ცხოვრება სახარებისეულ მცნებათა მიხედვით
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
ნათლისღებით ღმრთის შვილობა მოგვეცა. მასში სახარებისეული მცნებების აღსრულებით დავრჩებით. ხოლო მისგან განდგომით, შვილებსაც დავკარგავთ. ერთიცა და მეორეც თვით უფალმა დაამოწმა: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი და განხმეს, შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას“ (ინ. 15,10,6). ხსნისთვის აუცილებელია, რომ ქრისტეში ნათელღებული სჯულის მიხედვით ცხოვრობდეს.
უფალმა თავის მოძღვრების, სიტყვებსა და ქადაგებებს მცნებები უწოდა (ინ.14,21,23); „სიტყუათა, რომელთა გეტყოდე თქვენ, სულ არიან და ცხორება“ (ინ 6,63). ისინი ხორციელ ადამიანს სულიერად შეიქმს, მკვდარს აღადგენს, ძველი ადამის შთამომავალს ახალ ადამის შთამომავლად შეიქმს, ბუნებით ადამიანის ძეს, – ღმერთს ძედ შეიქმს მადლის მიერ.
„ცოდვებისადმი დამონებულნო! ფიცხი და გულქვა ფარაოს მეუფების ქვეშე მყოფნო? ამა სოფლის ამპარტავნებით ბაბილონის გოდოლის მაშენებელნო, რომელნიც სასტიკ მოხელეთა მიერ დაუცხრომლად და მტანჯველად იგვემებით. თქვენ მოგიწოდათ მაცხოვარმა სულიერი თავისუფლებისკენ. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშუარლნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქვენ. აღიღეთ უფალი ჩემი თქვენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებისაი სულთა თქუანთაი, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთ ჩემი სუბუქ არს“ (მთ. 11,28-30). უღელი და ტვირთი ქრისტესი სახარებისეული მცნებებია. ისინი თავგანწირვას მოითხოვენ და ამიტომ ეწოდება უღელი, მაგრამ სულს ათავისუფლებს და განაცხოველებს, აღავსებს მას გამოუთქმელი სიმშვიდით და სიტკბოთი და ამიტომ იწოდება ტკბილ და სუბუქ ტვირთად, თითოეული მათგანი სიმშვიდითა და თვინიერებით კეთილსურნელებს და სათნოებებს მცნებათა აღმასრულებელს გადასცემს. სახარებისეულ მცნებათა აღსრულების ჩვევად დამკვიდრება სიმდაბლესა და მორჩილებას სულის თვისებად აქცევს. მაშინ საღმრთო მადლს სულში შეაქვს სიმდაბლე და მორჩილება.
ყოველი კერძო მცნება უფალმა ორ ძირითად მათგანში გააერთიანა: მცნებებში – ღმერთის სიყვარულისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ. ეს მცნებები ასე გამოითქმის: „და შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაი და მეორე, მსგავსი ამისა: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მკ. 12,30,31). ღმრთის სიყვარულის უნარს მაშინ მოიპოვებს ადამიანი, როდესაც აღივსება მოყვასისადმი სიყვარულით, ხოლო ღმრთისადმი ლტოლვა მიიღწევა ლოცვით.
სახარებისეულ მცნებათა აღსრულება ადამიანის ღმერთთან შეერთებით დაგვირგვინდება. როდესაც ქრისტეს მოწაფე განიკურნება მოყვასისადმი მტრობისაგან და გონებისმიერი და გულითადი ლოცვით სულისა და სხეულის ძალებს მიმართავს ღმერთისკენ, მაშინ შეირიცხება ის ღმერთის ჭეშმარიტ მოყვარედ, „რომელსაც უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოვუცხადო მას თავი ჩემი და მაშინამცა ჩემმან შეიყუაროს იგი და მოვიდეთ მისი და მის თანა დავადგრეთ“. (ინ. 14,21,23).
ღმრთის სიყვარულში დადგრომისა და მასთან ერთობაში ყოფნისთვის აუცილებელი პირობაა სახარებისეულ მცნებათა აღსრულება. მათი დარღვევით ირღვევა პირობა და მისი დამრღვევი ღმერთის სიყვარულისა და სახისაგან ბნელ გარესკნელში – ვნებათა და ეშმაკთა საუფლოში განიდევნება.
ძმანო! შევუდგეთ ყოვლისშემძლე და ცხოველმყოფელ მცნებათ დიდისა ღმერთისა შემოქმედისა და მხსნელისა ჩვენისა; გულმოდგინედ შევისწავლოთ ისინი, როგორც წიგნში, ასევე ცხოვრებითაც. ისინი ჩაწერილია სახარებაში, მაგრამ შეიცნობა იმის შესაბამისად, თუ რამდენად აღასრულებ მათ საქმით.
შევიქმნათ სახარებისეულ მცნებათა გულმოდგინე აღმსარებელნი, აღვასრულოთ ისინი „ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი“ (ლკ. 17,10). მოვალენი ვართ, რადგანაც მუდმივად ვცოდეთ მათი აღსრულებისას ან ვასრულებთ არასრულყოფილად, კეთილ საქმეებში ჩვენი წარმმართველი სახარება უნდა იყოს და არა ნდომა სისხლისა და ხორცისა. ვისწავლოთ სათნოებათა აღსრულება სიმდაბლით და არა სიფიცხით, რასაც გარდაუვლად მოჰყვება ამპარტავნება. როდესაც უფალი მოგვფენს სიმდაბლეს და მისი მოქმედებით გამოსწორდება გულისთქმანი, მაშინ შევიცნობთ, რომ სიფიცხე, რომლითაც აღესრულება ამაღლებული და ხმაურიანი ადამიანური სათნოებანი, მხოლოდ სისხლ არს და ხორც და ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს (1 კორ. 15,50).
წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
16:00 18.12, 2025 წელი


