რელიგია

უფლის გზაზე

№31

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 10.08

რელიგია
დაკოპირებულია

ვინმე დიდგვაროვანმა ჭაბუკმა მთელი თავისი ქონება ღატაკებს დაურიგა და მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. რადგანაც მას მშვენიერი საერო განათლება ჰქონდა მიღებული, ამიტომ მონასტერში განსაკუთრებული მორჩილება მიიღო – საღვთისმსახურო წიგნები უნდა გადაეწერა.

ბერ-მოძღვარი ხშირად საუბრობდა თავის მწერალთან და საქმე იქამდე მივიდა, რომ სხვა მოწაფეებმა დრტვინვა დაიწყეს მოძღვარზე და ამბობდნენ, მას გამორჩეულ და ზედმეტ ყურადღებას უთმობს, ჩვენ კი უგულებელგვყოფსო.

ეს ხმები მონასტერში გავრცელდა და სამმა ყველაზე პატივცემულმა ბერმა გადაწყვიტა, გაეგო, რით დაიმსახურა ამ ახალგაზრდამ ბერ-მოძღვრის გამორჩეული სიყვარული.

ამბამ მდუმარედ მოუსმინა და თავისი მოწაფეების სენაკები შემოატარა.

– ძმაო! სასწრაფოდ გამოდი! მე შენ მჭირდები, – იმეორებდა ის თითოეული სენაკის კარზე დაკაკუნებისას.

მაგრამ არც ერთი მოწაფე არ ჩქარობდა კარის გაღებას: ამ დროს ვიღაცა ფსალმუნებს გალობდა და შეწყვეტა არ სურდა, მეორე ლოცვით თოკს წნავდა და შიშობდა, სიჩქარეში ხელნაკეთი არ დაეზიანებინა.

ბოლოს გადამწერის სენაკს მიადგნენ. საკმარისი იყო მოძღვარს ნელა დაეკაკუნებინა და ერთი სიტყვა ეთქვა: „ძმაო“, რომ კარი მაშინვე გაიღო და ზღურბლზე გაკვირვებული გადამწერი გამოჩნდა.

– მითხარით, მამებო, სად ხედავთ თქვენ ჩემს სხვა მოწაფეებს? – მიუბრუნდა ბერ-მოძღვარი ბერებს და პირველი შევიდა მოწაფის სენაკში.

მოძღვარმა მაგიდიდან რვეული აიღო, სადაც სულ ახლახან მოწაფე წერდა.

– შეხედეთ, მამებო, ახლა ის აი, ამ ასოს წერდა (მიუთითა), მაგრამ როგორც კი ჩემი ხმა გაიგონა, კალამი დააგდო და მისი დაწერაც კი არ დაუსრულებია. განა ეს დაუსრულებელი ასო-ნიშანი ყველაზე უკეთ არ გეუბნებათ იმ მორჩილების შესახებ, რომელიც ჩემს მოწაფეს თავისი მოძღვრის წინაშე აქვს? აი, ამ მორჩილებისთვის მიყვარს მე იგი.

– სამართლიანად გიყვარს, ამბა, შენი მოწაფე, – უთხრა ერთმა ბერმა.

– ჩვენ ყველას გვიყვარს იგი, – დასძინა მეორემ.

– ღმერთსაც ამისთვის უყვარს.

* * *

ერთმა ერისკაცმა გადაწყვიტა პაისი ათონელისთვის მიემართა, რათა ერთი განსაცდელისგან ეხსნა თავი. როდესაც ის ამპარტავან მეგობრებთან ურთიერთობდა, თვითონაც იძულებული ხდებოდა, მათსავით დაეჭირა თავი, რამდენსაც არ ეცადა, ვერაფრით დასძლია ეს მდგომარეობა. სანამ ის ფიქრობდა, როგორ დაესვა შეკითხვა, მოვიდა ერთი მომლოცველი და ბერს საზამთრო მიართვა. პაისიმ საზამთრო გამოართავა და თქვა:

– რაკი შენ საზამთრო მომიტანე, ახლა დანაც მათხოვე, რომ გავჭრა და მოგიყვეთ საზამთროს სიტკბოებისა და სიგემრიელის საიდუმლო.

მომლოცველმა მას დანა გადასცა. ბერმა დაიწყო საზამთროს დაჭრა და ნაჭრების თანდათან ჩამორიგება. როდესაც ერისკაცის რიგი მოვიდა, მან იგრძნო, რომ რასაც ახლა პაისი იტყოდა, ის იქნებოდა პასუხი თავის ჯერ კიდევ გამოუთქმელ შეკითხვაზე. ბერმა მას შეხედა თავისი მშვიდი და გამჭრიახი მზერით და მსუბუქი ღიმილით უთხრა:

– თუკი გვერდიგვერდ კვახსა და საზამთროს დავთესავთ, მაშინ კვახი მთელ სიტკბოებას წაართმევს საზამთროს და საზამთრო უგემური გაიზრდება, სიტკბო არ ექნება, მაშინ, როდესაც კვახი ისევ კვახად დარჩება, რამდენი სიტკბოც არ უნდა მიიღოს. ამ მიზეზით, თუ გვინდა, რომ ტკბილი და გემრიელი საზამთრო მოვიწიოთ, ის კვახისგან მოშორებით უნდა გავზარდოთ.

ამ სიტყვებით ბერმა მშვენიერი პასუხი გასცა ერისკაცს: მან გააგებინა, რომ ქრისტიანმა მეგობარი სწორად და ფრთხილად უნდა აირჩიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა