რელიგია

უფლის გზაზე

№20

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.05

რელიგია
დაკოპირებულია

იყო ერთი მეტყავე, დაქვრივდა და ერთი შვილიღა დარჩა – ათიოდე წლის ბიჭი. და აი, შობის დღესასწაულის წინ შვილი ეუბნება:

– დღეს ჩვენთან სტუმრად მაცხოვარი მოვა.

– აბა, რას ამბობ?! – არ დაუჯერა მამამ.

– აი, ნახავ, თუ არ მოვა, ეს თვითონ მითხრა სიზმარში.

ელოდება ბავშვი ძვირფას სტუმარს, ფანჯარაში ხშირ-ხშირად იხედება, მაგრამ არავინ ჩანს. და უცებ ხედავს, იქვე, ქუჩაში ორი მისი ტოლა ბიჭი ერთ მათზე უმცროსს სცემს. ის კი დგას, წინააღმდეგობას არ უწევს. გამოვარდა გარეთ მეტყავის შვილი, მჩაგვრელები გააქცია, დაჩაგრული ბიჭი კი სახლში შეიყვანა. მამასთან ერთად დაბანა, დავარცხნა და დააპურა ნაცემი ბავშვი. ამის შემდეგ მეტყავის შვილი ამბობს:

– მამიკო, მე ორი წყვილი ჩექმა მაქვს, აი, ჩემს ახალ მეგობარს კი ფეხსაცმლიდან თითები აქვს გამოვარდნილი. მოდი, მე მას ჩემსას ჩავაცვამ, თორემ გარეთ საშინელი სიცივეა, თანაც დღეს დღესასწაულია!

– იყოს, როგორც შენ გინდა, – უპასუხა მამამ.

ჩააცვეს ბავშვს თექის თბილი ჩექმები და გახარებული გაუშვეს შინ.

გავიდა ცოტა ხანი, მეტყავის შვილი კი ფანჯარას არ შორდება, მაცხოვარს ელოდება სტუმრად. ამ დროს სახლთან გლახაკმა ჩამოიარა და მოწყალება ითხოვა:

– კეთილო ხალხნო! ხვალ ქრისტესშობაა, მე კი სამი დღეა არაფერი მიჭამია, დამაპურეთ ქრისტეს გულისთვის!

– შემოდი ჩვენთან, ბაბუა! – ფანჯრიდან მიიწვია ბიჭმა.

– ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს.

დააპურეს, დაარწყულეს იგი მამა-შვილმა და გლახაკიც გახარებული წავიდა მათგან.

ბიჭი კი ისევ ქრისტეს ელოდება, უკვე მოუსვენრობაც დაეტყო. დაღამდა. ქუჩაში ლამპიონები აინთო. აქამდე არცთუ ძლიერი ქარი უცებ ქარბუქში გადაიზარდა. ამ დროს ბიჭმა ყვირილი მორთო:

– შეხედე, შეხედე, მამა! ვიღაც ბავშვიანი ქალი სინათლის ბოძთან დგას ამ სიცივეში. გაითოშებიან საწყლები!

გამოვარდა მამა-შვილი გარეთ, შეიყვანეს შინ გაყინული დედა-შვილი, გაათბეს. მერე კი ერთად ივახშმეს. ბიჭი ამბობს:

– სად უნდა წავიდნენ ამ ყინვაში? ნახე, გარეთ როგორი ქარბუქია. მამი, მოდი, ჩვენთან დავტოვოთ ღამის გასათევად.

– აქ სად უნდა დაწვნენ? – ეკითხება მეტყავე.

– შენ, მამიკო, დივანზე დაწექი, მე – სკივრზე. ესენი კი ჩვენს ლოგინში დაწვებიან.

– კარგი, ეგრე იყოს.

დაწვნენ დასაძინებლად. ბიჭს დაესიზმრა, რომ მოდის მასთან მაცხოვარი და ალერსიანად ეუბნება:

– ჩემო კეთილო შვილო, ბედნიერი იყავი მთელი შენი ცხოვრება!

– უფალო, მე შენ დღისით გელოდებოდი, – დანანებით ეუბნება პატარა:

უფალი პასუხობს:

– მე შენთან სამჯერ მოვედი, ძვირფასო და სამივეჯერ მიმიღე, თან ისე გამიმასპინძლდი, რომ უკეთესს ვერც ვისურვებდი.

– არ ვიცოდი, უფალო, როდის იყო ეს?

– აი, არ იცოდი და მაინც მიმიღე! პირველად შენ ბიჭუნა კი არ იხსენი მჩაგვრელი ბიჭების ხელიდან, არამედ – მე. გმადლობ, ჩემო საყვარელო.

– მეორედ როდის მოხვედი, უფალო? მე სულ ფანჯარაში ვიმზირებოდი და ვერ შეგამჩნიე...

– მეორედ, როცა ის გლახაკი იწვიეთ ვახშმად, – მე ვიყავი. თქვენ მამასთან ერთად პურის ყუას ჭამდით, მე კი სადღესასწაულო ნამცხვრით გამიმასპინძლდით.

– მესამედ როდისღა, უფალო?

– მესამედ მე ღამეც კი გავათიე შენთან, ჩემს მშობელთან ერთად.

– ეს როგორ?

– ოდესღაც ჩვენ ეგვიპტეში გაქცევა მოგვიხდა ჰეროდესგან და შენ ახლა, თითქოს ეგვიპტის უდაბნოში გენახოს ჩემი მშობელი დედა, ისე იპოვე იგი სინათლის ბოძთან და სახლში შეიპატიჟე. საუკუნოდ ბედნიერი იყავი, ჩემო პატარავ!

გაიღვიძა დილით ბიჭმა და მაშინვე სტუმარი დედა-შვილი მოიკითხა.

ხედავს, სახლში მხოლოდ მამას სძინავს, სხვა არავინაა. ის თექის ჩექმები, უცხო ბიჭს რომ აჩუქა, ისევ თავის ადგილზეა, მაგიდაზე ხელუხლებელი სადღესასწაულო ნამცხვარი დევს. გულში კი ენით გამოუთქმელი და მანამდე განუცდელი სიხარული უღვივის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული