როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ღმერთს ესმის, რასაც ვეუბნებით
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.12, 2021 წელი

როდესაც ღმერთს არ სურს ვინაობის გამხელა, ის იმალება შემთხვევის უკან, ანუ შემთხვევა ღმერთის ფსევდონიმიაო, მაგრამ როგორ მივხვდეთ ჩვენ, ადამიანები, რომ ღმერთს ესმის ჩვენი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– ღმერთი გველაპარაკება განსაცდელებით, თუ ვერ გვაგებინებს სიყვარულითა და მინიშნებით, მაგრამ ჩვენ როგორ გავიგოთ, რომ ხმას ვაწვდენთ მას?
– ეს პრობლემა ყოველთვის იდგა და ადამიანს უჭირს, გაიგოს, მის რომელ ლოცვას შეისმენს ღმერთი და რომელს – არა. ვინაიდან ადამიანი, ძირითადად, ორიენტირებულია საკუთარ თავზე, მისი ლოცვების მიზანია, რომ გარანტირებულად კომფორტულად იგრძნოს თავი, როგორც ბიოლოგიურმა არსებამ: შესთხოვს კარგად ყოფნას, შვილების ჯანმრთელობას, სამსახურს, შემოსავალს. გაგახსენებთ, როგორ ლოცულობს ლუარსაბ თათქარიძე ტაძარში, ღმერთო, რას მერჩი, რა გახდა ჩემთვის ერთი შვილი, როცა ამხელა კელაპტარი შემოგწირეო... ანუ ღმერთი გაგებულია, როგორც მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება და ამისთვის ადამიანს შეუძლია, მსხვერპლიც შესწიროს: აგერ ლუარსაბმა კელაპტარი დაუნთო, ვიღაცამ ცხვარი დაუკლა და მე მხოლოდ ადრინდელ პერიოდზე არ ვლაპარაკობ. იგივე ხდება დღესაც, რაც ხშირად კომიკურ ელფერს იძენს. ჩვენ ცოცხალ ღმერთს კი არ ვცემთ თაყვანს, არამედ მის ფსიქოლოგიურ სურათხატს, ჩვენზე მორგებულს, ფანტომს. ებრაელების ძირითადი ფორმულაა: ისმინე, ისრაელ, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი ღმერთია! და რატომ არის ეს ფორმულა უნივერსალური? რაც მთავარია, არ ნიშნავს, რომ „უფალი, ღმერთი ჩვენი“ სხვაა და „ერთი ღმერთი“ – სხვა. ის, რაც ვლინდება მიწიერში, იმას ჰქვია ღვთის ძალები. ეს ძალები მოქმედებს, როგორც სამართალი, ზნეობა, სასჯელი, ბუნების კანონები... ისინი ძალიან უხეშია, სასტიკი, დაუნდობელიც, ვერაფერს გაუგებ. ადამიანს ხომ აქვს პრეტენზია, სადაა ღმერთის სამართალი, როდესაც ბავშვები იღუპებიან?! როდესაც ბოროტები კეთილდღეობენ?! როდესაც მართალნი იტანჯებიან?! რაც წუთისოფელში ვლინდება, იქიდან გამომდინარე, შეიძლება, ვთქვათ, რომ ღმერთს ესმის ადამიანის?! დღე და ღამ ლოცულობს დედა მომაკვდავ შვილზე, მაგრამ მაინც უკვდება და, თითქოს, მართლაც, გულქვაა ღმერთი. ცნობილი შემთხვევაა, რის გამოც გააკრიტიკეს პროტესტანტი ქრისტიანები. მათი მრევლის წევრს დააგვიანდა თვითმფრინავზე, მაგრამ ის თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და ის ერთი პროტესტანტი გოგონა გადარჩა. მივიდა სამლოცველოში და მთელმა მრევლმა მადლობა შესწირა ქრისტეს, ჩვენი მორწმუნე რომ გადაარჩინე დაგვიანებითო, მაგრამ დაღუპულებმა რა დააშავეს?! ქრისტიანობაა გვამებზე დღესასწაული?! გიხარია, რომ გადარჩა ერთი, მაგრამ დანარჩენები ვინ დაღუპა?! ისინი ცუდები იყვნენ?! მაგალითად, მოდიან ჩემთან და მთხოვენ: მამა გურამ, პარაკლისის გადახდა მინდა, იმიტომ რომ ოჯახის წევრი კორონათია ავად ან შვილი აბარებს გამოცდას და მე ვეკითხები ჩემს თავს: რას შევპირდე? შემიძლია, გარანტია მივცე, რომ გადავიხდი პარაკლისს და განიკურნება ან აუცილებლად ჩაირიცხება?! მაგრამ, თუ განიკურნება ან ჩაირიცხება, ხომ მოვა და იტყვის: დიდება სამართლიან ღმერთს?! და, თუ ვერ გადარჩა ან ვერ ჩაირიცხა?! მაშინ, ხომ იტყვის: სადაა ღმერთის სამართალი?! გამოცდაში ჩაიჭრა, ახლობელი გარდაეცვალა, სამსახური ვერ იშოვა და ჩამოყრიან ყურებს. იმიტომ რომ ასეთია მათი სასათბურე ღმერთი.
– მაგრამ ჩვენ ხომ ვლოცულობთ – „იყავნ ნება შენი“?
– სწორედ ესაა საქმე! ამით, ხომ, საკუთარ თავს ვიზღუდავთ? მაგრამ ამ სიტყვებს ვიმეორებთ მექანიკურად. ბავშვს რომ ეტყვიან, ლექსი თქვიო და ბავშვიც ჩაარაკრაკებს ისე, რომ წარმოდგენა არ აქვს ლექსის შინაარსზე. აბა, გააჩერე ლოცვა და დაფიქრდი, რას ნიშნავს „იყავნ ნება შენი“?! რომ, რაც უნდა დაგემართოს, არ უნდა დაიწყო ბუზღუნი, არ უნდა დაიწყო საქმის გარჩევა... აი, სწორედ ესაა: „ისმინე, ისრაელ, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი ღმერთია“! ძალიან მკაცრი ადამიანი უნდა იყო (მ-კაც-რი, ანუ ცხოვრებით გამოწრთობილი კაცი!), რომ რაც უნდა მოხდეს, არ დაახარისხო და მიიღო, როგორც ერთი ღმერთის ნება! ამიტომ არ დაყო, არ თქვა, რომ იმ ერთი ღმერთის გარდა, სხვა რამეს ან ვინმეს აქვს ძალა: რომ თითქოს ბოროტი ეშმაკი კლავს, კეთილი ღმერთი აცოცხლებს. არ არსებობს არავინ და არაფერი, ვინც და რაც ღმერთის ნების გარეშე მოქმედებს. იობი ვინ აწამა? სატანამ?! სატანა ღმერთმა ისევე მიუშვა, როგორ საბელზე გამობმულ ძაღლს მივუშვებთ ხოლმე: ჯერ იობის ცხვარ-ძროხაზე, შემდეგ – სიმდიდრეზე, შემდეგ – შვილებზე, ბოლოს – იობის ტყავზე, მაგრამ სულს არ შეეხოო. მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ; მე ჩამყავს ჯოჯოხეთში და მე ამომყავს ჯოჯოხეთიდან – აი, ამ ერთი ღმერთის რწმენა ნიშნავს სრულყოფილებასა და სისრულეს, მაგრამ ამის მიღება შეუძლია მხოლოდ კაცს! თუ ბავშვი ხარ, ორმაგობაში იმყოფები: რაც მწარეა, ბავშვისთვის ცუდია; რაც ტკბილია, კარგია. მაგრამ ჩვენ უფროსები, ხომ, ვამბობთ, მჭირდება, თუმცა, თავისთავად, ჭირი ცუდია. შესაბამისად, ჩვენი ლოცვებიც აქედან უნდა გამომდინარეობდეს: თუ ხორციელი ადამიანი ხარ, თუ შენი შვილი ჩაირიცხა, გგონია, რომ ღმერთმა გისმინა. მაგრამ, თუ ერთი თვის შემდეგ გარიცხეს? აღარ გისმინა ღმერთმა?! და რამდენჯერ უნდა ვცვალოთ ღმერთი კეთილიდან ბოროტამდე?! ძალიან საინტერესოა იბრაგიმის ამბავი: ღარიბი კაცი იყო, მაგრამ ძვირფასი ცხენი ჰყავდა. მეზობლები კიცხავდნენ, გაყიდე ცხენი და ბავშვს საჭმელი უყიდეო. იბრაგიმი ამბობდა, ჯერ არავინ იცის, ცხენის გაყიდვა კარგს მოიტანს თუ ცუდსო. გამოხდა ხანი და იბრაგიმის ცხენი დაიკარგა. მეზობლებმა ისევ გაკიცხეს, მაგრამ იბრაგიმმა უპასუხა, ჯერ კიდევ არავინ იცის, ცხენის დაკარგვა კარგს მოიტანს თუ ცუდსო. რამდენიმე დღეში ცხენი დაბრუნდა და თან, ხუთი ველური ცხენი მოიყვანა ტყიდან. მეზობლებმა ამჯერად შეაქეს, მაგრამ იბრაგიმმა ისევ მშვიდად მიუგო, ჯერ კიდევ არავინ იცის, ეს კარგია თუ ცუდიო. ცოტა ხანში მისი შვილი ხედნიდა ერთ-ერთ ცხენს, მაგრამ ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. მეზობლებმა აღარ იციან, რა თქვან, იბრაგიმი კვლავ მშვიდადაა და ამბობს, ჯერ კიდევ არავინ იცის, ეს კარგია თუ ცუდიო. ცოტა ხანში ყველა ომში გამოიძახეს, მაგრამ იბრაგიმის ვაჟი გადარჩა – ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერ წაიყვანეს. თუ მოირგებ ღმერთს, ვერასდროს მივხვდებით, ისმინა თუ არა შენი. ერთი უნდა ვიცოდეთ: ღმერთს ენდობი ან არ ენდობი. შეუძლებელია, ჩვენი რწმენა დავამყაროთ ღმერთის, სამყაროს ჩვენდამი დამოკიდებულებაზე. მაშინ ყოველთვის ეჭვებში ვიქნებით, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მოხდება ისეთი რაღაცები, რაც ჩვენს ლოგიკაში ვერ დაეტევა. როგორც კი მიენდობი, რაც ხდება, კარგიც და ცუდიც, კითხვა „რატომ“ შეიცვლება „რისთვის“ კითხვით: რაც უნდა ცუდი მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ემოციებს უნდა წავართვა თავი და უნდა ვიცოდე, რომ ესეც ღმერთისგანაა და მოთმინებით დაველოდო, რათა გავიგო, რისთვის მომეცა განსაცდელი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჩემი გაზრდის საშუალება. უნდა გავიდეთ ჩვენი ხუთი გრძნობის ორგანოს ტყვეობიდან, რათა მივეახლოთ იმ ერთ ღმერთს, ვინც ამ ორმაგობების უკან მკლავს და მაცოცხლებს. მივენდოთ სამყაროს, ვინაიდან ღვთის ნების გარეშე ღერი თმაც არ დავარდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან