რელიგია

უფალს შეუძლია, ერთი ადამიანის ღიმილად იქცეს

№23

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.06

რელიგია
დაკოპირებულია

ღვთის საკვირველებებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ცხოვრებაში, ხან ისე ხშირად, რომ აღარც კი ვაქცევთ ყურადღებას და როგორც ჩვეულებრივ ამბავს, მას ისე ვხვდებით. ზოგჯერ ეს მაინც უცნაურობად იქცევა ხოლმე ჩვენთვის და ამის გამო დიდი გაკვირვება გვიპყრობს და ეს სამუდამოდ აღიბეჭდება ჩვენს ხსოვნაში, რათა ამან შემდგომში ხშირად გაგვახსენოს თავი. ერთი ასეთი ღვთიური გაცხადებისა თუ ცნობის მოწმე და მხილველი მეც შევიქენი, რამაც მომგვარა უცხო გაოცება და სიხარული, რის გახსენებასაც ახლა შევეცდები.

კვირის წირვას მუხრანის მაცხოვრის ტაძარში ვასრულებდი. გული უცნაურად მქონდა დამძიმებული, რისი მიზეზიც ისევ და ისევ იყო ადამიანთა გულგრილობა, უკრძალველობა და უსიყვარულობა ეკლესიისა და მისი სიწმიდეებისადმი. ეს იყო ადრეც ჩემი დარდი და ახლაც ამის გამო ვიყავი შეწუხებული. ძალიან არ მინდა ხოლმე, რომ წირვისას რამემ დამიმძიმოს გული, რაღაცით ვიყო შებოჭილი. მინდა, ყოველი არასასურველი ფიქრისა თუ ზრახვისგან გავითავისუფლო თავი. თავიდან მოვიშორო იგი, თუნდაც მცირე ხნით, გონებას რომ მირევს და დაძაბულობა და შფოთი შემოაქვს ჩემში. მაშინაც ბევრს ვეცადე, რომ როგორმე თავი გამეთავისუფლებინა შემაწუხებელი სიმძიმისგან, მაგრამ ვერაფერს გავხდი, ვერაფრით დავაღწიე ამ სევდასა და წუხილს თავი. სასურველ სიმშვიდეს ვერ მივაგენი. რაღას ვიზამდი, ასე გულდამძიმებული და სევდიანი შევუდექი წირვის შესრულებას და უფალს მივაწოდე ყველაფერი. მხოლოდ მას შეეძლო ნუგეშისცემა ჩემი, იმ სიმძიმეთა შემსუბუქება, მე რომ ვატარებდი შიგნით. თუმცა ზოგჯერ ვერც უფლისგან იღებს კაცი ამ ნუგეშს და ისღა დარჩენია ყოველივე ზიდოს მოთმინებით.

როგორი მძიმე ხდება ასეთ დროს უფალთან ურთიერთობა, როგორ ძნელად შემოდის იგი კაცის გულში, რადგან აქ სხვა სიბნელე და სიმძიმეა დასადგურებული. როცა ვეღარაფერს ხდება კაცი, როცა ეწურება უკეთესობის იმედი, თავის მდგომარეობასა თუ ხვედრს თითქოს კიდეც ეგუება. მას ნებდება და მიუყვება მოთმინებით, მაგრამ უფალი, დიდება მის სახელს, არ ტოვებს უნუგეშოდ, წუხილს სიხარულით უცვლის, საიდანღაც აგრძნობინებს თავს და იქიდან, უცხო და უვალი გზით, შვება და სიმშვიდე შეაქვს მის გულში და კაცი ხდება მორიგი საკვირველების მოწმე და იწყებს უფლის ქებასა და დიდებას სიყვარულით.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი, როგორ მაგრძნობინა მან თავი, როგორ შემოვიდა იგი ჩემში და ტკივილი და უნუგეშობა როგორ შემიცვალა სიმშვიდითა და სიხარულით.

წირვისას, როცა ხალხი უნდა დამელოცა ჯვრის გარდასახვით და ამისთვის მრევლისკენ კიდეც შევბრუნდი, უცებ თვალში მომხვდა მუხრანელი გოგონას, მაიას გულწრფელი და ალალი ღიმილი, რომლის მსგავსი ნაკლებად შემხვედრია ცხოვრებაში. მე არ ვიცი, ვის უღიმოდა ის ან ვის მისჩერებოდა ასეთი დიდი სიყვარულით, რომ თვალში მომხვდა უდიდესი სიკეთე, სახეზე რომ ჰქონდა აღბეჭდილი. ასეთი სუფთა, ასეთი წრფელი და ალალი ღიმილით სავსე სახე მე ძნელად თუ დამინახავს ადამიანებში. ეს გოგონა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გულკეთილობითა და უშუალობით, ამიტომ მის მიმართ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. მაგრამ ახლა მას სახეზე აჩნდა სულ სხვანაირი ღიმილი, ეს არ იყო მარტო ადამიანური გაღიმება ან სიხარული, ასე მგონია, რომ მაშინ მისი სახით იღიმებოდა თვით უფალი. ეს არ იყო სიკეთე და სილამაზე ადამიანური, ამქვეყნიური, ეს უფრო ღვთიური მადლით გაცისკროვნებულ სახეს ჰგავდა, რისთვისაც არ შეიძლებოდა, მოგეწყვიტა თვალი.

სწორედ მაშინ ვიგრძენი ეს უცხო სიკეთე თუ სიხარული, როგორ გადმოვიდა ჩემში, მოიცვა მთელი ჩემი არსება, დააცხრო დაძაბულობა და ტკივილი ჩემში არსებული და სანატრელი სიმშვიდითა და სიხარულით შემიცვალა იგი. სად გაქრა ის მტანჯველი დაძაბულობა თუ ტკივილი, არ ვიცი, ასე უცებ როგორ შეიცვალა ჩემი მდგომარეობა სასიკეთოდ ადამიანის ერთი გულწრფელი ღიმილით?

ნამდვილად საკვირველია უფალი და საქმენი მისნი, მან თავისი სახიერება იმ დღეს ნამდვილად გამიცხადა მუხრანში და მე ამისთვის ვმადლობდი მას გულით. უფალს შეუძლია, იქცეს ერთი ადამიანის ღიმილად და იქიდან დაგანახვოს თავი და არა მარტო დაგანახვოს, გული გაგითბოს მისეული სიყვარულით და ყველა დარდი და ტკივილი სულისა შეგიცვალოს სანატრელი შვებითა და სიხარულით.

ეს ნამდვილად იყო დიდი ნუგეში ჩემთვის, იმ დღეს მე მუხრანელი მაიას ღიმილში დავინახე უფალი.

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა