რელიგია

თუ ღმერთი მუდმივად აბრუნებს ადამიანს სწორ გზაზე, რით გამოიხატება მისი თავისუფალი ნება

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 26.05

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

თუ ადამიანი ასცდება თავისი განვითარების მართებულ გზას, სხვა ადამიანებისა თუ მოვლენების ზეგავლენით, რომლებიც ხანდხან საკმაოდ უსიამოვნო და ტრაგიკულიცაა, შემოქმედი მას აუცილებლად დააბრუნებს. მეორე მხრივ, ადამიანს, ყველა სხვა, სულიერი თუ უსულო, ქმნილებისგან განსხვავებით, თავისუფალი ნება აქვს და, რასაც სჩადის, ეს მისი არჩევანია. ამ წინააღმდეგობრივ საკითხზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თუ მაინც იმ გზაზე დამაყენებს ღმერთი, რომელიც ჩემი გასავლელია, ჩემი თავისუფალი ნება სადღაა?

– თავისუფალი არჩევანის თემა ის საჯილდაო ქვაა, რომელიც აწუხებს ყველა დროის ფილოსოფოსს, თეოლოგს, მოაზროვნესა თუ, უბრალოდ, ადამიანს. სვამენ ამ კითხვას და ვერ ერევიან. მართლაც ძალიან რთული საკითხია: თუკი ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მაშინ რატომ არ შეუძლია, განაგოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც უნდა?! თუ მხოლოდ ღმერთი განსაზღვრავს, მაშინ თამაშია ეს ყველაფერი; თუნდაც, ის, იცოდა თუ არა ღმერთმა, რა მოჰყვებოდა ადამისა და ევას შეცოდებას?! თუ ვიტყვით, რომ არ იცოდა, მაშინ ღმერთი ყოვლისმცოდნე არ გამოდის; თუ ვიტყვით, იცოდა, მაშინ რატომ არ შეუშალა ხელი, რომ ამდენი ტრაგედია არ მომხდარიყო, რაც 6 000 წელია, გრძელდება?! ისიც კი წერია, წარღვნის დროს ღმერთმა ინანა და წუხილმა მოიცვაო... რას ნიშნავს ღმერთის სინანული?! არ გამოუვიდა?! არასრულყოფილად შექმნა?! ზედაპირულად თუ შევხედავთ, ადამიანის წარმოდგენაში ღმერთი, მართლაც, ბრაზიანი, ეჭვიანი, შურიანი, ბოღმიანი და დამსჯელია, მაგრამ სწორედ ამ ურთულესი საკითხის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული ჩვენი ზრდა. ადამიანს ეს კითხვები რომ არ გასჩენოდა, ის თავისუფალი ნების მქონე ღვთიური არსებაც არ იქნებოდა. იმიტომაც გადადის ეს საკითხი სხვა ჭრილში, რომ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული. ის, რომ ღმერთი ბურუსით მოცული გაურკვევლობით ვლინდება ჩემთვის, ღმერთის არასრულყოფილებასა და მის საეჭვო ბუნებას კი არ ავლენს, არამედ ჩემი აღქმის უმწიფრობას. იქნებ თავისუფალი ნების არსი ისაა, რომ უნდა გავიდეთ იმ აბურდულობიდან, უსამართლობიდან და სიმკაცრიდან, რაშიც ადამიანი მოექცა?! როგორ მოვიქცეთ, რომ ადამიანის თავისუფალი ნებაც დარჩეს და ის მხოლოდ ტიკინა არ იყოს, ხოლო იმავდროულად, ღმერთის ყოვლადმოწყალე ნებაც გამოვლინდეს?! აი, ამას უწოდებენ ებრაელი კომენტატორები „ღმერთის დაბნელებას“, როდესაც ღმერთი განზრახ გვაკლებს თავის თანდასწრებას, რათა ადამიანმა ეძებოს ღმერთი! ღმერთმა შესაძლებლობად შექმნა ადამიანი და მას თავისუფალი ნება მიანიჭა, რომ ამ სიბნელეში, გაურკვევლობასა და სტიქიების გარემოცვაში ხელის ცეცებით იპოვოს გზა (ადამიანს აქვს სამართლის შეგრძნება, იმიტომ რომ ღვთის ხატია) რეალობაში, რომელშიც დამალულია ღმერთი და მას მიემსგავსოს. გამოდის, რომ ეს შეზღუდულობა, გაურკვევლობა, ბრძოლები დროებითაა დაშვებული, რათა ადამიანს შეუწყოს ხელი, რომ მისი არჩევანი იყოს თავისუფალი.

– გზიდან თუ გადავუხვევ, მირტყამს პრობლემებით, მაგრამ ყველა ხვდება ამას და ვინც ხვდება, დარტყმების მიზეზს სწორად ხვდება?

– მშობელი რომ ბავშვს ეუბნება, შიშველ სადენს ხელი არ მოჰკიდოო, ეს ბავშვის ნების შეზღუდვაა?! თუ მშობელი არ დასჯის, მაშინ თავად სადენი, ანუ დენი დასჯის ბავშვს, ამიტომ მშობელი აფრთხილებს მას, რაც დაეხმარება, რომ ბავშვი განვითარდეს. „სკოჩით“ შეკრას ღმერთმა ადამიანი, რომ ხიფათი არ მოიწიოს?! გაფრთხილებაში ორივე ნება გამოვლენილია: ღმერთის ნება, რომელიც ფართოდ ხედავს და ადამიანის ნება, რომელიც ყველაფერს ვერ ხედავს. ძალიან თუ შეზღუდავდა ღმერთი ადამიანს, მაშინ ის ვერ გატოკდებოდა, მონად იქცეოდა ან ლაჩრად; ძალიან თუ დაშორდებოდა, მაშინ ადამიანი დაზიანდებოდა ან დაიღუპებოდა. ამდენად, ღმერთის უფრო დიდი ხედვა ადამიანს სთავაზობს, მაგრამ არ ზღუდავს, მაგრამ ადამიანის თავისუფალი ნება რომ დააზღვიოს, მოაქცია ჩარჩოებში: მიუშვა, მაგრამ დატოვა სივრცე, რომ ადამიანის არჩევანმა ნაყოფი მოისხას; მოიმკას ის, რა არჩევანიც (მე ვიქნები ჩემი თავის ღმერთი!) გააკეთა. ადამიანს, როგორც ღვთის ხატს, სჭირდება სივრცე და დრო, რომ თავისი ფანტაზიით (როგორც ღმერთმა) შექმნას თავისი სამყარო, მაგრამ ღმერთმა იქვე მორჩილებაც დაუწესა, რადგან ამას რომ მიაღწიო, უნდა იცოდე შენი თავის შეზღუდვაც – ადამიანი ღმერთი არ არის, მან უნდა მიაღწიოს ღმერთობას; არა-ს თქმაც უნდა იცოდეს და კი-საც. ადამიანმა ღმერთის მიერ მოცემული სივრცე ამოავსო თავისი ჭკუით შექმნილი მოქმედებებით, სიტყვით, სისტემებით. ანუ ორივე მხარე დაკმაყოფილდა: ღმერთმა ადამიანს მისცა ნება, გააკეთე, რაც გინდა; ხოლო ადამიანმა თავისუფლად იმოქმედა და მოიმკა ის, რომ აქ სიცოცხლე არ არის, ყველაფერს აკეთებს და მაინც უბედურია, ამიტომ გონს მოდის და ირჩევს მორჩილების გზას, როგორც ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ჭეშმარიტი ღმერთის ნებაში თავისი მოსურვებით დაბრუნების გზას. რას ნიშნავს ღმერთის მორჩილება? ვსწავლობ მისგან, როგორ გავიაზრო სიცოცხლე, ვიზრდები ღმერთში და ამით მივემსგავსები მას; და ჩემი ნება არ ჩაქრება ღმერთის ნებაში, იმიტომ რომ მე ჩემი ნებით გამოვიზარდე და მიყვარს ღმერთი, როგორც პიროვნებას. ღმერთმა მოაშორა ადამიანს თავისი თანდასწრება და დაუტოვა წუთისოფელი, როგორც ნების გამოვლინების საშუალება, რამაც გააჩინა ბოროტის შემოსვლის საშიშროება, მაშასადამე, ღმერთმა დაუშვა ბოროტების შემოსვლის ალბათობაც. ანუ ღმერთმა კი არ შექმნა ბოროტი, არამედ დროებით დაუშვა ბოროტება, რათა ადამიანმა, თავისი ნებით, აირჩიოს ღმერთი! დროებით დაუშვა ღმერთმა ბოროტება, რომ ადამიანს თავისი უმწიფრობით მოემკა ტკივილები; სამაგიეროდ კი, ის იქიდან ამოიზრდება (ღვთის ხატობა მას არ გააჩერებს ამ არაბუნებრივ მდგომარეობაში); ხოლო ის, ვინც ამ უმწიფრობიდან ამოიზრდება, იქნება თავისუფალი პიროვნება, მარადიული ღმერთი, რაც უსასრულოდ დიდია, ვიდრე დროებით დაშვებული ბოროტებით მოყენებული ტკივილი. ტანჯვა ის კი არ არის, რომ ღმერთი დროებით გაწამებს და გტკენს, რომ მერე მარადიულად კარგად იყო?! არა! ტანჯვა დაშვებულია, იმიტომ რომ შეუძლებელია, ადამიანმა არ დაუშვას შეცდომები და თავისი შეცდომების ნაყოფად ტანჯვა არ მოიმკას; წინააღმდეგ შემთხვევაში ის რობოტი უნდა იყოს ან თავშივე სრული – თავშივე სრული კი ღმერთის კლონია. ადამიანის არასრულყოფილების შედეგია ომები, შფოთი, სისხლის ღვრა, მაგრამ ეს მხოლოდ მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ბოროტებისთვის ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...