უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.09
ნიანგები
შენ ამბობ, რომ ღმერთი გწამს, მაგრამ ეშმაკების არსებობას ვერ იჯერებ. ერთი ასეთი იგავია მოგზაურის შესახებ, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა და სურვილი ჰქონდა, ნილოსში ებანავა, რომ მერე მოსაგონებლად ჰქონოდა. ადგილობრივი მცხოვრებლები აფრთხილებდნენ, მდინარეში ნიანგებია და შორს ნუ შეცურავო, მაგრამ მას არ სჯეროდა ნიანგების შესახებ „ბებიის ზღაპრებისა“ და როგორც გამოცდილი და თავის თავში დარწმუნებული მოცურავე მდინარეში შევიდა და ამღვრეულ წყალში შორს შეცურა. მოულოდნელად ნიანგები დაესხნენ თავს და ბასრი კბილებით ერთ წამში დაგლიჯეს. სიცოცხლეში ამ გაბედულ კაცს არ უნდოდა ნიანგების არსებობა დაეჯერებინა, სიკვდილის წინ კი ამის დრო აღარ დარჩა.
როგორ ისწავლეს მერცხლებმა თბილ ქვეყნებში გადაფრენა
ერთ ძველ ხალხურ ლეგენდაში ნათქვამია, რომ უძველეს დროში მერცხლებმა არ იცოდნენ, რომ ზამთარში თბილ ქვეყნებში უნდა გადაფრენილიყვნენ. ამიტომ, როდესაც თოვლი მოდიოდა და ყინავდა, ისინი ძალიან იტანჯებოდნენ და იღუპებოდნენ. ხედავდა რა ამას, ერთ გულმოწყალე კაცს შეებრალა მერცხლები და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მათთვის სამხრეთში გადაფრენა ესწავლებინა. საამისოდ ნიშნებს აძლევდა, მაგრამ ფრინველები ვერაფერს იგებდნენ. კაცი სამხრეთის მიმართულეით საკენკსაც უყრიდა – არ შველოდა, დევნიდა იქით – ამაოდ. მაშინ შესთხოვა ღმერთს, რომ ის მერცხლად ექცია. ღმერთმა თხოვნა შეუსრულა. გადაიქცა მერცხლად ადამიანი, მაგრამ აზრი და გრძნობა კაცისა ჰქონდა. ამის შემდეგ უკვე კაცმა-მერცხალმა ადვილად აუხსნა მერცხლებს და ზამთრის პირზე სამხრეთით, თბილ ქვეყნებში წაიყვანა. მას შემდეგ ისწავლეს ამ ფრინველებმა სამხრეთში გადაფრენა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პოეტური გამონაგონია, მაგრამ დაე, დაგეხმაროს ის შენ, გაიგო მარადიული სიყვარულისგან შობილი მარადიული სიბრძნე – როგორ განკაცდა ადამიანთა შორის, რათა ისინი ზამთრის სიცივისგან გათოშილნი და გამწარებულნი, ახალი გზით წაეყვანა, თბილ მხარეში, ღვთის სასუფეველში, სადაც იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. მაგრამ მცირე, ადამიანურ სხეულშიც კი გარემოუცველი უფალი რჩებოდა უცვალებელი, მარადიული, ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო უწინარეს საუკუნეთა თავის უსაზღვრო სასუფეველსა და გამოუთქმელ დიდებაში.
როგორ გავხდეთ ბედნიერნი
შენ გაკვირვევით მეკითხები: რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, რომ უკეთ ვიცხოვროთ? მე ამაზე გიპასუხებ, მაგრამ ამის შესახებ სიტყვას ერთ წმიდა განდეგილს გადავცემ.
ამბობენ, რომ ოდესღაც ძველ ეგვპტეში ადამიანებს შორის ახლანდელის მსგავსმა გაუტანლობამ დაისადგურა. მაშინ ორი გამბედავი მეგობარი ალექსანდრიიდან წამოვიდა, რათა მთელი ქვეყნიერება მოევლოთ და ვინმე ისეთი ადამიანი ეპოვათ, ვინც ბრძენიც იქნებოდა და ბედნიერიც. ბევრი და ამაო ძიების შემდეგ ერთ წმიდანს შეხვდნენ, რომელიც ტყეში განმარტოებით ცხოვრობდა. მან სტუმრებს მიწამდე თაყვანი სცა და თავის ქოხში შეიპატიჟა. ხანგრძლივი საუბრისა და გამოკითხვის შედეგად მწირები დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად იპოვეს ადამიანი, ვისშიც გასაოცრად იყო შერწყმული სიბრძნე და ბედნიერება, მაგრამ, როდესაც მისი ცხოვრების წესი გაიგეს, წუხილით უთხრეს: „ღვთის კაცო, ჩვენ არ შეგვიძლია შენნაირად ცხოვრება! მაშ, როგორ მოვიხვეჭოთ ბედნიერება?“ ატირდა წმიდანი, თვალები ცად აღაპყრო და ცრემლებით მიუგო: „თქვენ არც მოგეთხოვებათ ჩემნაირი ცხოვრება, მაგრამ ბედნიერებისთვის საკმარისია, შემდეგი წესები დაიცვათ: იფიქრეთ ღმერთზე თუნდაც იმდენი, რამდენსაც ადამიანებზე ფიქრობთ; პატივი ეცით მას, თუნდაც იმდენივე, რაოდენ პატივსაც ხალხს მიაგებთ; ლოცვით შესთხოვეთ თუნდაც იმდენი დახმარება, რამდენსაც სხვებს სთხოვთ; შეასრულეთ მისი რჯული თუნდაც იმდენად, რამდენადაც ადამიანურ კანონებს ასრულებთ; ემადლიერეთ თუნდაც ისე, როგორც სხვა ადამიანებს ემადლიერებით; ადიდეთ თუნდაც იმდენიდვე, რამდენადაც ადამიანებს ადიდებთ!“
მოისმინეს რა ცხოვრების ეს გაკვეთილი, მეგობრები გახარებული დაბრუნდნენ შინ. აი, შენ პასუხი და ამის შესახებ მოყვასსაც ჩასძახე ყურში. ჩემი მხრიდან კი ერთი რამ შემიძლია, დავძინო: ამ მარტივი ანბანის გარეშე ვერავინ შეძლებს რთული სახელმძღვანელოს ხელში აღებას.
ქრისტიანული იგავები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან