როცა შესცოდებ, თავის მართლებას ნუღარ მოჰყვები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.09

შემცოდეობა ბოროტებაა, მაგრამ ბევრად უფრო დიდი ბოროტებაა, იუარო ცოდვის ჩადენა. სწორედ ესაა განსაკუთრებული იარაღი ეშმაკის ხელში. ასე მოხდა პირველქმნილ ადამიანებთანაც. მაშინ, როცა ადამს შეჰფეროდა ცოდვაში გამოტეხილიყო, მან ცოლს გადააბრალა, ცოლმა კი, თავის მხრივ – ეშმას. უნდა ეთქვა: შევცოდე, უსჯულოება-ვჰყავი. სხვები კი არათუ არ აღიარებენ ცოდვას, არამედ თავის მართლებასაც კი იწყებენ. რამეთუ იცის რა ეშმამ, რომ ცოდვის აღიარება ცოდვისგან ათავისუფლებს, სულს უსირცხვილო სიჯიუტისკენ ეწევა. შენ კი, საყვარელო, როცა შესცოდებ, თქვი: მე შევცოდე - ამაზე უფრო სამართლიანი თავის მართლება არ არსებობს. ამგვარად, შენ მოწყალე-ჰყოფ ღმერთს. ამ გზით შენც უფრო თავდაჭერილი გახდები იმავე ცოდვების მიმართ. ხოლო, თუ არაფრის მთქმელი თავის მართლებების ძებნას შეუდგები და შეეცდები სულის შიშისგან გათავისუფლებას, ამით მას კიდევ უფრო განაწყობ იმავე ცოდვების მიმართ და დიდად განარისხებ ღმერთს.
ცხონების იმედი არ უნდა გადაიწურო
ნუ მეტყვი: დავიღუპე მე, რაღა დამრჩენია, გავაკეთო? ნუ მეტყვი: შევცოდე, რაღა ვქნა? შენ გყავს მკურნალი, რომელიც სნეულებაზე მაღლა დგას; შენ გყავს მკურნალი, რომელიც სნეულების ძალას ამარცხებს; შენ გყავს მკურნალი, რომელიც ერთი შებერვით კურნავს; შენ გყავს მკურნალი, რომელსაც ძალუძს და სურს შენი განკურნება. თუკი მან არარაობისაგან გამოგიხმო, მით უფრო ძალუძს შენი გამოსწორება, უკვე არსებულისა და შელახულისა. ნუთუ არ გსმენია, თუ როგორ აიღო მან მიწისგან მტვერი და შექმნა ადამიანი? მიწა როგორ აქცია ხორცად? როგორ შექმნა ნერვები, როგორ – ძვლები, როგორ – კანი, როგორ – ძარღვები, როგორ – ცხვირი, როგორ – თვალები, როგორ – წამწამები, როგორ – ყვრიმალები, როგორ – მკერდი, როგორ – ხელები, როგორ – ფეხები, როგორ – ყველაფერი დანარჩენი? აიღო მიწა, ერთი ნივთიერება. მიუსადაგა ხელოვნება და წარმოქმნა მრავალფერი ქმნილება. შენ არ შეგიძლია, თქვა, როგორ შეიქმენი? ზუსტად ასევე არ შეგიძლია, თქვა, როგორ აღმოიფხვრება ცოდვები. თუკი ეკალნარში მოხვედრილი ცეცხლი ფერფლად აქცევს მას, მით უფრო აღმოფხვრის ძირფესვიანად ღვთის ნება ჩვენს შეცოდებებს და ცოდვილს უცოდველის დარს გახდის. ნუ იკითხავ, ეს როგორ ხდება, ნუ გამოიკვლევ, ეს როგორ აღესრულება, არამედ გწამდეს სასწაულისა. შენ იტყვი: მე ბევრი შევცოდე და ჩემი ცოდვები დიდია, მაგრამ ვინაა უცოდველი? შენ იტყვი: მე მძიმედ შევცოდე, ყველა ადამიანზე მეტად და უარესად. მაგრამ შენთვის საკმარისია ასეთი მსხვერპლის შეწირვა: აღიარე, რომ შენ შესცოდე და ეს შენი გასწორების დასაბამი იქნება. მოსთქვამდე, გული გიჩუყდებოდეს, ცრემლები ღვარე, რაიმე სხვას ღვრიდა განა მეძავი? სხვას არაფერს, სინანულის ცრემლის გარდა. მან თავის წინამძღოლად სინანული გაიხადა – და მოვიდა წყაროსთვალთან.
ყოველდღიურ თვითგამოცდაზე
ვახშმის შემდგომ, როდესაც ძილად მიხვალ, როცა დასაწოლად ემზადები, როცა მარტო დარჩენილს უდიდესი სიმშვიდე მოგიცავს, როდესაც არავინ გაწუხებს და დიდი სიჩუმე ჩამოწვება, შენ დაიწყე სინდისის გასამართლება, მოსთხოვე ანგარიშის ჩაბარება, თუ დღის განმავლობაში როგორი მანკიერი ფიქრები გქონდა, როგორ ზრახავდი მოტყუებას ან რა მახეს უგებდი მოყვსს, როგორ უშვებდი გულში გარყვნილ გულისთქმებს... ყოველივე ეს ამ სიმყუდროვის ფონზე წარმოადგინე, სინდისი მსაჯულად დაუყენე ამ მანკიერ ფიქრებს, გაანადგურე ისინი, განსაჯე, დასაჯე შემცოდე სული... თუკი მანკიერი გულისთქმების დასჯაა საჭირო, რათა ისინი საქმედ არ იქცნენ, მით უფრო საჭიროა სულით შემუსვრილება ამგვარ საქმეებსა და გულის სიტყვებზე. და ეს ყოველდღიურად ასე იყოს და იმაზე უწინ ნუ დაიძინებ, ადამიანო, ვიდრე თვალს არ გადაავლებ და განსჯი დღის განმავლობაში ჩადენილ ცოვდებს. მაშინ, უეჭველია, მომდევნო დღეს ჩქარი აღარ იქნები მსგავსი ჩანაფიქრის შესასრულებლად.
იოანე ოქროპირი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან