რელიგია

უფლის გზაზე

№22

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.06

რელიგია
დაკოპირებულია

ერთმა წარმართმა თავის ბაღში სამუშაოდ მართლმადიდებელი მიიღო და უთხრა: „მე მიგიღებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ ქრისტეზე კრინტს არ დაძრავ“. მართლმადიდებელმა უპასუხა: „გპირდები!“ და სამი წელი ქრისტეს შესახებ სიტყვა არ უთქვამს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მონდომებით ასრულებდა თავის მოვალეობებს და სიმდაბლით იტანდა ყველა ცდუნებასა და სირთულეს. და აი, სამი წლის შემდეგ, წარმართმა ბაღის პატრონმა უთხრა: „მისმინე, მე მინდა, შენნაირი ვიყო! მომიყევი შენს ღმერთზე“. და მან ქრისტიანობა მიიღო. მასზე მომაქცევლად იმოქმედა ქრისტიანული ცხოვრების მაგალითმა.

* * *

ერთხელ ოპტინელ სქემმონაზონ ანატოლისთან (ზერცალოვი) ქალი მივიდა და განმარტოებით ცხოვრებაზე კურთხევა სთხოვა, რათა დაბრკოლების გარეშე ემარხულა, ელოცა და ხის შიშველ ფიცრებზე დაეძინა. ამბამ უთხრა:

– შენ ხომ იცი, ეშმაკი არ ჭამს, არ სვამს, მაგრამ ქვესკნელში ცხოვრობს, იმიტომ, რომ სიმდაბლე არ გააჩნია. ყველაფერში უფლის ნებას დაემორჩილე – ეს იქნება შენი ღვაწლი. თავი დაიმდაბლე ყველას წინაშე, ყველაფერში საკუთარი თავი დაადანაშაულე, მადლიერებით მიიღე ავადმყოფობა და წუხილი – ეს ყველა ღვაწლზე მაღლა დგას!

მეორე სულიერ შვილს, რომელმაც სახარებისა და ფსალმუნის შეძენაზე ითხოვა კურთხევა, ღირსმა ანატოლიმ ასე უპასუხა:

– იყიდე, მაგრამ მთავარია, გამუდმებით შეასრულო მორჩილება, თავი დაიმდაბლო და ყველაფერი დათმო. შენთვის ეს მარხვასა და ლოცვაზე აღმატებული იქნება.

* * *

ერთხელ ამბა ბესარიონი თავის მოწაფესთან ერთად ზღვის სანაპიროზე მიდიოდა. მოწაფეს ძლიერ მოსწყურდა და ამბას უთხრა:

– მამაო, წყურვილი მაწუხებს.

ამბამ ლოცვა აღავლინა და უთხრა:

– დალიე ზღვის წყალი.

სასწაულებრივად ზღვის წყალი მტკნარი გახდა და მან წყურვილი მოიკლა, მაგრამ შესვა თუ არა წყლის მომარაგება დაიწყო. ამბამ შეამჩნია და ჰკითხა:

– რატომ იმარაგებ წყალს?

მან უპასუხა:

– მაპატიე, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ წყურვილის შემთხვევაში მარაგი მქონდეს.

ამბამ შენიშნა:

ღმერთი როგორც აქ არის, ისეა სხვაგანაც.

* * *

ამბა ისააკ თებაიდელი მონასტერში მივიდა, დაინახა, რომ ძმა ცოდვაში ჩავარდნილიყო და განიკითხა.

როდესაც უდაბნოში დაბრუნდა, ნახა, რომ სენაკის კართან ანგელოზი ადგა და სენაკში არ უშვებდა. ამბა შეევედრა, ამის მიზეზი ეთქვა.

ანგელოზმა მიუგო: „ღმერთმა წარმომგზავნა, გკითხო, სად უბრძანებ მას დაცემული ძმის გამწესებას?“

ამბა ისააკი მაშინვე მიწაზე განერთხა და ღმერთს შეევედრა: „შევცოდე შენ წინაშე, შემინდე მე ცოდვილს!“

ანგელოზმა უთხრა: „წამოდექი, ღმერთმა მოგიტევა, მაგრამ ფრთხილად იყავი, ნურავის განსჯი იქამდე, ვიდრე ის ღმერთს თავად არ განუსჯია“.

* * *

ერთ-ერთ მონასტერში ერთმა ძმამ დიდი ცოდვა ჩაიდინა. მის განსასჯელად ერთ ბრძენ მეუდაბნოეს მოუხმეს. მას არ უნდოდა მოსვლა, მაგრამ ძმების დაჟინებულ თხოვნას ვერ გაუძლო და მონასტერში წამოვიდა. წამოსვლამდე კი სათლი აიღო, ფსკერზე ნახვრეტები გაუკეთა, ქვიშით აავსო და ეს სათლი მონასტერში წამოიღო. იღუმენმა სათლს ყურადღება მიაქცია და ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს.

– მე სხვის განსასჯელად მოვედი, – უპასუხა მეუდაბნოემ, – ჩემი ცოდვები კი მე მომსდევენ, როგორც სათლიდან ჩამოცვენილი ეს ქვიშა. მაგრამ რადგანაც მე უკან არ ვიხედები და არ შემიძლია საკუთარი ცოდვების დანახვა, ამიტომ შემიძლია სხვისი განსჯა.

ბერებმა მაშინვე გადადეს დანიშნული სასამართლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული