უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 23.08, 2024 წელი
ერთმა მღვდელმა, რომელიც დაიღალა მიზეზების მოსმენით, თუ რატომ ვერ დადის ხალხი ეკლესიაში, ასეთი რამ თქვა:
„აი, ათი ანალოგიური მიზეზი, თუ რატომ არ ვიბან პირს:
1. იმიტომ, რომ ბავშვობაში მაიძულებდნენ პირის დაბანას;
2. პირს იბანენ პირმოთნენი, რადგან ფიქრობენ, რომ სხვებზე სუფთები არიან;
3. ვერ გადამიწყვეტია, რომელი საპონია უკეთესი;
4. ოდღესღაც ვიბანდი, მაგრამ მერე მომბეზრდა;
5. ვიბან მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე – შობასა და აღდგომაზე;
6. ჩემი მეგობრებიდან არავინ იბანს პირს;
7. მაშინ დავიწყებ დაბანას, როცა მოვხუცდები და სულ მთლად ბინძური გავხდები;
8. პირის დაბანის დრო არ მაქვს;
9. ზამთარში წყალი ძალიან ცივია, ზაფხულში – ზედმეტად თბილი;
10. არ მინდა, რომ ჩემს ხარჯზე საპნის მწარმოებლები გამდიდრდნენ“.
* * *
მავანმა ახალგაზრდა მამაკაცმა მთელი გულით მიიღო მართლმადიდებლური სარწმუნოება, ეკლესიაში თავისი ცოლი და ასულიც მიიყვანა და მაშინვე დიდი გულმოდგინებით შეუდგა სულიერ ცხოვრებას. ის დიდი ინტერესით ეცნობოდა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებებს. თუმცა, რამდენიმეწლიანი კეთილმსახურებითი ცხოვრების შემდეგ მისი რწმენა შესამჩნევად შესუსტდა. მას ეჭვი შეეპარა ბევრ საეკლესიო ტრადიციასა და ქრისტიანობის თვით ძირითად დოგმატებშიც კი. ამის პარალელურად, მის სულში გაიღვიძა ინტერესმა აღმოსავლურ კულტებთან დაკავშირებით, რომლითაც ის გატაცებული იყო ადრე, ჯერ კიდევ ქრისტესკენ მოქცევამდე.
მიუხედავად ოჯახის მეთაურის საეკლესიო ცხოვრებისგან განრინებისა, მისი ცოლი და ქალიშვილი ეკლესიის ერთგულ შვილებად რჩებოდნენ. ისინი ძალიან ღელავდნენ ამის გამო, თუმცა ხშირად უხდებოდათ მისგან უხეში ხუმრობების დათმენა მათ რწმენასთან დაკავშირებით.
ერთხელ, როდესაც ოჯახი ახალაშენებულ სახლში დაბინავდა, მის საკურთხებლად ნაცნობი მღვდელი მიიწვიეს. მოძღვარმა წაიკითხა სათანადო ლოცვები და დაიწყო დიდ, ორსართულიან სახლში წმიდა წყლის პკურება. მღვდელი მეორე სართულის კიბეზე ადიოდა, როცა ოჯახის თავმა დაუფარავი ირონიით უთხრა.
– მამაო, კიბეზე კარგად აპკურეთ, ვინმე არ ჩამოვარდეს!
ცოლი და ქალიშვილი ამ სიტყვებმა შეაშფოთა: მათ აშკარა დაცინვა დაინახეს. მღვდელმა ქვეტექსტი ვერ შეამჩნია, კიბეზე წყალი აპკურა და მეორე სართულზე ავიდა. მთელი ოჯახი უკან გაჰყვა. როდესაც მეორე სართული აკურთხეს, ყველანი ქვევით დაეშვნენ. უკან ოჯახის მეთაური მოდიოდა. ცოლი, ქალიშვილი და მღვდელი მშვიდობით ჩამოვიდნენ პირველ სართულზე. ოჯახის უფროსს კი ერთ-ერთ ზედა საფეხურზე ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. მის ქალიშვილს შიშისგან გული შეეკუმშა. როგორც შემდგომში იხსენებდა, იფიქრა, რომ მამამისმა ხერხემელი გადაიტეხა. თუმცა, მან სასწაულად მოახერხა, კიბის მოაჯირზე შეევლო ხელი და მტკივნეული დაცემა თავიდან აერიდებინა.
მეუღლე და ქალიშვილი შიშისგან ადგილზე გაშეშდნენ, მაგრამ როცა ოჯახის უფროსის სახე დაინახეს, რომელიც ქვედა საფეხურზე დაცემის შემდეგ გაქვავებულიყო, ერთხმად დაიწყეს ხმამაღალი სიცილი. თუმცა, თითქოსდა, სასაცილო არაფერი იყო: მამაკაცის გათეთრებულ სახეზე არაბუნებრივად ფართოდ გახელილი და შიშით სავსე თვალები მოჩანდა.
– აი, მამაჩემო, – უთხრა ქალიშვილმა, – ხვდები, რა დაგემართებოდა, მოძღვარს რომ ეს კიბე არ ეკურთხებინა?
მამამ უკმაყოფილება გამოთქვა ცოლ-შვილის მიმართ მათი სიცილის გამო და დაცემა იმით ახსნა, რომ სწორედ წყალზე დაუცურდა ფეხი. მისმა ახსნამ შვილი ვერ დააკმაყოფილა და უთხრა: ჩვენ, სამივენი, შენზე ადრე ჩამოვედით და კიბეზე არ დავცურებულვართ, ამიტომ დაფიქრდი, მაინცდამაინც შენ რატომ დაეცი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან