რელიგია

უფლის გზაზე

№21

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 31.05

ლოცვის შესახებ
დაკოპირებულია

პეტერბურგში კეთილი და მართლმორწმუნე დიდებული ცხოვრობდა. ჰქონდა სახლი და ჰყავდა უამრავი მეგობარი. საუბედუროდ, მას ცილი დასწამეს და ამის გამო ხელმწიფის არაკეთილგანწყობა დაიმსახურა. დიდგვაროვანი სამართალში მისცეს და პატიმრობა ემუქრებოდა. უბედური კაცი მწუხარებისგან ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა. მეგობრებმაც ზურგი აქციეს, რათა ხელმწიფის მრისხანება თავის თავზეც არ გამოეწვიათ.

ამ დროს პეტერბურგში ბალაამის მონასტრიდან მოშურნე მოღვაწე, მამა ნაზარი ჩამოვიდა. ის კარგად იცნობდა უბედურებაში ჩავარდნილ დიდებულს, მონასტრისთვის გაწეული ბევრი სიკეთე ახსოვდა მისგან და მივიდა, რათა მწუხარებაში ენუგეშებინა. ოჯახის დიასახლისი ფეხებში ჩაუვარდა მამა ნაზარს და შესთხოვა:

– ილოცე, მამაო, რომ ჩემი ქმრის საქმე კეთილად დასრულდეს.

– კარგი, – უპასუხა ამბამ, – რა თქმა უნდა, ღმერთს უნდა ვევედროთ, მაგრამ აუცილებელია ხელმწიფესთან დაახლოებულ პირებს შუამდგომლობა ვთხოვოთ. მომეცით ცოტაოდენი ფული, მე თქვენ მაგივრად ვთხოვ მათ ამის შესახებ.

ამბას ოქრო მიართვეს.

– არა, – თქვა მან, – ეს არ გამომადგება, სპილენძის ან ვერცხლის წვრილი ფული მომეცით!

მიართვეს ერთიც და მეორეც. მამა ნაზარმა აიღო ფული და წავიდა.

გვიან საღამოს ის დაბრუნდა დიდგვაროვანთან და მშვიდად უთხრა:

– მეფესთან დაახლოებული ყველა პირი დამპირდა თქვენს საქმეზე დახმარებას, დამშვიდდით და სასიხარულო ამბებს დაელოდეთ.

მართლაც, ამბა ჯერ კიდევ ავადმყოფის საწოლთან იჯდა, როცა ამ უკანასკნელმა თავისი საქმის კეთილად დასრულების ამბავი შეიტყო. ამ ცნობამ დადებითად იმოქმედა ავადმყოფზე. დიდგვაროვანი გამოჯანმრთელდა, მადლობას სწირავდა ამბას და სთხოვდა, ეთქვა, მეფესთან დაახლოებულ პირთაგან ვის მიუძღოდა ყველაზე დიდი ღვაწლი მისი უბედურების კეთილად დასრულებაში, ვისთვის უნდა ელოცა და გადაეხადა მადლობა. მხოლოდ მაშინ გაცხადდა, რომ მამა ნაზარი კერძოდ არავისთან მისულა: ის მთელი დღე ქალაქის ქუჩებში დადიოდა და გლახაკებს დიდებულისგან წამოღებულ ფულს ურიგებდა.

– ასე რომ, მადლობა ღმერთს უთხარით, – თქვა ბოლოს ბერმა, – ის გულმოწყლეა, ისმინა უბადრუკთა ლოცვა და კეთილ ხელმწიფეს შთააგონა, კიდევ ერთხელ გადაეხედა თქვენი საქმისთვის. ნუ დაივიწყებთ უფლის დიდებულებს – თქვენს კეთილისმყოფელებს, ღატაკებსა და უბადრუკებს. მათ ლოცვას უფლის წინაშე დიდი ძალა აქვს!

* * *

ერთხელ მავან ძმას ღამის ლოცვა ბაყაყის ყიყინმა დაურღვია. ყველა მისი მცდელობა, ყურადღება არ მიექცია ამ ხმისთვის, უშედეგოდ დამთავრდა. მაშინ მან ფანჯრიდან გასძახა:

– აბა, ჩუმად! უნდა ვილოცო!

ეს ძმა სიწმინდით გამორჩეული მოღვაწე იყო და მისი ეს თხოვნა მყისვე შერსულდა. ყველა სულიერი დადუმდა ირგვლივ, რათა მისი ლოცვისთვის არაფერს შეეშალა ხელი.

მაგრამ ამ დროს კიდევ ერთი ხმა გაისმა, რომელმაც ბერს ხელი შეუშალა უფლის დიდებაში. შინაგანმა ხმამ უთხრა:

– იქნებ ღმერთისთვის ამ ბაყაყის ყიყინის მოსმენა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე შენი ფსალმუნების კითხვა?

– როგორ შეიძლება, ბაყაყის ყიყინმა უფლის სმენა დაატკბოს? – დამცინავად უარყო ძმამ, მისი აზრით, მტრის ხმა.

მაგრამ ეს ხმა დანებებას არ აპირებდა.

– მაშ, შენი აზრით, რატომ შექმნა უფალმა ბგერა?

ძმამ გადაწყვიტა ამის გარკვევა. სარკმელში თავი გაყო და ბრძანა:

– იმღერეთ!

ჰაერი ბაყაყის მონოტონური ყიყინით აივსო, რომელსაც აკომპანიმენტად უახლოესი წყალსაცავების ბინადართა ხმები გასდევდა. ძმამ ხმებს ყური მიუგდო და გაღიზიანება გაუქრა. მან აღმოაჩინა, რომ თუ მათ არ ვეწინააღმდეგებით, ისინი მხოლოდ ამდიდრებენ ღამის სიჩუმეს.

ამ აღმოჩენისას მოღვაწე ბერის გულმა მთელს სამყაროსთან ერთობლივი ჰარმონია განიცადა და პირველად თავის სიცოცხლეში მიხვდა, რას ნიშნავდა ჭეშმარიტი ლოცვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა