საკუთარ თავს ვერსად გაექცევი
ავტორი: „თბილისელები“ 18:10 17.08

თუ კაცი ბუნებით არის მოკრძალებული და მშვიდი და ის გახდება კადნიერი და ფიცხი, ესე იგი, როცა ის თავს ჩაიყენებს მისი წესისა და ბუნებისთვის უცხო მდგომარეობაში, ასეთსას მოაკლდება ღვთის საფარველი. თუ კაცი ბუნებით ამაყია, ამპარტავანი და ქედმაღლობს ადამიანებთან ურთიერთობაში, ასეთსას როგორღაც იწყნარებს და არ განეშორება ღმერთი, რადგან ის იმყოფება თავის ბუნებით საზღვრებში. მაგრამ, თუ ბუნებით თავმდაბალ და მომთმენ ადამიანს დაეუფლება ამპარტავნება, ანუ მოიმოქმედებს რაღაც მისი ბუნებისთვის შეუფერებელს, მაშინ მას მოერიდება ღმერთი და დარჩება დაუცველი.
წმიდა მამის სწავლება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ამპარტავანსა და ამაყს, თავისი ამპარტავნებისა და უკრძალველობის გამო იცავს უფალი. ასეთი მსჯელობისგან ღმერთმა დაგვიფაროს, რადგან ეს იქნებოდა დიდი უგუნურება. ღმერთი ისეთსას იტვირთებს, როგორიც ბუნებითაა კაცი და ასეთს ეხმარება გადარჩენაში. ამიტომ უნდა გაუფრთხილდეს კაცი თავის ბუნებრივ საფარველს, ღვთისგან რომ აქვს დადგენილი და იმის მიხედვით უნდა იმოქმედოს და დაიცვას თავი. არ უნდა დაშორდეს კაცი მისი ბუნებისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას და უფრო მეტად იქნება ღვთისგან დაცული, ასეთს უფრო ნაკლებ შეხვდება ბოროტის ბრძოლანი და განსაცდელნი.
ამასთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა მინდა, გავიხსენო. ერთხანს მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო აწ განსვენებული მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, რომელიც გამოირჩეოდა გულფიცხელობითა და ადვილად გაღიზიანებით. ზოგჯერ სულ უმნიშვნელო რამის გამო ისე განურისხდებოდა ხოლმე თანამშრომლებს, რომ გაოგნებული ვრჩებოდი. არ ვიცი, მეუფის სიფიცხის ყურებით იყო, თუ სხვა რამით გამოწვეული, ერთხელ სემინარიის სტუდენტს, რომელმაც რაღაც დანაშაული ჩაიდინა, მეც ძლიერ განვურისხდი. ახლაც მახსოვს დამნაშავე სტუდენტის გაოგნებული სახე, როცა მე აღელვებულს გაშტერებული მომჩერებოდა. მე დამაფიქრა მისმა უცნაურმა ხედვამ და წყრომით ვკითხე, რა დაინახა ისეთი ჩემში, რომ ასე იყო გაოგნებული? მან მორიდებით მითხრა: „მეუფეო, ისეთი უცხოა თქვენთვის რისხვა, ახლა ისე უცნაურად გამოიყურებით, რომ მგონია, ვიღაც სხვა მელაპარაკება თქვენი სახით“. მე თავად ვგრძნობდი, რომ განრისხება უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის, რომ ის არა მარტო არასასურველი იყო ჩემთვის, არამედ უხერხულიც კი და მას უნდა მოვრიდებოდი.
წმიდა მამის შეგონებამ კიდევ ერთი შემთხვევა გამახსენა, რომლის მოტანა, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება მკითხველისთვის. ბავშვობიდან გინებასა და ბილწსიტყვაობას ვერიდებოდი, იგი უცხო იყო ჩემთვის. ამას უფროსებიც გვიშლიდნენ და ვგრძნობდი, რომ უშვერ სიტყვას უფალიც მარიდებდა ყოველმხრივ. თანაკლასელებისა და მეგობარი ბიჭებისგან ხშირად მესმოდა გინება თუ სალანძღავი სიტყვები, მაგრამ მე ამისგან რაღაც მიფარავდა, ჩემს სულს არ ეხებოდა იგი, რაღაც ძალა არ მაძლევდა იმის ნებას, რომ ჩემს ბაგეებს დასცდენოდა რაიმე უხამსი. ჩემი მეგობრებისგან ეს მე არ მაკვირვებდა, ეს მათთვის თითქოს ჩვეულებრივი იყო, მათი ბუნებისთვის დამახასიათებელი, ამიტომ მათგან ამას მშვიდად ვისმენდი. მე თავად კი არ შემეძლო ეს, რაღაც მბორკავდა, რომ არ წამომცდენოდა რაიმე ბილწი ან სალანძღავი. ასე რომ, ამ მხრივ, ნამდვილად ვიყავი დაცული. მაგრამ ჯარში მსახურებისას, სადაც დიდსა და პატარას გინება ეკერა პირზე, ბილწსიტყვაობისგან თავის დაცვა იყო ძალიან ძნელი. მახსოვს ჩვენი ნაწილის მეთაური იყო ასაკოვანი, ლანძღვა-გინების მოყვარული უკრაინელი კაცი. მისი შემყურე ქვეშევრდომებიც ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ გინებასა და ბილწსიტყვაობაში. თავიდან გამიჭირდა ამის შეგუება, შემდეგ კი მეც მივაჩვიე ამას ყური. ერთხელ ჩვენებურ ბიჭებთან საუბრისას, გინების მსგავსი რაღაც წამომცდა, უფრო სწორად, მეც ისე წარმოვთქვი რაღაც, როგორც ამას სხვები ამბობდნენ. და ჰოი, საკვირველებავ, მომიბრუნდა ერთი მათგანი, ვისთვისაც უცხო არ იყო უხამსი საუბარი, და ნახევრად წყრომით მითხრა: შენ ასე ნუ იტყვი, შენ ეს არ შეგშვენის. გამაოცა მისმა ნათქვამმა, დამნაშავედ ვიგრძენი თავი, შემრცხვა, გავწითლდი, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დიდ დანაშაულში მამხილეს. მივხვდი, რომ ეს იყო ღვთის ხმა: „შენ ასე ნუ იტყვი, შენ ეს არ შეგშვენის“. სულ ეს ჩამესმოდა ყურში. მაშინ საბოლოოდ ვირწმუნე, რომ ბილწსიტყვაობა უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის და მე მას უნდა მოვრიდებოდი. მართლაც, ამის შემდეგ აღარ დასცდენია ჩემს ბაგენს რაიმე უწესო ან სალანძღავი სიტყვა და დღესაც ვცდილობ, ამისგან დავიცვა თავი.
მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან