უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.09
ერთი მოსაგრე, ხედავდა რა ქვეყნად არსებულ უსამართლობას, ღმერთს ევედრებოდა, განეცხადებინა მისთვის მიზეზი, რის გამოც მართალი და კეთილმსახური ადამიანები გასაჭირში ვარდებიან და უსამართლოდ იტანჯებიან, მაშინ, როცა უწმინდურები და ცოდვილები მდიდრდებიან და მშვიდად ცხოვრობენ. როდესაც მოღვაწე ლოცულობდა, რათა უფალს მისთვის გაეცხადებინა ეს საიდუმლო, უეცრად ხმა მოესმა:
– ნუ გამოსცდი იმას, რასაც შენი გონება და ცოდნის ძალა ვერ სწვდება და ნუ იკვლევ დაფარულს, რამეთუ ღვთის განჩინებანი უფსკრულია; მაგრამ, რადგანაც გინდა, გაიგო, გადი ერში, დაჯექი ერთ ადგილას და დააკვირდი, რასაც დაინახავ, ამით უფლის სამართალს ნაწილობრივ ჩასწვდები. მაშინ მიხვდები, რაოდენ გამოუკვლეველი და მიუწვდომელია ღვთის განგება.
ამ სიტვების გაგონებისთანავე ბერი ერში გავიდა და ერთ მინდორს მიადგა. ამ მინდორზე ხალხის სავალი გზა გადიოდა.
იქვე ახლოს ჭა იყო ამოთხრილი და ერთი ბებერი ხე იდგა, რომლის ფუღუროშიც ბერი დაიმალა. მალე ერთი მდიდარი კაცი მოვიდა ცხენით. გაჩერდა ჭასთან წყლის დასალევად და დასასვენებლად. როცა წყურვილი მოიკლა, ამოიღო ჯიბიდან საფულე, 100 დუკატი ოქროთი და თვლა დაიწყო. როცა დაამთავრა, უნდოდა, საფულე ჯიბეში ჩაედო, მაგრამ ვერ შეამჩნია, რომ ბალახებში დაუვარდა. შეჭამა, დაისვენა, გამოიძინა, შემდეგ შეჯდა ცხენზე და გაემგზავრა ისე, რომ დაკარგული ფულის შესახებ არაფერი გაუგია. მალე სხვა მგზავრი მოვიდა ჭასთან, იპოვა დუკატებიანი საფულე, აიღო, გზას გვერდი აუარა და მინდორ-მინდორ გაიქცა.
გავიდა რამდენიმე ხანი და სხვა გამვლელი გამოჩნდა, დაღლილი. ისიც ჭასთან გაჩერდა, წყალი დაისხა, პური ამოიღო ხელსახოციდან და საჭმელად დაჯდა. როცა ღარიბი კაცი ჭამდა, გამოჩნდა გაავებული, განრისხებისგან სახეშეცვლილი მდიდარი ცხენოსანი და საწყალს თავს დაესხა. გამძვინვარებული ყვიროდა და თავისი დუკატების უკან დაბრუნებას ითხოვდა.
ღარიბი კაცი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ფულზე, იფიცებოდა, რომ არაფერი უნახავს, მაგრამ განრისხებულმა მდიდარმა სასიკვდილოდ სცემა. შემდეგ ღარიბის მთელი სამოსი გაჩხრიკა, ვერაფერი იპოვა და გაბრაზებული წავიდა.
ბერი ფუღუროდან ყველაფერს ხედავდა და უკვირდა, განიცდიდა და ტიროდა უსამართლო მკვლელობის გამო. ლოცულობდა და ამბობდა:
– ღმერთო, რას ნიშნავს შენი ეს ნება? მითხარი, გემუდარები, როგორ ითმენს შენი გულმოწყლება ასეთ უსამართლობას. ერთმა ფული დაკარგა, მეორემ იპოვა, მესამე კი უსამართლოდ მოკლეს.
ამ დროს გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა:
– ნუ ჯავრობ, ბერო, ნუ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ღვთის გარეშე მოხდა. მაგრამ რაც ხდება, ზოგი დაშვებით ხდება, ზოგი – სასჯელისთვის (აღზრდისთვის), ზოგი კი – განგებულებით, სულის აღმშენებლობითი მიზნებისთვის. ასე რომ, ისმინე:
ის, ვინც ფული დაკარგა, იმ მგზავრის მეზობელია, ვინც ისინი იპოვა. ამ უკანასკნელს, ჰქონდა ბაღი, რომელიც 100 დუკატი ღირდა. მდიდარმა, რამეთუ ძუნწი იყო, აიძულა ის ბაღი 50 დუკატად მიეყიდა მისთვის. ღარიბმა კაცმა, რაკი არ იცოდა, რა ექნა, ღმერთს შესთხოვა შურისძიება.
ამიტომ, ღმერთმა ისე მოაწყო, რომ მას ორმაგად მიეზღო.
მეორე ღარიბმა, რომელსაც არაფერი უნახავს და უსამართლოდ მოკლეს, ოდესღაც თავად ჩაიდინა მკვლელობა, მაგრამ გულწრფელად ინანიებდა და მთელი დანარჩენი ცხოვრება ქრისტიანულად და ღმერთის სადიდებლად განვლო. გამუდმებით ემუდარებოდა ღმერთს, მიეტევებინა მკვლელობა და ამბობდა: „ღმერთო, ისეთივე სიკვდილი მომანიჭე, როგორიც თავად ჩავიდინე!“ რა თქმა უნდა, უფალმა ჯერ კიდევ მაშინ აპატია, როდესაც მან შეინანა. მით უმეტეს, რომ ის არა მარტო იცავდა უფლის მცნებებს, არამედ სურდა, ძველი დანაშაულისთვის ეზღო. უსმინა უფალმა და დაუშვა, რომ თავადაც ძალადობრივი სიკვდილით მომკვდარიყო, როგორც თავად ითხოვდა. უფალმა მიიბარა მისი სული და თანაც, კეთილმსახურების გამო, ბრწყინვალე გვირგვინი უბოძა.
დაბოლოს, დუკატების დამკარგავი და მკვლელი ისჯება თავისი ვერცხლისმოყვარეობისა და მომხვეჭელობისთვის. დაუშვა ღმერთმა, რომ ის კაცისკვლის ცოდვაში ჩავარდნილიყო, რათა სული ატკივებოდა და შეენანა. და აი, ახლა ის ტოვებს წუთისოფელს და ბერად მიდის.
მაშ, რაში ხედავ შენ, აქედან, რომ ღმერთი უსამართლო, სასტიკი და შეუბრალებელია? ამიტომ, მომავალში ნუ განსჯი უფლის სამართალს, რამეთუ ის ყველაფერს ხედავს და ყველას სამართლიანად განსჯის, შენ კი მას უსამართლოდ მიიჩნევ შენივე უმეცრების გამო. იცოდე, რომ სხვაც ბევრი რამ ხდება ქვეყნად უფლის ნებითა და იმ მიზეზით, რაც ადამიანებისთვის უცნობია. ასე რომ, უფრო სწორი იქნება თქვა: „მართალი ხარ, შენ, უფალო და სწორია სამართალი შენი!“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან