რელიგია

უფლის გზაზე

№5

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 09.02

რელიგია
დაკოპირებულია

ერთ პატარა ქალაქში მეზობლად ორი ოჯახი ცხოვრობდა. ერთ ოჯახში მეუღლეები მუდმივად ჩხუბობდნენ, დაუსრულებლად კამათობდნენ, ყველა უბედურებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, მეორე ოჯახში ცოლ-ქმარი კი სიამტკბილობით ცხოვრობდა, რომ იტყვიან, ერთმანეთს სულს უბერავდნენ და ხელისგულზე ერბოკვერცხს უწვავდნენ. უკვირდა ჭირვეულ დიასახლისს მეზობლის ბედნიერება და ერთხელ ქმარს ეუბნება:

– მიდი, ნახე, როგორ გამოსდით ასე მშვიდად, წყნარად და სიყვარულით ცხოვრება.

მოვიდა ქმარი მეზობელთან, ჩუმად შევიდა და მოფარებულ კუთხეში დაიმალა; უსმენს და აკვირდება, რა ხდება მეზობლის ოჯახში. ხედავს, დიასახლისი მხიარულ მელოდიას ღიღინებს, სახლს ალაგებს. აი, აიღო ხელში ძვირფასი ლარნაკი და მტვრისგან წმენდს. უცებ ტელეფონმა დარეკა და ქალის ყურადღება მიიქცია. სიჩქარეში ლარნაკი მაგიდის ზედ კიდეზე დადგა. ამ დროს ოთახში ქმარი შემოვიდა, მაგიდის უჯრაში რაღაცის ძებნა დაიწყო და გაუფრთხილებლად ლარნაკს შეეხო, ისიც გადმოვარდა და ხმაურით გატყდა.

„ჰო, ახლა აქ ამბავი ატყდება!“ – გაიფიქრა მეზობელმა.

შემოვიდა ცოლი, დანანებით ამოიოხრა და ქმარს ეუბნება:

– მაპატიე, ძვირფასო, დამნაშავე ვარ, ეს ლარნაკი ცუდად დავდე მაგიდაზე.

– არა, რას ამბობ, საყვარელო, ჩემი ბრალია, ვჩქარობდი და ყურადღება არ მივაქციე. არა უშავს, ჩვენი ჭირიც წაუღია.

გული შეეჭმუხნა მეზობელს. დაბნეული და გაკვირვებული დაბრუნდა სახლში.

– სად იყავი ამდენ ხანს? რა ქენი, გაიგე რამე?

– კი, გავიგე. იმათთან ყველა დამნაშავეა, ჩვენთან – ყველა მართალი.

* * *

ერთხელ ქალმა თავისი პატარა შვილი ამბასთან მიიყვანა.

– ჩემს შვილს რაღაც მოუვიდა, – დაიჩივლა მან, – მხოლოდ და მხოლოდ ფინიკს ჭამს, დილიდან საღამომდე, სხვას არაფერს იდებს პირში. რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

ბერმა ბავშვს შეხედა და დედას უთხრა:

– ჩემო კეთილო, დაბრუნდით სახლში. ხვალ ამ დროს კი მოდით ჩემთან და დაგეხმარებით.

მეორე დღეს ბერმა ბავშვი მუხლებზე დაისვა, გამოართვა ხელიდან ფინიკი და უთხრა:

– შვილო, გახსოვდეს, რომ ფინიკის გარდა ქვეყანაზე სხვა მრავალი გემრიელი საჭმელი არსებობს.

ამის შემდეგ დალოცა ბავშვი და დედას გადასცა.

გაკვირვებულმა ქალმა წყენით უთხრა:

– კი მაგრამ, რატომ გუშინ არ უთხარი ეს? რა საჭირო იყო ამ სიშორეზე ჩვენი მეორედ მოყვანა?

– კეთილო ქალო, – მიუგო ბერმა, – გუშინ მე არ შემეძლო შენი შვილისთვის დამაჯერებლად მეთქვა ის, რაც დღეს ვუთხარი, იმიტომ რომ გუშინ მე თვითონაც სიამოვნებით ვჭამდი ტკბილ ფინიკებს.

ამ იგავის აზრი მარტივია: დაიწყე საკუთარი თავიდან. ნებისმიერი რჩევა და შეგონება მაშინ იძენს სათანადო ძალას, როდესაც საკუთარი ცხოვრებითაა დადასტურებული.

* * *

მავანმა ძმამ ამბა პიმენს შეგონება სთხოვა. ამბამ უთხრა: „სანამ ქვაბი ცეცხლზე დგას და დუღს, ვერც ბუზი და ვერც ქვეწარმავალი მას ვერ ეკარება; ხოლო, როდესაც ქვაბი გაცივდება, მაშინ ყველანაირი სისაძაგლე თავისუფლად ეხვევა. მსგავსი ხდება ადამიანის შემთხვევაშიც: სანამ ის სულიერ ღვაწლში იმყოფება, მტერს მისი დამარცხების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული