რელიგია

უფლის გზაზე

№19

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.05

რელიგია
დაკოპირებულია

საითაც ქარი წაგიღებს

ეკლესია გვასწავლის, რომ არსებობს სულიწმიდა, რომელიც არის მამისგან გამომავალი, სახიერი სახიერისგან, უკვდავი უკვდავისგან, ყოვლად ძლიერი ყოვლად ძლიერისგან, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისგან, ნათელი ნათლისგან, ცხოვრება ცხოვრებისგან. თქვენ კი გინდათ, რომ ადამიანებმა ამქვეყნიური სულით იცხოვრონ. მაგრამ ამქვეყნიური სული ცვალებადია, როგორც ქარი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვეულებრივი ქარი ძირფესვიანად თხრის და ანადგურებს ხეებს, ამ სოფლის სული კი ადამიანის სულს ღუპავს. ყველას რომ ამ სულით ეცხოვრა, ისინი ერთ წრეზე იტრიალებდნენ და ადრე თუ გვიან გარდაუვალად დაუბრუნდებოდნენ საწყის წერტილს.

ერთი ასეთი იგავი არსებობს მჭედლის შესახებ. მჭედელმა თავისი ვაჟი გაგზავნა ქვეყნად ისეთი ხელობის შესასწავლად, რომლის წყალობითაც მას სიბერეში შეინახავდა. გზაზე დამდგარს მამობრივი რჩევა მისცა: „ერთი წესი გახსოვდეს, რომელიც მოგზაურებს ეხმარება: წადი, საითაც ქარი წაგიყვანს!“ დაუჯერა შვილმა მამას, დაადგა გზას და მიდიოდა ქარის მიმართულებით. ბევრი იარა, სანამ კვლავ მამის სამჭედლოს წინ არ აღმოჩნდა. მამას გაუკვირდა, ვაჟმა კი უთხრა: „ნუ გიკვირს, შენმა რჩევამ მომიყვანა აქ, ყურადღებით ვუსმენდი ქარის ხმას და მივყვებოდი, როგორც მიბრძანე“. იმედგაცრუებულმა მჭედელმა შვილს უთხრა: „დარჩი აქ და ისწავლე ჩემგან, როგორც მე ვისწავლე მამაჩემისგან“.

მერწმუნეთ, ასევეა დროების სულთან, ანუ დროების ქართან მიმართებითაც. მიენდო რა ამ სულს, ევროპა თანდათან წარმართობაში ბრუნდება, რაზეც თავის დროზე უარი თქვა ქრისტიანული სარწმუნოების სასარგებლოდ. სანამ იცნობდა სულიწმიდას, მანამ ეძებდა და იღებდა ყოველივეს მისგან, ამიტომ მიდიოდა საღვთო ნათლისკენ და ყვაოდა. მაგრამ როგორც კი სიზარმაცით დროების სულის კვალზე სიარული დაიწყო, მაშინვე უკან მიტრიალდა. და ახლა სულ უფრო უახლოვდება ბნელი ოდინისა და პერუნის უღიმღამო სამჭედლოს.

მკრეხელის შესახებ

ერთი ოქრომჭედელი თავის სახელოსნოში იჯდა და მუშაობისას წამდაუწუმ ღმერთს ახსენებდა: ხან დასაფიცებლად, ხან, როგორც საყვარელ სიტყვას. მავანი მლოცველი ამ დროს წმიდა ადგილებიდან ბრუნდებოდა, სახელოსნოს გვერდზე ჩაიარა, გაიგონა ოქრომჭედლის სიტყვები და სულით აღშფოთდა. დაუძახა იუველირს და სთხოვა, რომ გარეთ გასულიყო, ხოლო, როცა ის გავიდა, მომლოცველი კუთხეში დაიმალა, ოქრომჭედელმა ვერავინ დაინახა და უკან შებრუნდა. მომლოცველმა ისევ დაუძახა. ასე განმეორდა სამჯერ. მეოთხედ, როცა მკრეხელი იუველირი გაავებული გამოვარდა გარეთ, იქ მდუმარედ მდგომი მომლოცველი დახვდა. იუველირი ყვირილით გაექანა მისკენ:

– რატომ მეძახი ტყუილად? ეს რა ხუმრობაა? მე ყელამდე საქმე მაქვს!

მომლოცველმა მშვიდად მიუგო:

– ჭეშმარიტად, უფალ ღმერთს შენზე მეტი საქმე აქვს, მაგრამ შენ მას გაცილებით მეტჯერ ახსენებ, ვიდრე მე შენ დაგიძახე. ვინ უნდა გაღიზიანდეს უფრო მეტად – შენ თუ ღმერთი?

შერცხვენილი იუველირი სახელოსნოში დაბრუნდა და მას შემდეგ ენა ყოველთვის კბილებით ეჭირა.

სიმდიდრის შესახებ

ერთ ქალაქში მდიდარი ვაჭარი ცხოვრობდა. მუყაითი იყო, ვაჭრობის საქმეც კარგად ესმოდა და დიდი სიმდიდრის დაგროვება შეძლო. როდესაც ეკითხებოდნენ, ამდენი ქონება რად გინდაო, პასუხობდა: „დღედაღამ ვშრომობ, ვცდილობ, ჩემი შვილები უზრუნველვყო, რომ მერე წვალება არ მოუწიოთ“. მის ვაჟებს ესმოდათ მამის მსჯელობა და გაზარმაცდნენ, შრომა მოიძულეს, მამის სიკვდილის შემდეგ კი მისი დანაზოგის გაფლანგვა დაიწყეს. იმქვეყნად წასულმა მამამ მოინდომა, ენახა, როგორ ცხოვრობდნენ მისი შვილები უშრომლად და უზრუნველად. უფალმა ნება დართო და გამოუშვა. დაბრუნდა ის თავის ქალაქში და თავის სახლთან მივიდა.

კარზე რომ დააკაკუნა, ვიღაც უცნობი გამოვიდა. როცა კაცმა შვილები მოიკითხა, უთხრეს, რომ უქმად ყოფნამ ისინი დროსტარებაში ჩაძირა. მერე იჩხუბეს, კაცი შემოაკვდათ და ახლა კატორღაში იხდიდნენ სასჯელს.

– ვაი ჩემდა! – შეჰყვირა თავზარდაცემულმა მამამ, – შვილებისთვის სამოთხის მოწყობა მსურდა, მაგრამ ჩემდა უნებურად მათთვის ჯოჯოხეთი გამიმზადებია.

უბედური მამა ქუჩაში გამოვიდა, კარდაკარ დადიოდა და მშობლებს რჩევას აძლევდა:

– ნუ იქნებით ჩემსავით უგუნურნი. შვილებისადმი უზომო სიყვარულით მე თავად ვუბიძგე მათ ჯოჯოხეთის ცეცხლისკენ. არ დაუგროვოთ, ძმებო, შვილებს ქონება, ასწავლეთ შრომა და მათთვის ეს იქნება ყველაზე უკეთესი მემკვიდრეობა. მთელი ქონება კი სიკვდილის წინ გლახაკებს დაურიგეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული