ცოდნა სიკეთის გასამრავლებლად
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.03

სკოლაში სწავლისას იმ მასწავლებლის მიმართ მქონდა გამორჩეული პატივისცემა და რიდი, ვინც იყო მომთხოვნი და თუ გნებავთ, მკაცრი, ვინც ნამდვლად აფასებდა ცოდნას და შეგნებულად ირჯებოდა კიდეც ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენთვის ცოდნის გაღრმავებისთვის, როგორც ხდება ხოლმე, ზოგიერთებს არ უყვარდათ ასეთი პედაგოგები, უფრო შიში ჰქონდათ მათი, რათა ისინი უცოდინარობასა და სიზარმაცეში არ ემხილებინათ. მე კი, პირიქით, სწორედ ასეთი მომთხოვნი მასწავლებელი მიზიდავდა და მის საგანსაც მეტი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ვსწავლობდი. პედაგოგის მომთხოვნელობა და სიმკაცრე ნამდვილად მეხმარებოდა სწავლაში, ცოდნის შეძენასა და წინსვლაში და არა მარტო სწავლაში, ჩემს სულიერ განვითარებაშიც, რადგან მე მას შევყურებდი, როგორც ღვთისაგან დადგენილს, ვისაც ჩემი გონება და გული ცოდნითა და სიკეთით უნდა გაენათლებინა.
დაწყებითი განათლება მივიღე ქალაქის ერთ-ერთ უძველეს სკოლაში, რომელსაც მაშინ უძღვებოდა ცნობილი მოღვაწე პედაგოგი გიორგი კობახიძე, რის გამოც სკოლასაც ხშირად მისი სახელით მოიხსენიებდნენ. ის ერთ-ერთი მოწინავე და გამორჩეული სკოლა იყო იმ დროს. სკოლის დირექტორს ყველა იცნობდა, როგორც მკაცრ და მომთხოვნ პიროვნებას. ვის მიმართაც ყველას მოკრძალება და შიში ჰქონდა. რას არ ყვებოდნენ მის სიმკაცრეზე, რომ ის იყო საოცრად მომთხოვნი, წესრიგისა და დისციპლინის დიდი მოყვარული. სწორედ მისი წყალობით, შრომითა და გარჯით სკოლა ერთ-ერთ სანიმუშოდ ითვლებოდა მთელ ქალაქში. მეამაყებოდა კიდეც, რომ იქ ვსწავლობდი და დირექტორისადმი დიდ მოკრძალებასა და პატივისცემას ვგრძნობდი, თუმცა მე მას ახლოს არ ვიცნობდი, მას მხოლოდ შორიდან თუ მოვკრავდი თვალს და ვერიდებოდი.
აბა, რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე, მას გაკვეთილებზე, როგორც ჩვენს მასწავლებელს, ისე შევხვდებოდი. მე-6 კლასში ვიქნებოდი, როცა გვითხრეს, რომ ფიზიკის სწავლებას ჩვენს კლასში სკოლის დირექტორი უნდა გაძღოლოდა და ჩვენ მისადმი მეტი მოკრძალება და მორიდება უნდა გამოგვეიჩნა. ყველას შიში დაგვეუფლა, გვეგონა, რომ დირექტორთან სიახლოვე შეიძლება, ბევრისთვის დაბრკოლებად ქცეულიყო. მაგრამ ეს შიში და დაძაბულობა მალე გაგვეფანტა, როცა ჩვენ მის გაკვეთილს დავესწარით. სინამდვილეში იგი ბევრად უფრო თბილი და შემწყნარებელი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე მასზე სხვებისგან გაიგონებდით. ის ყველას კეთილი მამასავით გვეპყრობოდა, იმდენად ლმობიერი და თბილი იყო ბავშვებისადმი, რომ ცოტა მგონი, გავუთამამდით კიდეც, როგორც შვილებმა იციან ხოლმე მამასთან ურთიერთობაში. იგი მკაცრი იყო ზარმაცებისა და უსაქმურობისადმი, მაგრამ საოცრად ლმობიერი და შემწყალებელი – თვით ადამიანისა და მისი სისუსტეებისადმი. ერთხანს მიკვირდა კიდეც, ნუთუ ეს იყო ის ადამიანი, ვის სიმკაცრესა და შეუბრალებლობაზეც საუბრობდნენ ზოგიერთები და შიშსა და უნდობლობას სთესდნენ ირგვლივ?
თანდათან ვირწმუნე, რომ ის სინამდვილეში ისეთი იყო, როგორსაც გაკვეთილებზე ვხვდებოდით, როგორიც იყო ბავშვებთან ურთიერთობაში, სადაც პოულობდა მეტ სიკეთესა და უბოროტობას, რასაც დიდად უფრთხილდებოდა იგი, მკაცრი და ზედმეტად მომთხოვნი კი მართლა იყო იმათთან, ვინც ვერ ერთგულებდა სიკეთეს და არც ირჯებოდა მისი მოფრთხილებისთვის. და მე უკვე აღარ მძაბავდა მისი შემოსვლა კლასში და მასთან ურთიერთობანი, რადგან მისი სახით მზრუნველ მამასა და კეთილ მასწავლებელს ვხვდებოდი. სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა მასთან ჩვენ სიახლოვე, რადგან მოუცლელობის გამო, რაღაც დონის შემდეგ სხვა მასწავლებელმა შეითავსა მისი საათები და ჩვენ სკოლის დირექტორს უკვე იშვიათად ვხვდებოდით.
ჩემი ადრინდელი დამოკიდებულება სკოლის მასწავლებლებთან იმიტომ გავიხსენე, რომ დღეს საოცრად შეცვლილია ურთიერთობანი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მოკრძალება, პატივისცემა და რიდი, ჩვენ რომ გვქონდა ჩვენი აღმზრდელებისადმი, დღეს ლამის დაკარგულია თანამედროვე სკოლაში, რამაც შედეგად მოიტანა საერთოდ სწავლა-განათლების გაუფასურება ცხოვრებაში. ასე მგონია, რომ ჩვენ ვერ გავუფრთხილდით კაცობრიობის მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას, სწავლა-განათლება რომ ეყრდნობოდა უწინ. დღეს მოკრძალებასა და პატივისცემას აღმზრდელებისადმი ბევრი თავის მოვალეობად აღარ მიიჩნევს და ამ საფასეებს მოკლებული ცოდნა და განათლება, სიკეთეს არის დაშორებული. ცოდნა კი სიკეთის გასამრავლებლად სჭირდებოდა კაცს, იგი სიკეთის დასაცავად უნდა გამოეყენებინა.
მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან