სიმდაბლის გზები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 27.10

დიდი ხნის წინ ეშმაკმა გადაწყვიტა, თავისი ხელობის ყველა ინსტრუმენტი გაეყიდა. მან ფაქიზად გამოფინა ისინი შუშის ვიტრინაში, ყველას დასანახად. რა საოცარი კოლექცია იყო! აქ ნახავდით შურის ელვარე ხანჯალს, მის გვერდით კი თავს იწონებდა მრისხანების ჩაქუჩი. მეორე თაროზე ვნების მშვილდი იდო, გვერდით განთავსებული იყო ნაყროვანების, ხორციელი ვნებებისა და ეჭვიანობის მომწამვლელი ისრები. ცალკე სტენდზე გამოფენილი იყო ტყუილის ხაფანგების უზარმაზარი არჩევანი. იქვე იყო მოწყინების, ვერცხლისმოყვარეობისა და სიძულვილის იარაღები. ყველაფერი მოწესრიგებულად იყო წარმოდგენილი და ზედ მიმაგრებული ჰქონდა ფასისა და დასახელების ამსახველი იარლიყები. ყველაზე ლამაზ თაროზე კი, ყველა ინსტრუმენტისგან განცალკევებით, იდო პატარა, შეუხედავი და შელახული ხის სოლი, რომელზეც ეკიდა იარლიყი წარწერით – „ამპარტავნება“. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ იარაღის ფასი ერთად აღებულ ყველა დანარჩენ იარაღზე მეტი იყო. ერთმა გამვლელმა ჰკითხა ეშმაკს, რატომ აფასებდა ამ უცნაურ სოლს ასე ძვირად? მან უპასუხა:
– მე ნამდვილად ყველაზე ძვირად ვაფასებ მას, იმიტომ რომ ეს ერთადერთი ინსტრუმენტია ჩემს არსენალში, რომლის იმედიც შემიძლია მქონდეს, თუ ყველა დანარჩენი უსარგებლო აღმოჩნდება.
და მან ნაზად გადაუსვა ხის სოლს ხელი.
– თუ მე მოვახერხე ადამიანის გულში ამ სოლის ჩაჭედება, – განაგრძობდა ეშმაკი, – ის სხვა ინსტრუმენტებისთვისაც ახერხებს კარის გაღებას.
***
ამბა ათანასემ ძველი და ახალი აღთქმა ძვირფას პერგამენტზე გადაწერა, რომელიც ჩვიდმეტი ოქროს მონეტა ღირდა. ერთხელ მას ერთი ძმა ეწვია, დაინახა ეს წიგნი და თან წაიღო. იმავე დღეს ამბა ათანასემ ამ წიგნის წაკითხვა მოინდომა. აღმოაჩინა რა დანაკარგი, მიხვდა, რომ წიგნი ძმამ წაიღო, მაგრამ არავინ გაუგზავნია მასთან საკითხავად, რადგან შეეშინდა, ძმას ქურდობის ცოდვისთვის ტყუილის ცოდვაც არ მიემატებინა.
ძმა კი ამ დროს მეზობელ ქალაქში გაემგზავრა წიგნის გასაყიდად და მასში თექვსმეტი ოქროს მონეტა მოითხოვა, მყიდველმა უთხრა:
– დროებით მანდე ეგ წიგნი, რომ გავიგო, ღირს თუ არა ამდენი ფულის გადახდა, – და წიგნი ამბა ათანასეს წაუღო სიტყვებით: „მამაო, შეხედე ამ წიგნს და მითხარი, უნდა გადავიხადო თუ არა მასში თექვსმეტი ოქროს მონეტა? ღირს ამ წიგნში ამხელა ფასის გადახდა?“
ამბა ათანასემ უპასუხა:
– დიახ, ეს კარგი წიგნია. და ღირს ამდენი ფულის გადახდა.
მყიდველი გაეშურა ძმასთან და უთხრა:
– აი, შენი ფული. მე ვაჩვენე წიგნი ამბა ათანასეს. მას ძალიან მოეწონა და ჩათვალა, რომ წიგნი თექვსმეტ ოქროს მონეტაზე ნაკლები არ ღირს.
ძმამ ჰკითხა:
– სულ ესაა, რაც მან გითხრა? მეტი არაფერი უთქამს?
– არა, – უპასუხა მყიდველმა, – ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
– კარგი, – უთხრა ძმამ, – მე გადავიფიქრე. აღარ მსურს ამ წიგნის გაყიდვა.
იგი ამბა ათანასესთან მივიდა და ტირილით ემუდარებოდა, უკან მიეღო თავისი წიგნი. ამბა ათანასემ უარი უთხრა:
– წადი მშვიდობით, ძმაო, მე გჩუქნი შენ ამ წიგნს.
მაგრამ ძმამ მიუგო:
– თუ შენ არ აიღებ ამ წიგნს, მე ვერასოდეს მოვიპოვებ სიმშვიდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან