეზოს გარდა, სადაც მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანისა და პირუტყვის დანახვა შეუძლია. მოდი, მივფრინდები მასთან და მოვუთხრობ სამყაროს ამბავს“.

დაფრინდა არწივი სოფლის სახლის სახურავზე და ხედავს, როგორ ლაღად დასეირნობს მამალი თავის ქათმებს შორის და იფიქრა: „როგორც ჩანს, კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით, მაგრამ მაინც მოვუთხრობ, რაც ვიცი“.

დაუწყო არწივმა მამალს იმის მოყოლა, თუ რა ლამაზი და მდიდარია ქვეყანა. დაინახა არწივმა, რომ მამალი ვერაფერს მიხვდა და დადარდიანდა, გაუძნელდა მასთან საუბარი. მამალმაც მოიწყინა იმის გამო, რომ ვერაფერი გაიგო. თუმცა ორივე მათგანი კმაყოფილი იყო საკუთარი ბედით.

მსგავსი რამ ხდება, როცა მეცნიერი უმეცარს ესაუბრება ან სულიერი ადამიანი – მშვინვიერს; პირველი არწივს ჰგავს, მეორე – მამალს. სულიერი ადამიანის გონება დღედაღამ უფლის რჯულს სწავლობს და ლოცვით ღმერთთან ადის, მშვინვიერი კი მიწასაა მიჯაჭვული და მხოლოდ ამქვეყნიური საზრუნავებითაა დაკავებული. სულიერის სული სავსეა და ხარობს, მშვინვიერი – ცარიელი და გაფანტულია. პირველი, როგორც არწივი, მაღლა ფრინდება, სულით გრძნობს ღმერთს და მთელ სამყაროს ხედავს, თუმცა ღამის სიბნელეში ლოცულობს. მეორე კი ტკბება ან პატივმოყვარეობით, ან სიმდიდრით, თანაც ხორციელ სიამეებს დაეძებს და როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ორივეს უჭირს საუბარი და მოწყენილნი რჩებიან.

მყრალი სანთლები

ძნელბედობის ჟამს ერთ სოფელში კაცი ცხოვრობდა, სახელად იპატი. პატიოსნად ცხოვრება გაუჭირდა და ჩაიფიქრა, კეთილი საქმე უკეთური საქმეებით ეკეთებინა: სადაც კი რამეს უმეთვალყურეოდ დაინახავდა, მაშინვე ხელს გააყოლებდა ან კიდევ იყიდდა იაფად ყოველგვარ ხარახურას, მერე ბაზარს სოვდაგრად მოევლინებოდა, ხალხს მოხერხებულად მოატყუებდა, ათმაგად მიყიდდა და გახარებული რჩებოდა. ერთი სიტვით ქურდბაცაცობითა და ხალხის მოტყუებით ცხოვრობდა. მაგრამ, ამასთან, ყოველ ჯერზე, როგორც კი ხელში ფულს ჩაიგდებდა, ეკლესიაში წმიდა ნიკოლოზის ხატთან სანთლებს ანთებდა, თანაც ისეთი რაოდენობით, რომ ტაძარში მხოლოდ მისი სანთლები ჩანდა.

და გაუვარდა ხმა იპატის, რომ გულმოდგინებით იმ არემარეში პირველი კაციაო და შემწედ თვით წმიდა ნიკოლოზი ჰყავსო. თავად იპატიმაც დაიჯერა, რომ ყველაფერში წმიდა ნიკოლოზი ეხმარებოდა.

ერთხელაც წასცანცლა რაღაც მეზობელს და იქაურობას სწრაფად გაეცალა, მაგრამ მისდა საუბედუროდ, პატრონმა დროზე შენიშნა დანაკარგი და თავის სახლეულთან ერთად უკან გამოედევნა. გარბის იპატი და მისდევენ მეზობლები. უკვე სოფელს გასცდა და შარაგზაზე გარბის, მაგრამ ბევრად არც დაზარალებულები ჩამორჩებიან. დაიღალა იპატი, ეს არის და წაიქცევა, უცებ გზაში მოხუცი შემოხვდა.

– სად გარბიხარ, იპატი? – ჰკითხა.

– ჰოი, მოხუცო, მომეხმარე, ნუ გამწირავ, დამმალე სადმე, თორემ თუ დემეწივნენ, ცოცხალს არ დამტოვებენ.

– აი, თხრილში მკვდარი ცხენი გდია და ამოეფარე, – გზისპირზე მიუთითა მოხუცმა.

ჩახტა იპატი თხრილში, სადაც ცხენის ნახევრად გახრწნილი ლეში ეგდო და მისი მუცლის ქვეშ დაიმალა.

ჩაურბინეს მდევრებმა გვერდზე, ვერ შეამჩნიეს. გამოვიდა იპატი სამალავიდან და მოხუცს მადლობა გადაუხადა.

ის კი ეკითხება:

– რაო, იპატი, კარგი იყო ცხენის ლეშის ქვეშ წოლა?

– რას ამბობ, მოხუცო, კინაღამ გავიგუდე იმ სიმყრალეში.

მოხუცმა უცებ წარბები შეიკრა და მკაცრად მიმართა:

– სიმყრალე არ გესიამოვნა? აბა, ერთი მე მკითხე, როგორ მსიამოვნებს შენი სანთლების მყრალი სუნი! ამ ლეშზე უარესია ისინი ჩემთვის! – შეტრიალდა და თავისი გზით წავიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა