რელიგია

უფლის გზაზე

№26

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.07

რელიგია
დაკოპირებულია

მავან კაცს ღმერთმა ასეთი სამუშაო დააკისრა: მისი სახლის წინ უზარმაზარ ქვაზე მიუთითა და დაავალა, ამ ქვას მთელი ძალით მისწოლოდა. ღვთის მსახურიც ერთგულად აკეთებდა ამას ყოველდღე. მრავალი წლის განმავლობაში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. მისი მხრები უშუალოდ ეხებოდა ამ ცივ ლოდს, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მას მთელი ძალით აწვებოდა წლების განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ. ყოველდღე დაღლილი და დაქანცული, ლასლასით ბრუნდებოდა შინ და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ დღემ უქმად ჩაიარა. ეშმაკმა შენიშნა, რომ ის დათრგუნულია, გადაწყვიტა, ამით ესარგებლა და ასეთი ზრახვა მოუვლინა: „ამდენი ხანია, ამ ქვას ვაწვები, ის კი ოდნავადაც არ დაძრულა ადგილიდან. რატომ ვწვალობ? ადგილიდან მის დაძვრას ხომ ვერასდროს შევძლებ“ - ამით შთააგონა, რომ მისი ამოცანა შეუსრულებელია, თავად კი – წარუმატებელი. ამ ფიქრებმა მას ღმერთისგან დავალებული სამუშაოს შესრულების სურვილი დაუკარგა.

„რატომ უნდა შევიწუხო თავი, – ფიქრობდა ის, – ქანცის გაწყვეტამდე ვმუშაობდი, მაგრამ შედეგი არ ჩანს, არ ჯობია, თავი დავზოგო და ოდნავ მივაწვე?“

დაგეგმა კაცმა, ასე მოქცეულიყო, მაგრამ მანამდე გადაწყვიტა, ელოცა და უფლის წინაშე დაეგმო საკუთარი განცდები:

– უფალო, დიდხანს და გულმოდგინედ გემსახურე, ძალები არ დამიზოგავს, რათა დავალება შემესრულებინა, მაგრამ ამდენი დრო გავიდა და ამ ქვის ოდნავ გადაადგილებაც კი ვერ შევძელი. რა გავაკეთე უჯეროდ, უფალო? რატომ არაფერი გამომდის?

მაშინ უფალმა გაგებითა და თანაგრძნობით უპასუხა:

– ჩემო მეგობარო, როდესაც გთხოვე, ჩემთვის გემსახურა, დამთანხმდი. მე გითხარი, რომ ქვას მთელი ძალით მისწოლოდი და შენც ასე მოქმედებდი. მე არასდროს მითქვამს, რომ შენგან ქვის ადგილიდან დაძვრას მოვიხთოვდი. შენ კი ახლა მოდიხარ ჩემთან დაუძლურებული და დათრგუნული და გგონია, რომ იმედები გამიცრუე და ამაოდ იშრომე, მაგრამ, განა, მართლა ასეა საქმე? შეხედე საკუთარ თავს! მხრები ძლიერი და ნავარჯიშები გაგიხდა, წელი და ხელები გაგიძლიერდა, ფეხები გამძლე და მტკიცე გაქვს. განუწყვეტელი ძალისხმევის შედეგად შენ გაძლიერდი და შენი შესაძლებლობები დღეს ბევრად აღემატება იმას, რაც სამუშაოს დაწყებამდე გქონდა.

მართალია, შენ ვერ დასძარი ეს ქვა ადგილიდან, მაგრამ მე შენგან მორჩილებას, რწმენასა და სასოებას მოველოდი და შენ ეს გააკეთე. ამიტომ, ახლა უფრო ძნელი და საჭირო საქმე შემიძლია, მოგანდო, ვიდრე ამ დავალების შესრულებამდე. ქვა კი, თუ ამის დიდი სურვილი გაქვს, ჩვენ ახლა შეგვიძლია, ერთად გადავაგოროთ!

* * *

უფროსები კარტს თამაშობდნენ, ხუთიოდე წლის გოგონა კი ბუხართან იწვა და თამაშს უყურებდა. უმანკო ბავშვებისთვის ზოგჯერ გაცხადებული ხდება ის, რაც, ჩვეულებრივ, მოკვდავთათვის უხილავია. ის ხედავდა, როგორ იდგნენ მოთამაშეების უკან ეშმაკები და თავიანთ ქარტიებში წერდნენ მათ ცოდვებს. ამ დროს, როგორც საერთოდ, აზარტული თამაშებისას ხდება, ჩხუბი ატყდა, ყველანი ილანძღებოდნენ, ყვიროდნენ და გოგონამ დაინახა, რომ ეშმაკებს ქაღალდი გაუთავდათ, ცოდვები კი იმატებდა და იმატებდა და ისინი ამ ცოდვებს, თათებსა და სხეულზე იწერდნენ. შუაგულ ჩხუბში ერთ-ერთი მოთამაშე ადგა და თქვა: „შემინდეთ, ძმებო!“ და ყველამ ერთხმად უპასუხა: „უფალმა შეგინდოს. ჩვენც შეგვინდე!“ და ამ დროს ეშმაკთა ქარტიებს ცეცხლი წაეკიდა, ცეცხლი წაეკიდა მათ თათებსა და სხეულზე დაწერილ ცოდვებსაც. ამის დანახვაზე გოგონამ სიცილი დაიწყო. ყველამ მას შეხედა. დაუწყეს გამოკითხვა და ბავშვმა უამბო, რას ხედავდა და რატომ იცინოდა.

დიდ არს ძალა უბრალო სიტყვებისა: „უფალო, შემინდე!“ – ამ სიტყვებით გამოისყიდება ჩვენი ყოველდღიური ცოდვები. „შემინდე“ – ზოგჯერ რა რთულია ამ სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ რა ადვილად იბრუნებს ჩვენი სული სიმშვიდეს მის წარმოთქმისას. ვისწავლოთ შენდობის თხოვნა და ერთმანეთის მიტევება, ამისკენ მოგვიწოდებს უფალი და წმიდა ეკლესია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული