რელიგია

როგორ უნდა აიზიდოს ადამიანი ეგოს სამართლიდან მართალ სამართლამდე

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 03.10

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, განსხვავებით ყველა სხვა არსებისგან და ამის წყალობით, ის უამრავ შეცდომას სჩადის, თუმცა ეს შეცდომები აუცილებელია იმისთვის, რომ ადამის ისტორია დამთავრდეს და თითოეულმა მოახერხოს, გახდეს ის, ვინც არის, ანუ ვინც ღმერთმა ჩაიფიქრა, როდესაც ადამი შექმნა. როგორ მივხვდეთ, საკუთარ თავისუფალ ნებაზე დანდობით, რა გზაა სწორი, რომელიც მიგვიყვანს ამ საბოლოო მიზნამდე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა თავისუფალი ნება, რომ საბოლოოდ მივიდეს ჭეშმარიტებამდე?

– ჭეშმარიტება ადამიანის გამოცდილებაა, გარედან არ გეძლევა. არაერთხელ მომიტანია ფუტკრის მაგალითი: ის არ იტანჯება იმაზე ფიქრით, რომელი ყვავილისკენ წავიდეს, არასათანადო ყვავილებისკენ ბუნებრივად არ წავა, იმიტომ რომ ასეა დაპროგრამებული და ინსტინქტით მოქმედებს, რომელიც მასშია ჩადებული. მაგრამ ადამიანი ფუტკარივით ვერ არჩევს კარგსა და ცუდს: მუდმივად ცდება. აი, ესაა ორი ძალის ზემოქმედების შედეგი. პირდაპირ რომ წახვედი, ის გზა გეგონა ნამდვილი, მაგრამ დაგარტყა, იმიტომ რომ ნამდვილი არ იყო. შენ შეგეშინდა და საერთოდ აღარ მიდიხარ, გაჩერდი, აი, ეს ბავშვური საქციელია. მაგალითად, ბავშვისთვის ცეცხლი ულამაზესი რამაა, არ იცის მისი სიმწარე და ამიტომ ხელს ჰკიდებს. როგორც კი ცეცხლი დაწვავს, მეორე ჯერზე აღარ მიუახლოვდება, მაგრამ ეს ხომ მეორე უკიდურესობაა?! იმის გამო, რომ ცეცხლმა დაწვა, დავტოვოთ ბავშვი ისე, რომ ცეცხლს არასდროს გაეკაროს?! რა თქმა უნდა, არა. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ მესამე გზას და ბავშვი სწავლობს, რომ მიდის ცეცხლთან, მაგრამ უკვე გონიერად. გააზრებულად. აი, ეს უკვე გამოცდილებაა – ჭეშმარიტება. ქრისტე გვეუბნება: მე ვარ ჭეშმარიტება. რას ნიშნავს ეს? რომ ქრისტესა და ჭეშმარიტებას შორის მანძილი არ არის. იგივეა ჭეშმარიტება ჩვენთვისაც. ამიტომ ამბობს მაცხოვარი, ეძებეთ და იპოვითო. ძებნის ობიექტი და ძებნის პროცესი ერთი მთლიანია, ეს ჩვენ ვყოფთ ხოლმე შემდეგ, რომ რაღაც ანალიზი გავაკეთოთ. როდესაც მე ვსწავლობ, ჯერ მთელი არსებით გავრბივარ რაღაცისკენ – რაც თვალს მოსწონს, გულს უხარია. ავიღოთ, თუნდაც, აზარტული თამაში, ერთხელ მოიგო და ტვინში რჩება უტკბილეს მოგონებად, მაგრამ მიდის მეორედ, მესამედ და აგებს. უკვე აღარ უნდა, იქიდან გამოსვლა უნდა, მაგრამ ეს ძალიან რთულია. მაშინ როგორ ავწონო ეს ორივე ძალა ისე, რომ გავიარო სამეუფეო გზა, ანუ შუაში?!

ზოგს სამოთხე ჰგონია, როდესაც ვანო პაპა წამოწვება ხის ქვეშ, ვაშლი ჩამოვარდება და შეჭამს; ნეტარება, რომ არაფერი აკეთო, იმიტომ რომ ყველაფერი ყრია გარშემო. ნურას უკაცრავად: გადავშალოთ ბიბლია და ვნახოთ, რა წერია. იოანე ათონელის ნათქვამია: დაასახლა (ადამი) სამოთხესა საშვებელისასა, ადგილსა ბრძოლისასა და ძლევისასა და შეაყენა წამსა სასწორისასა ცხოვრება მისი. წამი არის, როდესაც სასწორის ორივე პინა გასწორებულია. შესაბამისად, გარედან სრულ კეთილად კი არ შექმნა ადამი, შეაყენა წამსა სასწორისასა: 50/50-ზე. ეს რას ნიშნავს? შექმნა მიწისგან, ეს არის ადამის მიწიერი, მატერიალური ბუნება და თავისი სული შთაბერა, ანუ მიანიჭა გონი. ესე იგი, ადამში ორივეა და ორივე თანაბრადაა. მაგალითად, ფუტკარს ჭარბად აქვს თაფლი, ბუზს ჭარბად აქვს მიდრეკილება ჭუჭყისკენ. ასე რომ, ორივე ჭარბადაა დეტერმინებული: ფუტკარი – პლუსით, ბუზი – მინუსით. არც ბუზია ბოროტი და არც ფუტკარი – კეთილი. არჩევანი არ აქვს არც ერთს. იმიტომ რომ ასეთი პროგრამა ჩაწერეს. სად წავა ისარი იმის იქით, საითაც გაისროლეს?! ვერსად. აი, ადამი კი ისარივით არ გამოუსროლია ღმერთს. ის არის, როგორც შესაძლებლობა, 50/50-ზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სტიქიით შექმნილი. რატომ? წერია, ადგილსა ბრძოლისა და ძლევისასაო. ესე იგი, უნდა იბრძოლოს და უნდა დაძლიოს. თუ ეს ძლევა არ იქნება, სამართალი ვერ შედგება. ამის გადალახვით ხდები ის, ვინც უნდა გახდე. არც გონი სჭარბობს ადამიანში და არც – ხორცი. ღვთის ხატი ღვთის მსგავსი ხდება, როდესაც ეს ორი სტიქია იმოქმედებს ერთმანეთზე, შენ დაძლევ და წარმავალს გონით ამოწევ, აი, მაშინ მიიღებ უკვე მსგავსებას. და ვის მიემსგავსები?! გონითი საწყისი და მატერია მოგეცა იმისთვის, რომ ამის ძლევით მიემსგავსო მას, ვისგანაც გამოიზიდე. ხომ ვამბობთ, მართალია, სწორია და სწორი რატომ არის? რას ადარებ?! რაღაცას თუ არ შეადარე, რა იცი, რაა სწორი?! შესაბამისად, სწორად მიდიან, ტოლად მიდიან, წყვილად მიდიან ნიშნავს, რომ მეორესთანაა შესაბამისობაში. ამდენად, ადამიანში დევს ის, რაც, რომ არ იყოს, სიმრუდესაც ვერ შეიგრძნობდა. რომ ამბობ, ეს სწორი არ არისო, რა იცი, რომ სწორი არ არის?! რასთან შედარებით არ არის სწორი?! ესე იგი, შენში დევს ეს საზომი, სხვა ახსნა არ არსებობს. ოღონდ პრობლემა რა არის, იცი? შენ იქნები, როგორც ღმერთიო და ამიტომ ყველას თავისი არშინი აქვს და სწორედ ეს არის ბავშვობა, ანუ გოიმობა, როგორც ებრაელები უწოდებენ. შენ შენი არშინით ზომავ, თავი მეტრი გგონია და დარწმუნებული ხარ, რომ ისეა, როგორც შენ ფიქრობ. ეს საიდან მოგვაქვს?! ღმერთი ხარ და იმიტომ, მაგრამ მაშინ რა არის მართლაც არასწორი?! პირდაპირ მოინდომე ღმერთობა, ისე, რომ გზა არ გაგივლია. ამიტომაა ადამიანი ცოდვა. ცოდვილია... და ამ ცოდვილობაში რა უნდა ვქნათ? უნდა შევეწიოთ ერთმანეთს, რათა შემდეგ გავიდეთ იმ სამართალში, სისწორეში და ავზიდოთ ჩვენი თავი ერთად. პირველმა ადამმა ჩართო ეს და ქრისტეში დასრულდა. რატომ გაჩერდა ქრისტეში დრო და სივრცე? იმიტომ რომ დასრულდა. ეს წუთისოფელი ადამის გონს მოსვლის პროცესია. რას ნიშნავს ეს? დაშლილი ადამი, რომელსაც თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია და ეს სწორიცაა, გაბრუებულია ამით და ბოლოში უნდა მიხვდეს, რაც ხდება: იმ ერთ მთელში ჩავიდეს და უკვე იქ გაამთლიანებს სხეულს. ამით სრულდება ისტორია – გონს მოსვლა.

რუსთაველი ამბობს, „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. ხე ამ შემთხვევაში წუთისოფელია; ხმელი ხეა წუთისოფელი, ვერ ვტკბებით აქაურობით, იმიტომ რომ გადამხმარია ყველაფერი. ამას გამოხატავს „ვა, სოფელო, რა შიგანხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გვჭირსა“ და რა გაანედლებს ამ გადამხმარ წუთისოფელს? მართალი სამართალი. ორი სამართალია: ერთი ეფუძნება ეგოს, მე ვარ ღმერთი და ცენტრი, მაგრამ ამის მიღმაა მართალი სამართალი, ის თავდაპირველი, რომლის ჩამონატეხი ვარ ამ მიწაზე და ახლა ეს მე ჩემში უნდა აღვასრულო, მართალ სამართლამდე უნდა ავიზიდო უკვე. იესო რომ ამბობს: მე და მამა ერთი ვართ. აი, ეს შანსია ადამიანად ყოფნა, რომ ის მართალი იქნება არა გარედან, ღმერთისგან გასუფთავებულად, არამედ თავისი ძალისხმევით, ხოლო ძალისხმევა, ბუნებრივია, გულისხმობს ცოტა წვალებას, მოთმინებას, დროს, ტანჯვას, სამაგიეროდ, ბოლოში ის მოხდება, რასაც გურამიშვილი წერს: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა