შურის შესახებ
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
უდიდესი ბოროტებაა შური. იგი სულიერ ხედვას უბრმავებს ამ ვნებით შეპყრობილს და მასვე აზარალებს. როგორც ეშმაკეული მიმართავს ხოლმე ხშირად მახვილს საკუთარი თავისკენ, ასევე შურიანებიც, რომლებსაც ერთადერთი რამ სურთ – როგორმე ავნონ თავიანთი შურის საგანს – კარგავენ საკუთარ ცხონებას. ისინი გარეულ მხეცებზე უარესნი არიან: მხეცი თავს გვესხმის ან იმიტომ, რომ მშიერია, ან იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გამოვიწვიეთ მისი გაღიზიანება; შურიანები კი ხშირად თავიანთ კეთილისმყოფელებსაც ისე ექცევიან, როგორც მტრებს. ამიტომაც არიან ისინი გარეულ მხეცებზე უარესნი და ეშმაკთა მსგავსნი, ან იქნებ, უარესნიც. რამეთუ ეშმაკები დაუნდობლად გვემტერებიან მხოლოდ ჩვენ, მათ კი, ვისთანაც ერთი ბუნება აკავშირებთ, არაფერს ერჩიან: სწორედ ამით დაადუმა იესო ქრისტემ იუდეველნი, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ ქრისტე ეშმაკებს ბელზებულის ძალით განასხამდა. მაგრამ შურიანები ბუნებით ერთობასაც კი არად დაგიდევენ, მეტიც, საკუთარ თავსაც არ ინდობენ, რადგან მანამდე, სანამ რაიმეს ავნებდნენ თავიანთი შურის საგანს, ისინი საკუთარ სულებს იტანჯავენ – ამაოდ და ყოველგვარი საჭიროების გარეშე ავსებენ მათ შფოთით და უკმაყოფილებით. მართლაც, რატომ წუხხარ, მოყვასის კეთილდღეობას რომ ხედავ? რა თქმა უნდა, მწუხარება გვმართებს მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონ გვჭირს რაღაც უბედურება, და არა მაშინ, როდესაც სხვებს უდგათ კეთილდღეობის ჟამი. ამიტომ ამ ცოდვას არანაირი მიტევება არა აქვს. მემრუშემ კიდევ შეიძლება, ცოდვის მიზეზად გულისთქმა დაასახელოს, ქურდმა – სიღარიბე, კაცისმკვლელებმა – მრისხანება, და თუმცა ეს მიზეზებიც ამაო და უსაფუძვლოა, გარეგნულად მაინც გამოდგებიან თავის მართლებად. მაგრამ ერთი მითხარი, შენ რაღა მიზეზს მოიტან? სრულიად ვერაფერს, გარდა ერთისა – უკიდურესი ბოროტებისა. თუკი გვიბრძანეს, გიყვარდეთ მტერნი თქვენნიო, ჩვენ კი ჩვენი მოყვასნიც კი გვძულს, მაშ, რა სასჯელი მოგველის? თუკი ის, ვისაც თავისი მოყვასნი უყვარს, არაფრით არის უკეთესი წარმართებზე, მაშ, რომელი მიტევების, რომელი შეწყალების იმედი უნდა ჰქონდეს მას, ვინც იმათაც კი ემტერება, ვისაც მისთვის არაფერი დაუშავებია?
შური სიძვასა და მრუშობაზე უარესია, რამეთუ ეს მანკიერებები იმ ადამიანებით მაინც შემოიფარგლება, ვინც მას სჩადის, ხოლო შურის აღზევებას მთელი ეკლესიები დაუმხია და მთელი სამყაროსთვის მოუტანია ზიანი; შური არის დედა კაცისკვლისა. ასე მოკლა კაენმა აბელი, ასე უნდოდა ესავს იაკობის მოკვლა, იოსების ძმებს კი – იოსებისა, ხოლო ეშმაკს სწორედ ასე სურს მთელი კაცობრიობის ამოწყვეტა. და რაც ყველაზე დიდი საშინელებაა შენ ეს ცოდვა არაფრად მიგაჩნია, ამ დროს კი ეს არის ყველა სხვა ცოდვაზე უფრო უარესი. რამეთუ, თუნდაც დიდ მოწყალებას გასცემდე, თუნდაც უბიწოდ ცხოვრობდე, მარხვასაც წმინდად ინახავდე, მაინც ყველაზე უარესი ხარ, თუკი შენი ძმისა გშურს. ამიტომ ძირიანად აღმოვფხვრათ ჩვენი სულიდან შური. ამას კი იმით მივაღწევთ, თუ წარმოვიდგენთ, რომ რამდენადაც შეურაცხვყოფთ ღმერთს მწუხარებით სხვისი სიკეთის გამო, ასეთივე სათნო-ვეყოფით მას, როდესაც გვიხარია სხვისი კეთილდღეობა და ქველისმოქმედ ადამიანთათვის აღთქმულ სიკეთეთა თანაზიარნი ვხდებით. იმიტომაც გვამცნობს პავლე, „გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა“ (რომ. 12,15), რათა ერთითაც და მეორითაც უდიდესი ჯილდოს მიღების ღირსნი გავხდეთ. ამგვარად, გვახსოვდეს, რომ თუნდაც ჩვენ თვითონ არ ვშრომობდეთ, არამედ მხოლოდ თანავუგრძნობდეთ იმათ, ვინც შრომობს, შეგვიძლია, მათი გვირგვინების თანაზიარნი გავხდეთ, დავუტევოთ ყოველგვარი შური და დავნერგოთ ჩვენს სულებში სიყვარული, რათა მოძმეთა კეთილდღეობით მოხარულნი, ახლანდელ და მომავალ სიკეთეთა დამკვიდრების ღირსნი გავხდეთ.
წმიდა იოანე ოქროპირი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


