რელიგია

ტყუილის შესახებ

№28

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.07, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ძმებო, მსურს, მცირე რამ ტყუილის შესახებ გითხრათ, რადგან, ვხედავ, ენის დაცვას არ ცდილობთ და იმის გამო დიდ ბოროტებაში ეხვევით. ნახეთ, ჩემო ძმებო, ყოველ საქმეში ჩვეულებაა, კეთილშიც და ბოროტშიც. უნდა ვიბრძოლოთ, ტყუილმა არ გაგვიტაცოს, რადგან ღმერთს ვერც ერთი მატყუარა ვერ მიუახლოვდება.

მონასტერში ყოფნისას აზრი მაცდუნებდა, თითქოს შეხედვით ვიგებდი ადამიანის მდგომარეობას. ასეთი შემთხვევა მქონდა: ერთხელ ვიდექი და დავინახე, ვიღაც ქალი მოდიოდა და კოკით წყალი მოჰქონდა. არ ვიცი, როგორ გამიტაცა გონებამ და თვალებში შევხედე. გავიფიქრე, მეძავია-მეთქი. ეს რომ გავიფიქრე, ძალიან შევწუხდი და ბერს, მამა იოანეს ვუთხარი: „მამაო, თუ ვინმეს საქციელს ვუყურებ და გავიფიქრებ, ეს კაცი ასეთია-მეთქი, სწორია?“ ბერმა მიპასუხა: „არ დაიჯერო აზრი, რადგან მრუდე ჩვეულება სიმართლესაც გაამრუდებს. აზრები მატყუარაა და მავნებელი“: ამის შემდეგ აზრმა მზის შესახებაც რომ მითხრას, მზე არისო ან ღამეზე – ღამეაო, არ ვიჯერებ. ჩვენში დაყოვნებული ზრახვები იმდენად ცუდია, იმდენად გვძლევს, რომ არარსებულ საქმეს მოგვაჩვენებს ხოლმე. გიამბობთ ამბავს, თავად რომ მიხილავს.

მონასტერში როცა გახლდით, იქ ერთი ძმა იყო, რომელსაც ეს ვნება ძლიერ დაუფლებოდა. ისე ირწმუნებოდა ხოლმე, ვერაფრით დააჯერებდით, რომ საქმე ისე არ იყო, როგორც ფიქრობდა. დროთა განმავლობაში ბოროტება იზრდებოდა. ერთ დღეს სათვალთვალოდ და ყურის მისაგდებად ბაღში შევიდა, რათა ენახა, ვინმე რამე ცუდს ხომ არ აკეთებდა. ნახა, თითქოს ერთი ძმა ლეღვს ჭამდა. არადა, პარასკევი იყო, ორი საათი... ჩუმად წამოვიდა იქიდან, როცა საზიარებლად გაემართნენ, თვალს ადევნებდა, რომ დაენახა, ეზიარებოდა თუ არა ის ძმა. ნახა, ხელებს იბანდა, რათა შესულიყო და ზიარებულიყო, დაუყოვნებლივ წავიდა და მამასახლისს მოახსენა: „ნახე, როგორ უნდა ეზიაროს ეს ძმა?! დავინახე, დღეს ბაღში ლეღვს იპარავდა და ჭამდა“. როცა ის ძმა დიდი ლმობიერებით გაემართა საზიარებლად (ძალიან სულიერი იყო), მღვდელთან მისვლამდე მამასახლისმა მიიხმო, ცალკე გაიყვანა და ჰკითხა: „მითხარი, ძმაო, რა გააკეთე დღეს?“ „სად, მამაო?“ – ჰკითხა მან. „ბაღში რომ შეხვედი, რა გააკეთე?? – ჰკითხა მამასახლისმა. ამ სიტყვებით გაკვირვებულმა ძმამ უპასუხა: „მამაო, დღეს არც ბაღი მინახავს და არც იქ ვყოფილვარ. მხოლოდ ახლა მოვედი: ეკლესიიდან რომ გამოვედით, მნემ რაღაც საქმეზე გამგზავნა. ეს კი მრავალი მილით შორს იყო“. მამასახლისმა მნეს დაუძახა და ჰკითხა: „დღეს სად გაგზავნე ეს ძმა?“ მანაც იგივე თქვა, რაც ძმამ, მოუდრიკა მუხლი და უთხრა: „შემინდე, მამაო, ცოტათი ისვენებდით, ამიტომ თავი შევიკავე და კურთხევის ასაღებად აღარ მოგიყვანეთ“.

როცა მამასახლისი დარწმუნდა, ლოცვით გაუშვა საზიარებლად. დაუძახა იმ ძმას, სინანულის წესი დაუდგინა და ზიარებისგან განაყენა. ეს არ იკმარა, ყველას წინაშე ამხილა და ცრემლებით ასწავლიდა მათ.

ასე სამგვარი სარგებლობის მიზნით მოიქცა: პირველი – რათა ეშმაკი შეერცხვინა, ვინც ეს მოაფიქრა მას. მეორე – რათა ამ სირცხვილით ძმას ის ცოდვა მიტევებოდა და ამიერიდან ღმერთი შესწეოდა, და მესამე – რათა ძმებს სარგებელი ენახათ და ამ ვნებას მორიდებოდნენ.

ბევრს გვმოძღვრავდა ჩვენც და ძმასაც. ამბობდა, რომ ზრახვებზე უფრო მძიმე არაფერია და იმ ამბიდან გამომდინარე მიგვითითებდა; მრავალი სხვა მაგალითიც მოიყვანა, რათა აზრებს არ მივნდობოდით. მთელი ჩვენი ძალისხმევით ვეცადოთ, ძმებო, არ ვირწმუნოთ აზრები, რადგან მასავით არაფერი განაშორებს კაცს საკუთარ ცოდვებზე ზრუნვისგან. იმ საქმეებს იკვლევს, მისთვის რომ უსარგებლოა. ამით არაფერი სიკეთე არ გამოვა, მხოლოდ შფოთი და წყენა. ამით ღვთის შიშს ვერ მოვიპოვებთ.

ბოროტი აზრიც რომ გვქონდეს, კეთილად ვაქციოთ, რადგან ეჭვი ცუდია და ძლიერ ვნებს სულს და ეს არის ბუნებრივი ტყუილი.

წმინდა აბბა დოროთე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა