თავისუფლება - ყველაზე დიდი მოთხოვნა ადამიანის სულისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 23.05

თავისუფლება ყველაზე დიდი მოთხოვნაა ადამიანის სულისთვის, რასაც იგი გაჩენის დღიდან ესწრაფვის. თავისუფალი არავინ არის, არც ქვეყნად მოვლენისას და მით უფრო, არც შემდგომ, როცა კაცი ხდება ამქვეყნის, საზოგადოების ნაწილი. თავიდან მაინც უნდა ყოფილიყო ადამიანი თავისუფალი, მაგრამ მთლად თავისუფალი არც მაშინ არის, რადგან მას მოჰყვება წინაპართა უკეთურებანი, რისკენაც მიდრეკილია ბუნება მისი. სამოთხეში ცოდვით დაცემის შემდგომ დაკარგა ნამდვილი თავისუფლება ადამიანმა და მოექცა ცოდვის ტყვეობაში. იგი იძლია მისგან და მისკენვე იქნა მიდრეკილი. ცოდვასა შინა იბადება კაცი ამქვეყნად და ამიტომ ცოდვაში შობილი იმყოფება ცოდვისავე ტყვეობაში. იგი აღარ არის თავისუფალი, როგორც თავიდან იყო ღვთისაგან გაჩენილი.
ადამიანისთვის ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას ზღუდავს ეს ქვეყანა, წუთისოფელი, რადგან ის მთლად თავისუფალს ვერავის ჰგუობს. ამიტომაც ცდილობს, ისეთი გახადოს კაცი, როგორიც უფრო სასურველი და მისაღები იქნება მისთვის. დაბადების დღიდან, ჯერ ოჯახი ცდილობს ბავშვის გარდაქმნას, უფრო სწორად, ისე აღზრდას, ისეთად ჩამოყალიბებას, როგორც მათი გაგებით, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის იქნება მისაღები. შემდეგ სკოლა და სასწავლებლები ყოველნაირად ცდილობენ, ბავშვს მოახვიონ თავს მისთვის უცხო, ნაკლებ სასურველი ჩვევები და სურვილები და ასე თანდათან აშორებენ კაცს თავისუფლებას, ანუ იმ თავდაპირველ მდგომარეობას, როგორიც გააჩინა ღმერთმა. ასე თანდათან ყალიბდება ადამიანში მეორე „მე“, ამქვეყნისთვის მისაღები და გამოსადეგი, ხოლო ის ნამდვილი, ღვთიური და თავისუფალი „მე“ სულ უფრო იჩაგრება და იჩქმალება ადამიანში, სულ უფრო უცხო და გამოუსადეგარი ხდება მისთვის...
სულს კი ახსოვს და ენატრება დაკარგული თავისუფლება და გაუცნობიერებლად სულ მის ძებნაშია. ამიტომაც, ადამიანები ყოველთვის ირჯებოდნენ და იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და რაღაცას აღწევდნენ კიდეც, მაგრამ მოპოვებული თავისუფლება არ იყო საიმედო და ნამდვილი. ქვეყნისგან ბოძებულ თავისუფლებას ისევ ადვილად იტაცებდა ეს წუთისოფელი ან მისი მფლობელნი და კვლავ თავისუფლების გარეშე რჩებოდა ადამიანი. ისედაც, მარტო გარედან მიღებულ, ქვეყნიურ თავისუფლებას ნამდვილი შვება და სიხარული მაინც არ მოჰქონდა კაცისთვის, რადგან შინაგანად ის კვლავ რჩებოდა ბოროტის მონებაში, ბოროტი სურვილებისა და მიდრეკილებების ტყვეობაში. ამას ან ძალიან გვიან ხვდებოდა კაცი, ან საერთოდ ვერ გრძნობდა. როგორც ეს დაემართათ ებრაელებს დიდი ხნის წინ, რაც გარკვევითაა წმიდა წერილში გადმოცემული: „უკუეთუ თქვენ დაადგრეთ სიტყათა ჩემთა... სცნათ ჭეშმარიტი, ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (ინ. 8.31-32), – ეუბნებოდა ურიებს უფალი. ებრაელთა შენიშვნაზე, რომ ისინი არავის მონობაში არ იყვნენ. უფალმა განუმარტა მათ, რომ ისინი იმყოფებოდნენ ცოდვის ტყვეობაში, რომ ისინი ცოდვილი, არაწმიდა ცხოვრებისა და სურვილებისგან იყვნენ დამონებულნი, რომ თავისუფალნი იქნებოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ცოდვებისგან გაითავისუფლებდნენ თავს, თუ ცოდვასა და ბოროტებასთან აღარ ექნებოდათ წილი. ეს კი ადამიანს აღარ ძალუძს თავისით, თუ მას ამ საქმეში არ შეეწია ღმერთი, მხოლოდ უფალს შეუძლია, ნამდვილ თავისუფლებასთან და სიხარულთან დააბრუნოს ადამიანი, თუკი ირწმუნებს მის მცნებებს, თუ მას მიენდობა მთელი გულით.
ზოგს კი თავისუფლება ღვთის საფარველის გარეშე აქვს წარმოდგენილი. ეს ისეთ ყოფად აქვთ მიჩნეული, როცა მხოლოდ საკუთარ ადამიანურ ნებასა და სურვილებს არიან მინდობილნი. ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის არსებობა, ღვთის საფარველის გარეშე ჰგონიათ შესაძლებელი, რაც უგუნურებაა დიდი, რამეთუ ღვთის მსგავსი არსებისათვის ღვთის შეწევნისა და მფარველობის გარეშე ყოფნა, დაღუპვის ტოლფასია. ადამიანის უმაღლესი მიზანი ღმერთს მიახლოება, მას მიმსგავსება, ღმერთად ქცევა არის და თავისუფალი ნებაც კაცს ამ მიზნით აქვს მიცემული, ამას უნდა მოემსახუროს იგი.
ერთიც უნდა აღინიშნოს, რომ შეცოდებამდე, სამოთხეშიც კი მთლად თავისუფალი არ ყოფილა კაცი. იქაც ღვთის სჯული ჰქონდა მას მიცემული, რისი დაცვაც აუცილებელი იყო მისი, როგორც ქმნილების შემოქმედთან სიახლოვისთვის. მისი განვითარებისა და გადარჩენისთვის. ღვთის მცნებები, ერთი შეხედვით, ზღუდავს ადამიანის თავისუფალ ნებელობას, მაგრამ მხოლოდ დრომდე და ისიც, მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გადაარჩინოს, სიკვდილისგან იხსნას ადამიანი და შესძინოს მას ნამდვილი შვება, თავისუფლება და დაუსრულებელი სიხარული.
მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან