რელიგია

როგორ უნდა გავყვეთ ქრისტეს და სად არის ის

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 20.02

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

შფოთი და ზრუნვა ადამიანის ცხოვრების თანმდევია და ისეც ხდება, რომ სწორედ შფოთი და ზრუნვა მიიჩნევა სიყვარულის გამოხატულებად, თუმცა, ქრისტიანულად, სწორედ შფოთი და ზრუნვაა ცოდვა, რასაც არათუ არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან, არამედ, პირიქით, გამოხატავს უნდობლობას ღმერთისადმი და, შესაბამისად, ადამიანს აბრუნებს იმ პირველი ცოდვის მდგომარეობაში, როდესაც ადამმა და ევამ დაიჯერეს, რომ უკვე არიან ღმერთები, რამაც მათაც და მათ შთამომავლებსაც, ანუ ჩვენ, დაგვაკარგვინა სამოთხე და იქ დაბრუნებას უამრავი წელია, უშედეგოდ ცდილობს ადამიანი, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ჩვენი ყოფა ამღვრეული სამოთხეა, რომლისგანაც გვაშორებს ის პირობითობები, რომლებიც თავად შევქმენით, მაგრამ ყველაზე რთული, ალბათ, სწორედ ამ პირობითობების დაძლევაა. როგორ უნდა დავძლიოთ?

– დიახ, ჩვენი ყოფა ამღვრეული სამოთხეა. ის არსად წასულა, რადგან გეოგრაფიული ადგილი კი არ არის, არამედ მდგომარეობაა, ეს სამოთხე თან დაგვაქვს, უბრალოდ, დავიწყების მტვრითა და ლექითაა დაფარული. ვითომ რომ ვიბრძოდი, ეს მცდელობა იყო და არის, რომ ნამდვილი სამოთხის გარეთ მე შემექმნა ვითომ სამოთხე მატერიაში, რაღაცის შეძენით, მიწების დაპყრობით, ვიღაცის დამორჩილებით... იმიტომ რომ მგონია, ამას თუ შევქმნი, დავმშვიდდები, მაგრამ რამდენ ხანს დამშვიდდები?! რაღაც მოხდება და უცებ გამოვარდები სიმშვიდიდან. მაშინ რა არის გამოსავალი?! რა თქმა უნდა, მონანიებაა გამოსავალი. წმიდა მამები ამბობენ, რომ მონანიება იყო ის, რაც ღმერთს თავშივე ჰქონდა გათვლილი. ღმერთმა ხომ იცოდა, რა მოხდებოდა?! რომ ჩვენ დავკარგავდით ამ უზრუნველ მდგომარეობას და ღმერთი ხომ გვაზღვევს?! მისი ქმნილება ვართ?! და ამის საპირწონედ გვეძლევა მონანიება. მონანიება ის კი არ არის, რომ ვცოდეთ, ანუ არ არის მოქმედება, არამედ მონანიება მდგომარეობაა. იმიტომ რომ ცოდვაც მდგომარეობაა, ნების გამრუდება. ნებით გადავცდი: საკუთარ თავს მივენდე, განმრჩევლობა ჩემს თავზე ავიღე და თუ მინდა, რომ ისევ დავბრუნდე პირვანდელ, უშფოთველ მდგომარეობაში, უნდა მოვინანიო. მონანიება რა არის?! რა ზომითაც მე ჩემს თავს მივენდე, იმ ზომით არ მივენდო. შესაბამისად, რაც ამ ჩემი წუთისოფელზე მინდობით ავაშენე, ავაწყვე და დავიმძიმე ცხოვრება, იმ ზომით მისადმი მიუნდობლობით უნდა შევცვალო.

რუსთაველის სიტყვები შეიძლება, ბევრს არასწორად ესმოდეს და მართლმადიდებლებსაც აქვთ ხშირად აზრი, რომ ეს ცხოვრება აუტანელია და ჩვენ საიქიოში ვცხონდებით. ეს არამართლმადიდებლური და არაქრისტიანული მიდგომაა, ვინაიდან ღმერთს იმისთვის კი არ შევუქმნივართ, რომ, თუ საკონტროლო ვერ დავწერეთ, დედამიწას დაკუჭავს და ჩვენ გადაგვყრის. ვინ არის ის, ვინც ღმერთს ხელს შეუშლის თავისი თავდაპირველი განზრახვის შესრულებაში?! არავინ! უბრალოდ, ორი გზაა და ორივე ერთმანეთზე უკეთესი: ეს, რაც ადამმა აირჩია, რთული გზაა და მიუხედავად იმისა, რომ ტანჯვები მრავლადაა ჩვენს ცხოვრებაში, რაც ამას ბოლოს მოჰყვება, გაცნობიერებით ბევრად მაღალ მდგომარეობაში დაგვაბრუნებს სამოთხეში, ვიდრე ის ადამი აღმოჩნდებოდა, რომელსაც არ შეუცოდავს და მორჩილების გზით წავიდა და ჩვენ ვიცით ეს უძღები შვილის იგავით.

შესაბამისად, უზრუნველობა თუ არსებულია, ჩვენი საწყისი მდგომარეობაა, შინ დაბრუნებაა, ზრუნვა არარსებულია. მეგრულად შინ გახსენებაა, ხოლო ბერძნულად ხსნა ნიშნავს ფქვილის გაცრას, განმტკიცებას, ანუ იმ ყველაფრის მოშორებას, რაც ზედმეტია და მისი მეორე მნიშვნელობაა გაგება, მიხვედრა. ანუ როდესაც მოგვშორდება ყველაფერი, რაც ცოდვით დაცემის შემდეგ ცოდვით შემოვიტანეთ, რაც დარჩება, სამოთხეა. ამდენად, სამოთხის მდგომარეობისთვის ბრძოლა საჭირო არ არის, არადა ჩვენ სწორედ ასე ვიქცევით: ვიღაც რომ დავამშვიდოთ, წამლებს ვასმევთ, რაღაც საშუალებებს ვიყენებთ და ხელოვნურად დამშვიდებას ვაღწევთ დროებით, მაგრამ სრულ სიმშვიდემდე გაგებით, რწმენით უნდა მიხვიდე, საკუთარ თავზე მუდმივად ამაღლებით, იმ ყველაფერზე უარის თქმით, რამაც შენ შფოთი მოგიტანა. ამიტომ ეუბნება ქრისტე მდიდარ ახალგაზრდას, რომელიც ეკითხება, რა ვქნა, რომ ვცხონდე მცნებები დაიცავიო, – ის პასუხობს. ბავშვობიდან ვიცავო. მაშინ გაუშვი ხელი იმ ქონებას, რაც გიჭირავს, მე გამომყევი და ყველაფერი გექნებაო.

დღეს როგორ გავიგოთ ქრისტეს სიტყვები: მე გამომყევი?! როგორ გავყვეთ?! სად არის ქრისტე?! ქრისტე არის მე-არსი, თავდაპირველი მდგომარეობა. ხომ ვამბობთ, მე ვარ ქართველი, მდიდარი, მართლმადიდებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქრისტე გეუბნება, თუ ამასთან აიგივებ შენს თავს, შფოთში ხარ და ხელი გაუშვი, აქ შემოდი, არსში შედიო. ჩვენ, აი, ამ არსს ვატარებთ, როგორც სამოთხის ხსოვნას, ხოლო ამ სამოთხის ხსოვნისგან დაშორებულები ვართ დავიწყების ბინდით. ამდენად, წუთისოფელი არის მდგომარეობა, რომელიც დავიწყებაზეა აგებული, თორემ სამოთხე აქაა, არსად წასულა და იმ წუთსვე გამოანათებს, როგორც კი დავიწყების ბინდს გავასუფთავებთ. რაც დარჩება, ისაა სამოთხე. ჩვენ კი გვეშინია. ისე შევეჩვიეთ იმ ცხოვრებას, რომ გვგონია, თუ უარს ვიტყვით მასზე, ანუ ფულზე, კარიერაზე, პატივზე, საჭმელზე, დავიღუპებით, მოვკვდებით. დიახ, ოღონდ შენ კი არ მოკვდები, შენი ეგო მოკვდება, რომელიც სამოთხეში გველის სიტყვებით ჩაირთო: შენ იქნები, როგორც ღმერთი. აი, რა გაშორებს სამოთხიდან; ერთი გარსი, რომ არსში შეხვიდე. ნეტარი ავგუსტინე ამბობს კარგად: თავიდან, როდესაც უფლის გზაზე პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, სიკვდილივით მიჭირდა ის, რაც მიყვარდა, იმის მოშორება. კანივით ვიგლეჯდი იმ თვისებებსა და ვნებებს, რომლებიც მიყვარდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ გზაზე არ გამომადგბოდა, ოღონდ, როდესაც ვხვდებოდი, რას მიტოვებდა ამ ვნებებზე უარის თქმა, როგორი ნათელი ავსებდა სიცარიელეს, უკვე სიხარულით ვყრიდი ყველაფერსო. გამოთქმაა ასეთი, დათვს, სანამ თაფლთან მიიყვანეს, ერთი ყური აახიეს, გამოსაყვანად კი, როდესაც გემო გაუგო, მეორე ყური ააგლიჯესო. ჰგონიათ, რომ ქრისტიანობა, მართლამადიდებლობა აკრძალვის რელიგიაა, არ ვიცი, რატომ ურჩევნიათ, რომ ასე ხედავდნენ, მაგრამ ჩაიხედონ შიგნით: აკრძალვები იმიტომ კი არ არის, რომ ღმერთს ჩვენი დასჯა უნდა, პირიქით, რაზეც უარს ამბობ და თავისუფლდები მისგან, ის ადგილი ივსება იმ ნათლითა და სიხარულით, რომელიც წარმოუდგენლად დიდია და სანეტარო და ასე ნელ-ნელა უბრუნდები შენი არსის მდგომარეობას. ეს ლექი, რომელიც გატყუებს – წუთისოფელში, ამღვრეულ სამოთხეში შექმნილი ურთიერთობები, ხასიათები, ჩვევები – მუდმივად გჭამს, ვერაფერს უხერხებ და ყოველ ჯერზე, როგორც კი ამაზე უარს ამბობ, ხვდები, რომ შინაგანად ივსები. რატომ არის მცნებები?! იმიტომ რომ ღმერთს მოვწყდით, ხოლო ღმერთს უნდა, რომ დაბრუნდე და ამიტომ გეუბნება, ეს არ გააკეთოო და როდესაც არ აკეთებ, იმ ადგილს ავსებს სიცხადე. თუ ამას არ გააკეთებ, ისევ წუთისოფელში რჩები და ტანჯვას იხანგრძლივებ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა