როგორ უნდა მოერიოს ადამიანი შიშს და რატომ არის ზრუნვა ბოროტება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 06.02

როდესაც ადამმა სამოთხე დაკარგა და მას შიში შეეპარა და შფოთმა მოიცვა, მას შემდეგ, რაც სიშიშვლის შერცხვა, ჩაირთო დრო: სამოთხის კართან ქერუბიმი დადგა მბრუნავი მახვილით, რის გადალახვაც მხოლოდ ჩვენს გულში ქრისტეს გამოზრდითაა შესაძლებელი. რატომ ატრიალებს ისევ უკან წუთისოფელში ადამიანს შიში და ზრუნვა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– როგორ უნდა მოერიოს ადამიანი შიშს?
– ანტილოპას რომ ეპარება ვეფხვი, ის გადაწყობილია იმაზე, რომ, როდესაც მას შეამჩნევს, მსხვერპლი გარბის, მაგრამ არსებობს ჩანაწერი, როდესაც ანტოლოპა არ გაიქცა, ამიტომ ვეფხვი მასთან მივიდა, დაყნოსა და წავიდა. რა მოხდა ერთ-ერთი პირველი, როდესაც ადამმა და ევამ აკრძალული ნაყოფი იგემეს? მხეცები აუმბოხდნენ ადამს, არადა სამოთხეში მეფე იყო და მას ემორჩილებოდნენ. ლომივით ღრიალებს, კურდღელივით გარბისო, – ასე ხომ ჩვენ ვახასიათებთ ადამიანის მოქმედებებს?! ქრისტე გეუბნება, რომ ღერი თმაა დათვლილი შენს თავზე და დღეს კვანტური ფიზიკაც ეთანხმება ამ მოსაზრებას, აინშტაინის სინათლის სიჩქარის თეორია წარსულს ჩაჰბარდა, იმიტომ რომ არანაირი მანძილი არ არის, სამყარო ერთიანია, ერთი ოკეანე ვართ; იმ ოკეანიდან ამობურცული ტალღები და სწორედ ეს ტალღები ვდაობთ ერთმანეთთან, ვინ უფრო ლამაზი ტალღაა. საბოლოოდ კი, სიმშვიდე მოვა და ეს განსხვავებები დროებითია. შენი შიში აქცევს სამყაროს ასე დაძაბულად და არასტაბილურად, არადა ადამიანს ჰგონია, რომ გარეთაა პრობლემა, ამიტომ ვერ ალაგებს და ვერც დალაგდება გარედან, ვინაიდან შენი შიშის ვიბრაცია ძაბავს სხვას, ისიც იძაბება, შემდეგ ძაბავს სხვას, თორემ დაძაბვა არავის უნდა. გინახავს ადამიანი, ამბობდეს, ბოროტი ვარ და უნდა გაგჟლიტოთო?! პირიქით, სიკეთისთვის ვიქცევი ასეო, ამბობს ნებისმიერი. აბა, გეკითხა ჰიტლერისთვის, სტალინისთვის ან ნებისმიერი სხვისთვის?! ყველაზე დიდი ბოროტება ყველაზე დიდი სიკეთის სახელით ხდება და, სხვათა შორის, ეს დიდი საიდუმლოა. ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის ხის ნაყოფი რომ იგემა ადამმა დროზე ადრე, ესე იგი, დროზე ადრე გავიდა იმ პირველწყაროსთან, სადაც ყველაფერი ერთია: იქ არ განირჩევა ტკბილი და მწარე. ადამი დაამძიმა დროზე ადრე სათავესთან მიახლებამ, მაგრამ, რაკი განმრჩევლობა არ ჰქონდა, ასე ვერ იცხოვრებდა. რატომ იმარჯვებს ორ მახვილშემართულს შორის ის, ვინც პირველი დაუშვებს მახვილს?! იგულისხმება, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც შეძლებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე. სიმშვიდე, მშვიდი, რადგან მეშვიდე დღეს დაისვენა, ნიშნავს დაცხრომას, ტვინის გაუქმებას: თუ შენ დაცხრები, სამყაროც დაცხრება. ეს ჩვენ ციტატებითაც ვიცით, სადღეგრძელოების დონეზეც, მაგრამ, აბა, გააკეთე?! დიასახლისი კერძების შესახებ გვიყვება, თუ როგორ ამზადებს თუ კერძებით გვიმასპინძლდება?! ქრისტე გვეუბნება: მე ვარ პური და არა იმას, რომ პური კარგია. ქრისტე არ ქადაგებს, ქრისტე აკეთებს. ამბობს: მე ვარ ჭეშმარიტება და არა, მე თქვენ მიგიყვანთ ჭეშმარიტებასთან. იმიტომ რომ არ არის მანძილი ქრისტეს მიერ ნათქვამსა და მოქმედებას შორის და აი, ასე იყო ადამი სამოთხეში: იქ ფიქრი და მოქმედება არ არის, უბრალოდ, ყოფნაა. ქრისტე ამბობს, მე ვარ და არ ამბობს, მე მწამს, მე მჯერა. აი, რისკენ გვიდევს ჩვენ გზა...
შფოთი რომ შემოვიდა, შიში და სირცხვილი, ამან გამოგვაგდო მინდობისგან, რაც სამოთხეში იყო. იქ იყო სიმშვიდე, უქმობა და ქერუბიმის მბრუნავი მახვილი არის ჩვენი შიში, სირცხვილითა და შფოთით სავსე მდგომარეობა, რომელმაც გამოგვყო უშფოთველი მდგომარეობიდან, როგორიცაა სამოთხე. „ზრუნვა“ მთაწმინდელის თარგმანში არის „ბოროტება“. ყოველ დღეს თავისი საზრუნავი ეყოფა, ანუ თავისი სიბოროტეო. ხოლო ბოროტება არის უგუნურობა. წესით, ადამიანი არ უნდა ზრუნავდეს, იმიტომ რომ ზრუნვა და შფოთი არ არის ნორმალური მდგომარეობა. ამიტომ ქრისტე გვარცხვენს, როდესაც გვეუბნება, შეხედეთ ცის ფრინველებს, არც ბეღლებში აგროვებენ, არც ხნავენ, არც თესავენ, მაგრამ მამათქვენი აჭმევს; თუ ველის შროშანი ასეა გალაღებული, ადამიანს დატოვებს მამა უსასოოდო. ნახე, რა ენაზე გველაპარაკება მაცხოვარი?! მარტივად, გასაგებად. ანუ ზრუნვა ეს არის ბოროტება, ზრუნვით ვაფუჭებთ ყველაფერს. წარმოიდგინე, ჟანგბადის ნაკლებობა რომ გამოაცხადონ, რა დაგვემართება?! პანიკა დაიწყება. ზუსტად ასე მოხდა სამოთხეში: სიცოცხლის ნაკლებობა მივიღეთ, შფოთის მდგომარეობაში აღმოვჩნდით და მბრუნავი მახვილი ამოძრავდა, ვერ ვწყნარდებით, უზრუნველობას ვერ ვახერხებთ, შფოთს ვერ ვეშვებით. აი, სამოთხე კი იყო ადგილი საშვებელისასა, ანუ შუაში ყოფნა, ენერგიის მინიმუმის კანონი; შფოთი კი აღგზნებაა. ამდენად, მბრუნავი მახვილი არ არის საგანი და არც ქერუბიმი დგას გეოგრაფიულ ადგილას, ხელში მახვილით: ეს არის ჩემს სულში შფოთის, შიშის, სირცხვილის მდგომარეობა, რაც ხელს მიშლის, რომ მოვეშვა. ვისაც უნდა ჰკითხო, ყველა გეტყვის, ნეტავ, დამამშვიდაო და ამ მიზნით რამდენიმე დღით გავრბივართ ხოლმე დასასვენებლად, ზოგი ოჯახიდან გარბის, ზოგი მონასტერში მიდის, რატომ?! იმიტომ რომ შფოთი გვიგროვდება. არ გვინდა, მაგრამ ვერ ვერევით, ჩავვარდით უკვე ამ მდგომარეობაში. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ამის საპირწონედ განგება გვაძლევს საშველს – რწმენას, ოღონდ საქმე ისაა, რამდენად გამოვიყენებთ. ფაქტია, შიშის შემოსვლით სირთულე შემოვიდა და ჩვენ სიმშვიდეში ვერ შევდივართ, მაგრამ ქრისტე გვიხსნის გზას. ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული, შიშით, შფოთით, სირცხვილით სავსე, ამ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, ადამიდან მოყოლებული. სრულ ხედვას რომ მოვწყდით, ამან გააჩინა უსაფუძვლო შიშები, ამ უსაფუძვლო შიშებს კი მოჰყვა წარმოსახვები. ესე იგი, შიშისგან შეიქმნა წარმოსახული, არარსებული სამყარო, იმიტომ რომ სწორედ გაურკვევლობა შობს წარმოდგენებს, რომელთა შედეგია არასწორი მოქმედებები – მირბიხარ. მთელ ჩვენს წუთისოფელს ატრიალებს ეს შიშები, უნდობლობით გამოწვეული და მთელი ცხოვრება ამ შიშებს ვებრძვით, არადა ამ შიშისა და შფოთის მიღმა უშფოთველი მდგომარეობაა. რატომ? იმიტომ რომ, თუ შფოთი და ზრუნვა რეალურია და ჩვენს ცხოვრებას აკონტროლებენ, მაშინ უშფოთველობა რატომ არ არის რეალობა?! თუ ზრუნვა რეალურია, მაშინ უზრუნველობა სად დავკარგეთ?! საქმეც ისაა, რომ ნამდვილი უზრუნველობაა. უზრუნველობაა ჩვენი სახლი, ჩვენი კონსტიტუციური მდგომარეობა. ამისთვის ბრძოლა არ შეიძლება. როგორც კი უზრუნველობისთვის ბრძოლას იწყებ, უკვე ზრუნავ, შფოთავ. თუ ამოსავლად მივიღებთ, რომ სამოთხე არსებობს და ეს მხოლოდ რწმენის საკითხია, ახლა არსებული ურთიერთობები მოგონილია, ნეგატივია, ავადმყოფობაა, გარემოს მიმართ არაფუნქციური დამოკიდებულებაა. იბადება კითხვა: რა გვჭირდება, რომ ჩვენი ცხოვრება უზრუნველი გახდეს?! წყალში რომ დგახარ, თუ მოძრაობ, ლექი ამოდის ფსკერიდან და წყალი იმღვრევა. წყალი რომ დაიწმინდოს, მოძრაობა უნდა შეწყვიტო. ესე იგი, რა ყოფილა ჩვენი ყოფა?! ზედმეტი მოძრაობებით ამღვრეული სამოთხე. სამოთხე თან დაგვაქვს, დავიწყების მტვრითა და ლექითაა დაფარული და ბრძოლით ვცდილობდით, სამოთხის გარეთ შეგვექმნა ვითომ სამოთხე მატერიაში; რაღაცის შეძენით, მიწების დაპყრობით. და რა დაგვაბრუნებს სამოთხის მდგომარეობაში? მონანიება! როგორც წმიდა მამები ამბობენ, მონანიება იყო ის, რაც ღმერთს თავშივე, იმთავითვე ჰქონდა გათვლილი. ღმერთმა ხომ იცოდა, რა მოხდებოდა?! რომ ჩვენ დავკარგავდით ამ უზრუნველ მდგომარეობას?! და გამოსავალი ერთადერთია: შფოთის ხარისხის შემცირება...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან