რელიგია

უგუნური მდიდარი

№45

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 15.11

რელიგია
დაკოპირებულია

და უთხრა მას ვიღაცამ ხალხიდან: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მე მემკვიდრეობა. ხოლო მან უთხრა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე თქვენზე მსაჯულად ან გამყოფელად. და უთხრა მათ: გაუფრთხილდით და დაიცავით თავი ყოველგვარი ანგარებისგან, რადგან ვერავინ ცხონდება თავისი გადამეტებული ქონებით. და უთხრა იგავი მათ და თქვა: ვიღაც მდიდარ კაცს ჰქონდა ნაყოფიერი მიწა. და ფიქრობდა თავის გულში და ამბობდა: რა ვქნა, რადგან არა მაქვს ადგილი, სადაც შევაგროვებ ჩემს ნაყოფს. და თქვა: ამას გავაკეთებ – დავანგრევ ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ნაყოფს და ჩემს სიკეთეს და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, გაქვს მრავალი სიკეთე დაუნჯებული მრავალი წლისთვის; დაისვენე, ჭამე, სვი, გაიხარე. და უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამ ღამეს სულს ამოგართმევენ შენ და რაც მოამზადე, ვისი იქნება? ასევე, არის ის, ვინც იუნჯებს თავისთვის და მდიდრდება არა ღვთისთვის.

ლუკა 12, 13.

* * *

ის, ვინც მდიდრდება და ღმერთს ივიწყებს, მხოლოდ თავის სიამოვნებაზე იწყებს ფიქრს, ვისაც ამ მწარე ხვედრის თავიდან აცილება სურს, თავისთვის კი არ უნდა იხვეჭდეს სიმდიდრეს, არამედ ღვთის მიერ უნდა მდიდრდებოდეს. რადგანაც ადამიანს სიმდიდრე ღმერთისგან ეძლევა, ამიტომ მან ეს სიმდიდრე ღმერთს უნდა მიუძღვნას და მაშინ იქნება ეს სიმდიდრე წმიდა. რაც საჭიროზე მეტი გაქვს, გაუყავი გაჭირვებულებს, მაშინ გამოვა, რომ ღმერთისგან მოცემულს, ღმერთსვე უბრუნებ. ვინც გლახაკს აძლევს, ის ღმერთს მიუბოძებს. ასეთი ადამიანი თითქოსდა ქონებას ხარჯავს და აკლებს, მაგრამ სინამდვილეში ის ჭეშმარიტად მდიდრდება, მდიდრდება საქმეებით, მდიდრდება ღვთისთვის, ღვთის სათნომყოფელობით, მდიდრდება ღმერთით, იზიდავს მის კეთილგანწყობას, მდიდრდება ღმერთისგან, რომელიც მცირედში სანდოს უფრო მეტს ანდობს; მდიდრდება ღმერთისთვის და არა თავისთვის, რადგან არ მიიჩნევს თავის თავს ამ სიმდიდრის პატრონად, არამედ მხოლოდ მის ზედამხედველად და განმკარგველად, რომლის მოვალეობაც არის, დააკმაყოფილოს მასთან მისული ყველა გაჭირვებული, ხოლო საკუთარ თავზე რომ ზედმეტი დახარჯოს, ამისი ეშინია, რადგან მიაჩნია, რომ ეს იქნება არამართებული გამოყენება მისთვის რწმუნებული ქონებისა.

წმიდა თეოფანე დაყუდებული მდიდარი და ლაზარე

ერთი კაცი იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონით და მხიარულობდა ყოველდღე ბრწყინვალედ. და ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, დავრდომილი იყო მის კარიბჭესთან, დაწყლულებული და უნდოდა გამძღარიყო მდიდრის ტაბლიდან გადმოცვენილი ნამცეცებით, მაგრამ ძაღლებიც მოდიოდნენ და მის წყლულებს ლოკავდნენ. მოკვდა გლახაკი და მიიყვანეს იგი ანგელოზებმა აბრაამის წიაღში. მოკვდა მდიდარიც და დაიმარხა და ჯოჯოხეთში აახილა თავისი თვალები და იყო რა ტანჯვაში, დაინახა აბრაამი და ლაზარე – მის წიაღში და მან შეჰყვირა და თქვა: მამაო აბრაამ, შემიწყალე მე და გამოგზავნე ლაზარე, რათა ჩაყოს თითის წვერი წყალში და გამიგრილოს ენა, რადგან ვიტანჯები ამ ალში. ხოლო აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე, რომ მიიღე სიკეთე შენს ცხოვრებაში და ლაზარემ მსგავსადვე – ბოროტება; და ახლა აქ ეს ნუგეშცემულია, ხოლო შენ ისჯები. და ყოველივე ამასთან, ჩვენსა და შენ შორის დიდი უფსკრულია, რადგან ვინც მოისურვებს გადასვლას აქედან თქვენთან, ვერ შეძლებს და ვერც მანდედან გადმოვა ჩვენთან. და უთხრა კაცმა: გთხოვ შენ, მამაო, რომ გაგზავნო იგი მამაჩემის სახლში, რადგან მყავს ხუთი ძმა და დაარწმუნოს, რომ ისინიც არ მოვიდნენ ტანჯვის ამ ადგილზე. და უთხრა მას აბრაამმა: ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი, მათი ისმინონ. ხოლო მან უთხრა: არა, მამაო აბრაამ, არამედ მკვდართაგან თუ ვინმე მივა მათთან, შეინანებენ. და უთხრა აბრაამმა მას: თუ მოსესა და წინასწარმეტყველებს არ უსმენენ, მკვდრეთით თუ ვინმე აღდგება, არც იმისას ირწმუნებენ.

ლუკა 16, 19-31.

* * *

მდიდრისა და ლაზარეს შესახებ იგავში იმქვეყნიურ ცხოვრებას ეხსნება ფარდა და საშუალება გვეძლევა, გავაცნობიეროთ მიწიერი ყოფიერება მარადიულობის პერსპექტივაში. ამ იგავის შუქზე ჩვენ ვხედავთ, რომ მიწიერი სიკეთეები წარმოადგენს არა იმდენად ბედნიერებას, რამდენადაც ჩვენი უნარის გამოცდას – თუ რამდენად შეგვიძლია მოყვასთა შეყვარება და მათთვის დახმარების გაწევა. „თუ ამ ცრუ და უსამართლო სიმდიდრეში უნდონი იყავით, – ამბობს უფალი წინა იგავის დასკვნაში, – ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?“ ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ არ ვიცოდით, როგორ განგვეკარგა სწორად ახლანდელი მოჩვენებითი სიმდიდრე, მაშინ არა ვართ ღირსნი, მივიღოთ ღმერთისგან ჭეშმარიტი სიმდიდრე, რომელიც ჩვენთვის განკუთვნილი იყო მომავალ ცხოვრებაში. ამიტომ ხშირად შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ჩვენი მიწიერი სიკეთენი, ფაქტობრივად, ღმერთის კუთვნილებაა. მათი საშუალებით ის ჩვენ გვცდის.

ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა