რელიგია

უფლის გზაზე

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.12, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ერთხელ ერთი უცნაური შემთხვევის მოწმე გავხდი, რამაც ბევრ რამეზე ჩამაფიქრა და სევდა და წუხილი მომგვარა. არ ვიცი, როგორ მოიყარა უამრავმა ჭიანჭველამ თავი ჩვენს სამზარეულოში, ალბათ, რაღაც ტკბილი იყო დარჩენილი ან სხვა რამ, რასაც ისინი დასეოდნენ. მაშინვე მოვიმარჯვე ტილო და ხელის ერთი-ორი მოსმით ერთიანად ამოვწყვიტე. ვუყურებდი უთვალავი ჭიანჭველას ჩემგან მუსვრას და წარმოვიდგინე ღვთის უხილავი ხელი, რომელსაც ერთი მოსმით ან ერთი გაელვებით შეუძლია ამოწყვიტოს დედამიწაზე მისგან გაჩენილი ყოველი სულდგმული. თუ მე, მოკვდავ არსებას, შემეძლო, ასე იოლად, უცებ დამეხოცა იქ საიდანღაც გაჩენილი ამდენი ჭიანჭველა, რამდენჯერ უფრო იოლი იქნებოდა ნებისმიერი სულდგმულისა და მათ შორის, ადამიანთა მოსპობა ღვთისათვის, თუ მათი არსებობა მისთვის აღარ იქნებოდა საჭირო.

როცა ჭიანჭველებმა იგრძნეს დაღუპვის საფრთხე, აქეთ-იქით გაქცევას შეეცადნენ, რომ თავისთვის ეშველათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ჩემს თვალს არ ეპარებოდა მათი მოძრაობანი. მაშინ, რატომღაც წარმოვიდგინე, რომ მე მათ მივჩერებოდი ისე, როგორც მთელ დედამიწას დაჰყურებს უფლის ყოვლის მხილველი თვალი, რომელსაც არაფერი გამოეპარება და ვერც ვერავინ დაემალება მის მსჯავრს. შევყურებდი შეშფოთებულ და გაქცევის მოსურნე ჭიანჭველებს და მათ ადგილზე წარმოვიდგინე ღვთის ნებას დაშორებული, უფალთან ურჩობაში მყოფი ადამიანები, რომელთაც სურთ, გაექცნენ ღვთის განგებას, დაემალონ ღვთის ყოვლის მხილველ თვალს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, რადგან უფლის ხელთაა მთლიანად მათი არსებობა, მასზეა დამოკიდებული დასჯა თუ შეწყნარება მათი.

აქეთ-იქით გაქცეულ ჭიანჭველებსაც იოლად ვუსწორდებოდი ხელით და ბოლოს, როცა მივაჩერდი, დაცარიელებულ ადგილს ჩემ წინ, სადაც აღარაფერი იყო ნამცეცებად ქცეული, დახოცილი ჭიანჭველების მეტი, ამან, კმაყოფილებასთან ერთად, გულში რაღაც უცნაური სევდაც გამიჩინა. უამრავი ჭიანჭველადან ორიოდე წუთის წინ რომ ფუთფუთებდნენ მონდომებით, აღარცერთი აღარ იყო ცოცხალი. ამის ყურებამ ღვთის ყოვლისშემძლეობასა და საშინელ სამსჯავროზე დამაწყებინა ფიქრი. ისე ცხადად წარმომიდგა თვალწინ ღვთისგან ქვეყნიერების განსჯა, რომ უცნაური შიშიც კი დამეუფლა. რამდენჯერ უფრო მცირე და უღონოა ადამიანი ღმერთთან შედარებით, ვიდრე ჭიანჭველები ადამიანისთვის, და თუ მე ამდენი, ჩემთვის არასასურველი სულდგმულის ერთად მოსვრა შევძელი, რამოდენა სასჯელად და უბედურებად შეიძლება ექცეს ადამიანთა მოდგმას ღვთისგან დატეხილი რისხვა, თუ ისინი არასასურველნი შეიქნებიან მისთვის? რა კარგია ხსოვნა იმისა, რომ ადამიანი თავისით არ არის ამქვეყნად, რომ იგი ღვთისგან არის გაჩენილი და რომ მისი არსებობის მიზანსა და დანიშნულებასაც უფალი განსაზღვრავს. ამიტომ ისე უნდა იცხოვროს და ის უნდა აკეთოს, რაც ღვთისთვის მოსაწონი და სასურველი იქნება, რათა ბოროტისგან იყოს დაცული და მშვიდი და დაწყნარებული ცხოვრება ჰქონდეს.

ამ ერთმა, თითქოს უმნიშვნელო შემთხვევამ ქრისტეს მეორედ მოსვლა და ქვეყნიერების განსჯა წარმომიდგინა თვალწინ და მე სასოებით შევთხოვე უფალს, რომ დაეცვა ადამიანთა მოდგმა საშინელი რისხვისგან და თავადვე ეზრუნა მისი ხსნისა და გამარჯვებისთვის.

მიტროპოლიტი ზოსიმე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული