რელიგია

უფლის გზაზე

№34

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.08

რელიგია
დაკოპირებულია

ერთი მამაცი ჭაბუკი ცდილობდა, ისეთი რამ ეპოვა, რაც დედამიწაზე არ მოიპოვებოდა, მაგრამ მისი მონაპოვარი სასარგებლო უნდა ყოფილიყო როგორც მისთვის, ისე სხვებისთვისაც. შორეულ მთებში ის ერთ ჭაღარა განდეგილს შეხვდა და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისი ოცნება ასრულებულიყო.

– ეს შესაძლებელია, – მიუგო განდეგილმა, – თუკი ჩემს რჩევას შეისმენ. შედი ახლა მღვიმეში და სერიოზული გამოცდისთვის მოემზადე. ყველა კითხვაზე, რასაც დაგისვამენ, უნდა უპასუხო: „არა“, ხოლო, როდესაც მთავარ შეკითხვას გაიგონებ, მაშინ უპასუხე: „დიახ“. თუ შეცდები, დაიღუპები.

მიუახლოვდნენ ისინი მღვიმეს. იქ არავინ იყო, მაგრამ როგორც კი ჭაბუკი მღვიმეში შევიდა, მაშინვე გაისმა მეხივით ხმა:

– გინდა, მარადიული ახალგაზრდობა?

– არა! – ოდნავ შემცბარმა უპასუხა.

– გინდა, ცოლად მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალწული?

– არა! – კიდევ უფრო შეცბუნდა ჭაბუკი.

– გინდა, გახდე ყველაზე ცნობილი მხედართმთავარი?

– არა! – ახლა უკვე მტკიცედ უპასუხა ჭაბუკმა.

– გინდა, მთელი ქვეყნის სიმდიდრეს დაეუფლო?

– არა! – პასუხი მტკიცე იყო.

– გინდა, მოკვდე იმისთვის, რაც დედამიწაზე არ არის?

– დიახ! – დინჯად მიუგო ახალგაზრდა კაცმა.

მიწა შექანდა და გაისმა ყრუ კვნესის ხმა, რომელიც იქაურობას თანდათან შორდებოდა: „შენ გაიმარჯვე ჩემზე, ადამიანო და ამიერიდან მე ვტოვებ ადამიანებს.“ ჭაბუკმა უკან მიიხედა: აღარც მღვიმე ჩანდა და აღარც განდეგილი. მის ირგვლივ ბედნიერი ახალგაზრდა ადამიანები იდგნენ. „რა იყო ეს, რომ გაქრა?“ – იკითხა ჭაბუკმა. „სიკვდილი!“ – უპასუხეს მას.

„სიცოცხლე ცხადად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელი იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ“ (1 იოანე 1, 2).

ბერი სვიმეონ ათონელი

* * *

ერთხელ ახალგაზრდა ბერი თავის მოძღვართან ერთად ზღვის სანაპიროს მიუყვებოდა და გზადაგზა შეკითხვებს უსვამდა. თუმცა, სინამდვილეში მხოლოდ ის აინტერესებდა, რას ფიქრობდა ამბა მისი რწმენის სიმტკიცეზე და ნამდვილად მიაჩნდა თუ არა ის თავის საუკეთესო მოწაფედ, – წმიდა ამბამ ხომ მხოლოდ ის იახლა შორ გზაზე და აი, ისინი მთელი დღე შეუსვენებლივ მიუყვებიან გზას.

– ამბა, ძალიან მწყურია, – მიმართა მან საკმაოდ დიდი გზის გავლის შემდეგ.

ბერი გაჩერდა, ლოცვა წარმოთქვა და მოულოდნელად უთხრა:

– ზღვის წყალი დალიე.

მოწაფემ მორჩილად ამოიღო ზღვიდან პეშვით წყალი და სიხარულისგან ლამის შეჰყვირა – ზღვის წყალს, მლაშე და მწარე გემოს ნაცვლად, ნაკადულივით სასიამოვნო გემო ჰქონდა.

მან დააპირა, ამ მშვენიერი წყლით აევსო თავისი ჭურჭელი იმ შემთხვევისთვის, თუ გზად კიდევ მოსწყურდებოდა.

– რას აკეთებ? – გაუკვირდა ამბას, – ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ ღმერთი მარტო აქ კი არა, ყველგანაა?

– მოწაფემ ისევ მოსვა თავისი ჭურჭლიდან და მაშინვე გადმოაფურთხა – წყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა.

– აი, ხედავ, ძმაო, ჯერჯერობით შენი რწმენის სიღრმე ერთი ყლუპი წყლით შეიძლება გაიზომოს, – უთხრა ბერმა და ამით ერთბაშად უპასუხა მის ყველა შეკითხვას.

* * *

მავანი თავის ნაცნობს შეხვდა, რომელიც ადრე საშინელი მემთვრალე და მოჩხუბარი იყო. ხედავს, ის შეცვლილია: მოწესრიგებულად აცვია, თვალებში შუქი მოუჩანს. დაინტერესდა ნაცნობის ცხოვრებით და მანაც მოუთხრო, რომ მისი შვილი მღვდელი გამხდარიყო. გაუკვირდა ამ კაცს: „ასეთი მამის შვილმა თავისი ცხოვრება ღმერთის სამსახურს მიუძღვნა?“ ნაცნობმა საუბარი განაგრძო და უთხრა, რომ შვილის მეშვეობით თვითონაც რწმენაში მოვიდა და ძირფესვიანად შეცვალა თავისი უვარგისი ცხოვრება.

– როგორ შეიძლება, ასეთი რამ მომხდარიყო? – გაუკვირდა კაცს.

– ერთხელ უკანასკნელი სიტყვებით გამოვლანძღე შვილი. მან კი პასუხად თაყვანი მცა და შენდობა მთხოვა. შვილის ამ საქციელმა სული შემიძრა. ვერ წარმომედგინა, რომ ის – მღვდელი მე – ყოვლად უვარგისს შენდობას მთხოვდა! მას შემდეგ ჩემში რაღაც შეიცვალა. მივატოვე დალევა და უქნარობა. ღმერთი ვიწამე, სხვა ადამიანი გავხდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა