რელიგია

უფლის გზაზე

№12

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 30.03

რელიგია
დაკოპირებულია

ერთხელ, გვიან ღამით, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. მთელი ოჯახი – მამა, დედა და შვილები – მომხდარით შეძრწუნებულნი, ქუჩაში გამოვარდნენ და ცეცხლმოკიდებულ სახლს შესჩერებოდნენ. უცებ ყველა მათგანი მიხვდა, რომ მათ შორის არ იყო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი – ხუთი წლის ბიჭი. როგორც ჩანს, იგი, ცეცხლისა და კვამლისგან შეშინებული, იმის ნაცვლად, რომ ქვევით ჩასულიყო, კიბეზე ზემოთ გაიქცა. მის მოძებნაზე უკვე ოცნებაც კი აღარ შეიძლებოდა. მოულოდნელად ფანჯარა გაიღო და ბავშვის შიშისგან შეშლილი სახე გამოჩნდა. მამამ სასოწარკვეთით დაუძახა:

– გადმოხტი!

ბავშვი თავის წინ მხოლოდ კვამლსა და ცეცხლის ენებს ხედავდა და დაიყვირა:

– მამა, მე შენ ვერ გხედავ!

– სამაგიეროდ, მე გხედავ, ნუ გეშინია, გადმოხტი!

ბიჭმა მხნეობა მოიკრიბა, გადმოხტა და პირდაპირ მამის მკლავებში აღმოჩნდა.

სწორედ ასეთ რწმენასა და მინდობას ითხოვს ჩვენგან ღმერთი.

* * *

ბრძენმა მოწაფეს ჰკითხა:

– რაში მდგომარეობს ადამიანის ცხოვრების ყველაზე საშინელი ტრაგედია?

– ალბათ, იმაში, რომ ადამიანი ვერ პოულობს პასუხებს საკუთარ კითხვებზე, – უპასუხა მოწაფემ.

– არა, – მიუგო ბრძენმა, – იმაში, რომ ის ვერ ხედავს კითხვებს, რომლებზედაც პასუხი უნდა ეძებოს.

* * *

ახალგაზრდა, სიცოცხლის მოყვარე ადამიანი მივიდა მამასთან და უთხრა:

– მამა, გაიხარე ჩემთან ერთად, მე უნივერსიტეტში ჩავაბარე, იურისტი ვიქნები! როგორც იქნა, ვიპოვე ჩემი ბედნიერება!

– ძალიან კარგი, შვილო ჩემო, – უპასუხა მამამ, – ესე იგი, შენ ახლა ბეჯითად ისწავლი. შემდეგ რას აპირებ?

– 4 წლის შემდეგ უნივერსიტეტს წარჩინებით დავამთავრებ და დიპლომს ავიღებ.

– და შემდეგ? – ჩააჯინდა მამა.

– შემდეგ თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რათა, რაც შეიძლება, მალე გავხდე დამოუკიდებელი ადვოკატი.

– შემდეგ?

– შემდეგ დავქორწინდები, შევქმნი ოჯახს, გავზრდი და აღვზრდი შვილებს, დავეხმარები სწავლასა და კარგი პროფესიის ძიებაში.

– შემდეგ?

– შემდეგ დამსახურებულად დავისვენებ – გავიხარებ ჩემი შვილების ბედნიერებით და ტკბილ სიბერეში განვლი დღეებს.

– და რა იქნება მერე? – არ მოეშვა მამა.

– მერე? – ახალგაზრდა წუთით ჩაფიქრდა, – მუდმივად არავინ ცხოვრობს ქვეყანაზე. მერე, ალბათ, სხვებივით მეც მოვკვდები.

– და მერე? – ჰკითხა მოხუცმა მამამ, – ძვირფასო შვილო, რა იქნება მერე? – აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა მამამ.

ვაჟი კიდევ უფრო ჩაფიქრდა და თქვა:

– მადლობელი ვარ, მამა. ახლა გავიგე. მე მთავარი დამავიწყდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი