უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.09
ერთხელ ათეისტმა მორწმუნეს ჰკითხა:
– რა იქნება, თუ სიკვდილის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ სამოთხე, რომლის შესახებაც ქადაგებთ, არ არსებობს?
მორწმუნემ კითხვითვე უპასუხა:
– რა ხასიათზე დადგებით, თუ სიცოცხლის ბოლოს, თქვენ, ათეისტები, აღმოაჩენთ, რომ სამუდამო ჯოჯოხეთი, რომელსაც ასე დაჟინებით უარყოფთ, თურმე, არსებობს?
– იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, – შეფიქრიანდა ათეისტი.
– იმედი გაქვს? – ჰკითხა მორწმუნემ, – აი, სწორედ ამაშია განსხვავება ჩვენსა და თქვენს შეხედულებებს შორის. თქვენ მერყევი იმედებით ცხოვრობთ, მე კი იმის რწმენითა და სასოებით, რომ რაკი ქმნილება არსებობს, ესე იგი, მისი შემოქმედიც არსებობს.
* * *
ერთხელ მდინარეში თევზებმა ადამიანების საუბარი გაიგონეს იმის შესახებ, რომ თევზებს მხოლოდ წყალში შეუძლიათ ცხოვრება. ამან ძალიან გააოცა თევზები და ერთმანეთს დაუწყეს გამოკითხვა: რა არის წყალი?
ვისაც ჰკითხეს, არავინ იცოდა. მაშინ ერთმა თევზმა თქვა: „ამბობენ, ზღვაში ერთი მოხუცი და ბრძენი თევზი ცხოვრობსო, მას ეცოდინება, რა არის წყალი. მივცურდეთ მასთან და ვკითხოთ“.
შეცურეს თევზებმა ღრმად ზღვაში, მოხუცი თევზის საცხოვრებლისკენ გაემართნენ და ჰკითხეს მას, თუ რა იყო წყალი.
მოხუცმა და ბრძენმა თევზმა უპასუხა: „წყალი არის ის, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თქვენ იმიტომაც არ იცნობთ წყალს, რომ ცხოვრობთ მასში და მასთან“.
რა შეიძლება ითქვას ადამიანებზე, რომელთაც ეჭვი ეპარებათ ღმერთის არსებობაში? მათ არ იციან, რომ ჩვენ, ადამიანები, ვცხოვრობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ მხოლოდ ღვთის წყალობით. ჩვენ ვსუნთქავთ მის ჰაერს და ვსვამთ მის წყალს, რამეთუ ის ჩვენი შემოქმედი და შემქმნელია. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ღვთის მოწყალებას, მაგრამ ყოველთვის და ყველანი მისი მადლიერნი არა ვართ. იმდენად მივეჩვიეთ ჰაერის, წყლის, სინათლის არსებობას, რომ ეს ჩვენთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა; მაგრამ როგორც კი რამე მოხდება და გაჭირვებაში აღმოვჩნდებით, მაშინვე გვახსენდება მისი არსებობა, გავრბივართ მასთან და შევთხოვთ: „მიწყალობე, შემეწიე“. როცა შვილები უღირსად იქცევიან, ეს გულს გვტკენს. წარმოვიდგინოთ, თვითონ რამდენად ვტკენთ გულს ჩვენს შემოქმედ მამას ჩვენი ყოველდღიური დაუდევრობით!
* * *
დედის საშოში ორი ტყუპი ჩაისახა. დაინახეს ერთმანეთი და გაუხარდათ: „რა კარგია, რომ ჩავისახეთ! რა მშვენიერია სიცოცხლე!“
ტყუპები ერთად ეცნობოდნენ სამყაროს და როდესაც ჭიპლარი აღმოაჩინეს, მათ თქვეს:
– რაოდენ დიდია დედაჩვენის სიყვარული, რა მშვენიერია, რომ ის თავის სიცოცხლეს გვიზიარებს?
გადიოდა დრო და ტყუპებმა შეამჩნიეს, რომ თანდათან იცვლებიან.
– რას უნდა ნიშნავდეს ეს? – იკითხა ერთმა.
– ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროში დასასრულს უახლოვდება, – გამოთქვა აზრი მეორემ.
– მე არ მინდა ამ ცხოვრებიდან გასვლა, მე მსურს სამუდამოდ აქ დავრჩე, – თქვა პირველმა.
– არჩევანი არა გვაქვს, – უპასუხა მეორემ, – მაგრამ იქნებ კიდევ არსებობს დაბადების შემდეგ სიცოცხლე?!
– როგორ შეიძლება სიცოცხლე დაბადების შემდეგ?! როდესაც ჩვენ ჭიპლარს გავგლეჯთ, სიცოცხლეც შეწყდება! გარდა ამისა, ჯერ არავინ დაბრუნებულა უკან, მუცელში და არავის უთქვამს, რომ არსებობს სიცოცხლე დაბადების შემდეგ! ეს დასასრულია!
და ერთ-ერთი ტყუპისცალი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა:
– თუ ჩასახვის დასასრული დაბადებაა, აქვს კი საერთოდ აზრი მუცელში ცხოვრებას? ცხოვრება უაზრობაა? იქნებ, საერთოდ, არანაირი დედა არ არსებობს.
– მაგრამ, ხომ უნდა არსებობდეს დედა? აღშფოთდა მეორე, – თუ ის არ არსებობს, მაშ, საიდან მოვხვდით აქ? რა გვაძლევს ჩვენ სიცოცხლეს?
– გინახავს როდისმე ეს დედა? – ჰკითხა პირველმა, – იქნებ ის მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. იქნებ, ჩვენ თავად შევქმენით მისი ხატება, რათა უკეთ გვეგრძნო თავი!
მუცელში სიცოცხლის უკანასკნელმა დღეებმა განცდებში გაიარა. და აი, დადგა დაბადების დრო. ტყუპები გადავიდნენ სხვა სამყაროში, თვალი აეხილათ და სიხარულისგან ატირდნენ, რადგან იმან, რაც მათ იხილეს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან