რელიგია

უფლის გზაზე

№23

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 14.06

რელიგია
დაკოპირებულია

ერთმა ძმამ ბერს ჰკითხა:

– რა სათნოების მოხვეჭას ვეცადო, რომ მერე შევინარჩუნო და იმით ვიცხოვრო?

– გამიგონია, რომ მავანმა ბერმა ასეთივე კითხვა დაუსვა ამბა ნესტორს, რაზედაც ამბამ მიუგო:

– განა ყველა სათნოება ტოლფასი არ არის ღვთის თვალში? წმიდა წერილი ამბობს, რომ აბრაამი იყო სტუმართმოყვარე და ღმერთი იყო მასთან; ელიას უყვარდა მდუმარება და ღმერთი იყო მასთან; დავით იყო მშვიდი და ღმერთი იყო მასთან.

ასე რომ, გულისხმაჰყავ, რა სურს ღვთისმიერ შენს სულს და ის სათნოება შეითვისე და გული შენი დაიცავი.

* * *

ერთ მოხუც დედაკაცს სოფელში ღმერთი გამოეცხადა. ამის შესახებ მან მღვდელს მოუყვა. მღვდელი დიდად მზრუნველი იყო თავისი სულიერი შვილის სულზე და უთხრა:

– თუ მომავალშიც გამოგეცხადება ღმერთი, ჰკითხე მას, ჩემი ცოდვების შესახებ, რომლებიც მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცით. თუ სწორად გეტყვის, ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ ნამდვილად ღმერთი გეცხადება და არა ბოროტი.

ერთი თვის შემდეგ მღვდელი ეკითხება მოხუც ქალს:

– კიდევ გეცხადება ღმერთი?

მან თავი დაუქნია.

– დაუსვით შეკითხვა?

– დიახ, დავუსვი და მითხრა, მე დამავიწყდა შენი მღვდლის ცოდვებიო.

– ეს მართლაც ღმერთი ყოფილა, – ჩაილაპარაკა მღვდელმა.

* * *

ძმა იოანე ფიქრობდა: „მინდა, ანგელოზს ვგავდე. ისინი არაფერს აკეთებენ, გარდა ღმერთის ჭვრეტისა“.

იმავე ღამით მან დატოვა სცეტის მონასტერი და უდაბნოში გავიდა.

ერთი კვირის შემდეგ ისევ მონასტერში დაბრუნდა. ძმამ გაიგონა კარიბჭეზე მისი კაკუნი და იკითხა:

– ვინ არის?

– მე ძმა იოანე ვარ. მე მშიერი ვარ.

– ეს შეუძლებელია, – მიუგო მეკარემ, – ძმა იოანე უდაბნოშია და ანგელოზი ხდება. ის უკვე შიმშილს ვეღარ გრძნობს. მას არც მუშაობა სჭირდება თავის გამოსაკვებად.

– მაპატიე ჩემი ამპარტავნება, – შეევედრა ძმა იოანე, – ანგელოზები ადამიანებს ეხმარებიან, ეს არის ღვთის წინაშე მათი მსახურება და იმიტომაც ჭვრეტენ ღმერთის მშვენიერებას. მეც შემიძლია, იგივე მშვენიერება ვჭვრიტო ჩემს ყოველდღიურ შრომაში.

ამ მდაბალი სიტყვების შემდეგ ძმამ გაუღო მას კარიბჭე.

* * *

წმიდა ნიკოლოზ სერბი ერთ გლეხს იხსენებდა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა სიყვარულისა და ღვთის მცნებების შესრულების ტკბილი ნაყოფი. აი, რა უამბო მან მეუფეს: „ჩემსა და ჩემს მეზობელს შორის მტრობა აღმოცენდა, როგორც ეკალი. ერთმანეთს დასანახად ვერ ვიტანდით. როგორღაც, ზამთრის ერთ საღამოს ჩემი ვაჟი ახალ აღთქმას მიკითხავდა ხმამაღლა და როცა წაიკითხა მაცხოვრის სიტყვები: „კეთილი უყავთ თქვენს მოძულეთ“, მე ბავშვს ვუყვირე: „გეყოფა!“ მთელი ღამე ვერ დავიძინე, სულ ვფიქრობდი, როგორ შემესრულებინა ღვთის ეს მცნება. რამდენიმე დღის შემდეგ მეზობლის სახლიდან ხმამაღალი ტირილი გავიგონე, გავიკითხე და აღმოჩნდა, რომ საგადასახადო აღმსრულებლებს მეზობლის მთელი პირუტყვი წაეყვანათ ვალში. ელვასავით გამიელვა აზრმა: აი, მომცა უფალმა მეზობლისთვის სიკეთის გაკეთების საშუალება! მაშინვე სასამართლოში გავიქეცი, გადავიხადე ვალი იმ ადამიანისა, რომელსაც ყველაზე მეტად ვძულდი ამქვეყნად და დავუბრუნე მას თავისი საქონელი. როდესაც ეს ამბავი გაიგო, ის დიდხანს დადიოდა თავისი სახლის გარშემო. დაბნელდა თუ არა, დამიძახა. მე ღობესთან მივედი.

– რატომ მეძახდი, – ვკითხე.

ის პასუხად აქვითინდა, ძალა არ ჰქონდა, სიტყვა გამოეთქვა, მხოლოდ ტიროდა და ტიროდა. მას შემდეგ ჩვენ მკვიდრ ძმებზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული