უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.07
წმიდა მამა, მეუდაბნოე ამატი, თავისი დროის ცოცხალი სარკე იყო, მასში ყველამ რომ უნდა ჩაიხედოს, ვისაც უფლის განჩინება არასწორად ესმის ან უარყოფს და ფარულად გმობს. ამატიმ 30 წელი მონასტერში იღვაწა, მერე უდაბნოში განმხოლოვდა, სადაც ბინად ერთი დიდი ლოდი აირჩია და დიდი კრძალულებით განაგრძო იქ მოსაგრეობა. ერთ ძმას სამ დღეში ერთხელ მონასტრიდან მისთვის პურის ნატეხი და ერთი თასი წყალი მიჰქონდა – ეს იყო ამატის ერთადერთი სარჩო და არსობის პური. ცხადია, ასეთი კრძალულება არ სიამოვნებდა ეშმაკს. და აი, ერთხელაც მოფრინდა ყორანი, წყლიანი თასი გადააბრუნა, პურის ნაჭერს ნისკარტი დასტაცა და გაფრინდა. ამგვარად, მოშურნე მუშაკი სამი დღით საჭმელ-სასმლის გარეშე დარჩა. როგორ მოიქცა ღვთისმოთნე ბერი? იქნებ, დაწყევლა ყორანი ან უგუნური სიტყვები წარმოთქვა უფლის განგებულების მისამართით, ან იქნებ ყველაფერი ეშმაკისეულ ხრიკებს დააბრალა? არაფერი მსგავსი მას არ გაუკეთებია! ეს ჩვენ ვიქცევით ასე მსგავს შემთხვევებში. მან ხელნი აღაპყრო, გონება ზეცად აღმართა და მადლიერებით შეჰღაღადა ყოვლისა და ყოველთა განმგებელს: „მადლობელი ვარ, ღმერთო, უფალო ჩემო, იმისთვის, რომ შენი წმიდა ნებით გსურდა, უფრო ხანგრძლივ მარხვაში დაგეტოვებინე, ვიცი, რომ მომავალში ეს ჩემთვის დიდად სასარგებლო იქნება, რამეთუ შენი წინასწარი განჭვრეტის გარეშე ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება ხიდან“.
* * *
ერთი კაცი მუდამ დრტვინავდა, რომ დედა ღვთისა და უფალი მას არაფერში ეხმარებოდნენ. ერთხელ ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „გაიხსენე, როდესაც მეგობრებთან ერთად ნავით მიცურავდი, ნავი გადაბრუნდა და შენი მეგობარი დაიხრჩო, შენ კი ცოცხალი გადარჩი. მაშინ შენ ღვთისმშობელმა გადაგარჩინა: მან ისმინა დედაშენის ლოცვები. ახლა გაიხსენე, როდესაც ცხენებშებმული ეტლით ჯირითობდით და მოულოდნელად ცხენი გვერდზე გახტა, მაშინაც შენი მეგობარი დაიმტვრა, შენ კი გადარჩი“. ანგელოზმა სხვა სახიფათო შემთხვევებიც გაახსენა, რომლებიც მას ცხოვრებაში სხვადასხვა დროს გადახდა თავს, მაგრამ მისთვის მშვიდობით დასრულდა. რამდენჯერ ემუქრებოდა მას სიკვდილი ან უსიამოვნება და ყველაფერს თავი დააღწია. უბრალოდ, ჩვენ სულიერად ბრმები ვართ და გვგონია, რომ ყველაფერი ეს შემთხვევით ხდება, ამიტომაც არა ვართ უფლის მადლიერნი, როდესაც უბედურებებს მშვიდობით ვაღწევთ თავს.
* * *
როგორ მოქმედებს ჩვენში ღვთის განგება? მისი მოქმედების შესამჩნევ ნიშნებს ჩვენ ვერ ვამჩნევთ. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ღვთის განგება ადამიანებში მოქმედებს ჩვეულებრივად და აქედან გამომდინარე, შეუმჩნევლად იმ ადამიანებში, რომელნიც არც ძალიან კეთილები არიან და არც ძალიან ბოროტნი, ხოლო განსაკუთრებულად და აშკარად ის მხოლოდ მაშინ ცხადდება, როცა ადამიანი ცხოვრობს და მოქმედებს ან სრულიად მართებულად და წმიდად ან ძალიან უღირსად და უსამართლოდ. ასე უშვებდა უფალი სასწაულს სამართლიან და წმიდა მამებზე, რითაც იფარავდა და განადიდებდა მათ, და უწმინდურ და შეუნანებელ ხალხზე, რითაც მათზე ამა თუ იმ სასჯელს უშვებდა. კარგ და მოწესრიგებულ ხელქვეითებს სამართლიანი უფროსი გამოარჩევს და დააჯილდოვებს, ცუდებს და მოუწესრიგებლებს კი დასჯის. მათ კი, ვისაც არც განსაკუთრებული დამსახურება და არც მიუღებელი ჩვევები არა აქვთ, ჯილდოსა და სასჯელის გარეშე, უბრალოდ, სამსახურში ტოვებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან