უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 27.09
მონაზონი შუქურაა და არა ნათურა
ერთხელ ჩემთან ორი კათოლიკე არქიტექტორი მოვიდა. არ ესმოდათ, რა არის მართლმადიდებლობა, თუმცა კეთილად იყვნენ განწყობილნი. „რატომ სხედან აქ მონაზვნები? – მკითხეს, რატომ არ მიდიან ერში საზოგადოებრივი მსახურებისთვის?
– განა შუქურა კლდეზე არ უნდა იდგეს? – მივუგე მე, – რას გვიბრძანებთ, გადავიდეთ ქალაქებში და ქუჩის ფარნების მუშაობაში ჩავერთოთ? შუქურას თავისი მსახურება აქვს, ფარანს – თავისი“
მონაზონი განა ნათურაა, ქალაქის ტროტუარს ზემოთ რომ არის დაკიდებული და ფეხით მოსიარულეებს გზას უნათებს, რომ არ წაიბორძიკონ. მონაზონი შორეული შუქურაა, მაღლა, კლდეზე დაბჯენილი და თავისი ბრწყინვალებით ზღვასა და ოკეანეებს ანათებს, რათა გემებმა სწორი გზით იცურონ და დანიშნულების ადგილამდე – ღმერთამდე, მშვიდობით მიაღწიონ.
„სენაკი შეიბილწა!“
ერთ ადგილას მონასტერი იდგა. თანდათან ირგვლივ საერო შენობა-ნაგებობები წამოჭიმეს და დროთა განმავლობაში მონასტერი ყველა მხრიდან საცხოვრებელი სახლების გარემოცვაში აღმოჩნდა. მწუხრის მსახურებას იქ ღამით აღასრულებდნენ, ცისკრამდე და ღვთისმსახურებაზე ახლომახლო მცხოვრები ერისკაცებიც მოდიოდნენ. ერთხელ ახალდამწყებ მონაზონს მსახურებაზე წასვლისას სენაკის კარის ჩაკეტვა დაავიწყდა, სადაც მის არყოფნაში ქალი შევიდა. როდესაც მონაზონმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად აღელდა: „ეს რა უბედურება მეწვია! სენაკი შეიბილწა! მორჩა, დავიღუპე!“ ბევრი არ უფიქრია, დაავლო ხელი სპირტიან ფლაკონს, იატაკზე გადმოაპირქვავა და ცეცხლი წაუკიდა. „იატაკის დეზიფენქცია“ კიდევ ცოტაც და მთელ მონასტერს გადაბუგავდა. მართალია, თავისი სენაკის იატაკი დაწვა, მაგრამ ვერ დაწვა საკუთარი ზრახვა. არადა, სწორედ მისი შემუსვრა იყო საჭირო, რადგან ზრახვაში იდო მთელი ბოროტება. მას რომ კეთილი ზრახვა „აემოქმედებინა“, მაშინ საკუთარ თავს ეტყოდა, რომ მის სენაკში ქალი შევიდა კეთილი განზრახვით, სარგებლის მისაღებად, მონაზვნური კურთხევის ასაღებად, რათა შემდეგ, მადლმიღებულს, თავად ეღვაწა სახლში. ასეთ შემთხვევაში მასში სულიერი ცვლილება მოხდებოდა და ღმერთს განადიდებდა.
ღვთაებრივი და ადამიანური სამართლიანობა
– გერონდა, რა არის ღვთაებრივი სამართლიანობა?
– ღვთაებრივი სამართლიანობაა, როცა მოყვასისთვის იმას აკეთებ, რაც მას სიმშვიდეს მოუტანს. მაგალითად, თუ რამე უნდა გაყო შენსა და მას შორის, მიეცი არა ნახევარი, არამედ, რამდენიც მას სურს. შეეკითხე: „რამდენი ნაწილი გინდა, აიღო? ორ-ნახევარი, სამი? აი, აიღე“. სხვას კარგი მიეცი, შენთვის ცუდი დაიტოვე. სხვას მეტი წილი მიეცი, შენთვის ნაკლები დაიტოვე. აი, წარმოიდგინე, რომ დამ ათი ქლიავი მოგვიტანა. თუ ნაყროვნების მიზეზით რვა ქლიავს შევჭამ, შენ კი ორს დაგიტოვებ, უსამართლოდ მოვიქცევი. თუკი ვიტყვი: „რადგან ორნი ვართ, ხუთს მე შევჭამ, ხუთს შენ დაგიტოვებ“ – ეს ადამიანური სამართლიანობა იქნება; ხოლო თუ ვნახავ, რომ ქლიავი მოგეწონა, მაშინ მხოლოდ ერთს შევჭამ და გეტყვი: „თუ გიყვარვარ, შეჭამე ბოლომდე, მე რაღაც არ მომეწონა, თანაც მისგან მუცელი მტკივდება ხოლმე!“ – ეს უკვე ღვთაებრივი სამართლიანობა იქნება.
მწევარი და კურდღელი
ადამიანი გარბის, სანამ ცხოვრობს, რათა ქრისტე იპოვოს, არასდროს ჩერდება. გარბის და დაღლილობას კი არა, საიხარულს განიცდის.
ნათქვამი რომ უფრო გასაგები გახდეს, ასეთ მაგალითს მოვიყვან: კარგი მწევარი, როდესაც კურდღელზე გეშს აიღებს, მაშინვე ადგილიდან მოწყდება, გარბის და კურდღელს ეძებს. სირბილისას ცოტა ხნით გაჩერდება, კვალს დაყნოსავს და ისევ გაიქცევა. მას არ შეუძლია, ერთ ადგილზე გაჩერდეს. მისი გონება იმითაა დაკავებული, რომ კურდღელი მოძებნოს. ის თვალებს აქეთ-იქით არ აცეცებს. მისთვის მეტი სიხარული სირბილშია, ვიდრე ადგილზე დგომაში. მისი ცხოვრების აზრი სირბილსა და ძიებაშია.
ჩვენც ასეთივე სიფხიზლე გვმართებს. ჩვენი გონება მუდამ ქრისტესკენ უნდა ისწრაფვოდეს, რადგან ის არის ჩვენი მიზანი. ჩვენ კი, თუმცა კვალი ავიღეთ, ვიცით გზა, ვიცით, საით წავიდეთ, რომ ქრისტეს შევხვდეთ, ხშირად მაინც ერთ ადგილზე ვდგავართ, წინ არ მივიწევთ. გზა რომ არ გვცოდნოდა, მაშინ შეიძლება, ერთ ადგილზე ჩვენს დგომასაც გარკვეული გამართლება ჰქონოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან