რელიგია

როგორ ცდილობს ადამიანი, ბედნიერების განცდით ჩაანაცვლოს სამოთხისეული ნეტარება

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 18.01

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ერთი მდიდარი კაცი ეძებს დამხმარეს, მაგრამ ყველა ძვირად აფასებს თავის შრომას. ერთ დღესაც მასთან მიდის ადამიანი, რომელიც სთავაზობს, იმდენი ოქრო გადამიხადე, რასაც ჩემი თვალი ზიდავსო. მდიდარი სიხარულით ეთანხმება, რაკი იაფი მუშა იპოვა. მოსავალს აიღებენ, დააბინავებენ და გასამრჯელოს გადახდის დროც მოდის. სასწორის ერთ პინაზე დებენ ადამიანის თვალს, მეორეზე კი მდიდარი კაცი დაყრის ოქროს, მაგრამ ვერა და ვერ გადაწონის მას. მთელი თავისი ოქრო-ვერცხლი დაახვავა მდიდარმა კაცმა, მაგრამ ვერაფრით გადაწონა ადამიანის თვალი. ბოლოს ერთი პეშვი მიწა დააყარეს სასწორის პინას და სწორედ ის აღმოჩნდა ადამიანის თვალზე მძიმე. რატომ ვერ აძღებს ადამიანს დედამიწაზე არსებული ყველა სიამე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ არის ადამიანის სხეული და ტვინი გაუმაძღარი? რატომ ვერასდროს კმაყოფილდება მიღწეულით და უფრო მეტი და მეტი უნდა?

– ისევ და ისევ ადამის მიერ სამოთხის დაკარგვის ამბავს უნდა დავუბრუნდეთ, როდესაც ადამიანი მოსწყდა სიცოცხლის წყაროს და საკუთარი ძალისხმევით, ოღონდ, რა თქმა უნდა, ღმერთის დაშვებით, შექმნა თავისი სამყარო, წუთისოფელი, რომელშიც თავი ღმერთად წარმოიდგინა და რომელიც, იმავდროულად, სულს უხუთავს, იმიტომ, რომ, რაც აქ ხდება, წარმოსახვაა, უსიცოცხლოა და ამის ბოლო სიკვდილია... როცა გული გამომშრალია, გატანჯულია უსიყვარულობით, ყველაფერი შეიძლება, გქონდეს, მანქანა, სახლ-კარი, საჭმელ-სასმელი, სოციალური სტატუსი, მაგრამ შენში ვიღაც იღვიძებს და ყვირის, მე ეს არაფერი მინდა, მე უსასრულოდ დიდი მინდა, რომელსაც ვერ შეედრება მთელი სამყაროს ქონება, ერთად აღებული. და აი, ეს გამომშრალი გული ქრისტესთან შეხებით აალდება. სწორედ ესაა, რასაც ქრისტე ამბობს, დედამიწაზე მოვედი და ვერავინ ვნახე ისეთი, რომელიც მე რწმენით შემეხებოდა; ცეცხლის მოსადებად მოვედი წუთისოფელშიო. იესო დადის და ასეთ გულებს ეძებს, გულებს, რომლებიც გამომშრალია ამ წუთისოფლისგან და შეუძლიათ, მას შეეხონ. აი, მაშინ აენთება ნამდვილი სიცოცხლე და უფალთან შეხებით სიცოცხლე ერთი ერთზე გადმოგეცემა. ამიტომ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ასეთი დიდი წყურვილი მოგვცეს: აღძარი, უფალო, ჩვენში შენდამი ნდობა. როდესაც პატარაა ბავშვი, ყველაზე საშიში რა არის? როდესაც უმადოა. თუ ჩვილი არ ჭამს, წყდება მისი კავშირი სიცოცხლესთან. ყველაზე დიდი შფოთიც მაშინ იწყება, როდესაც ბავშვი მადას კარგავს და მთელი ძალისხმევა იქითკენა მიმართული, რომ ბავშვს ძუძუ მოუნდეს. როდესაც ღმერთის მადა არ გაქვს, უმადო ხარ და შეიძლება, სიტყვა უმადურიც აქედანაა ნაწარმოები. უფალმა ცხოვრება გაჩუქა თავისი მრავალი ფერით – როგორც რუსთაველი ამბობს, „რომელმან მოგვცა სამყარო, გვაქვს უთვალავი ფერითა“ – შენ კი მადა არ გაქვს და ბუზღუნებ, ეს რატომაა ასე, ის რატომაა ისე – ყველაფერს იწუნებ. აი, ესაა უმადობა, ანუ უმადურობა. რას ნიშნავს მადა? ეს სამყარო უნდა შეჭამო. უფალი გეუბნება, ყველაფერი შენთვის მაქვს, შენ შეგიქმენი და შენ უნდა შეჭამო, უნდა გაიაზრო. სხვათა შორის, ქართული მიმართვაც, როგორ ხარ, ამას გამოხატავს. რომ ნახავ, პირველს ხომ ამას ეუბნები ადამიანს?! როგორ ხარ შემოკლებული ფორმა მგონია ზმნისა – ხარობ. მცენარეზე ხომ ვამბობთ, გავახარეო?! ესე იგი, ამ სიტყვას ორმაგი მნიშვნელობა ჰქონია: გავზარდე უდრის, რომ სიხარული მივანიჭე და გავაცოცხლე, ანუ არსებობა გახარებასთანაა დაკავშირებული.

ჩიტი დილის 5 საათიდან რომ გალობს, რატომ გალობს?! ოქსფორდში შვილი ჩარიცხა თუ ახალი ბინა იყიდა, როგორც ახლა ამბობენ, პრესტიჟულ უბანში?! ჩვენ ხომ ასე განვსაზღვრავთ ბედნიერებას – ანუ შენაძენის ფასით?! ეს ცუდი კი არ არის, მაგრამ უბრალოდ ბედნიერებაა. ხოლო ბედნიერება ისეთი რამაა, რაც მიდის და მოდის, ხოლო ნეტარება სულის მდგომარეობაა. ნეტარება დავკარგეთ იმიტომ, რომ სამოთხე დავკარგეთ. სამოთხე რა არის? როდესაც ნეტარების წვეთოვანები ჩვენი გულის არტერიაზე იყო დაყენებული, მაგრამ სამოთხის დაკარგვის შემდეგ გარედან გვჭირდებოდა რაღაცების მიღება, რომ უფრო მეტად ნეტარები ვყოფილიყავით. ნეტარების მდგომარეობა თვითკმარია, ისევე, როგორც სუნთქვა. გაკლია ჟანგბადი, როდესაც სუნთქავ?! ყველაფერი გვაკლია ჟანგბადის გარდა, ცხვირის გაშვერაც კი არ გვჭირდება, რომ ვისუნთქოთ. ჟანგბადი მილიონჯერ მეტია, ვიდრე ჩვენს ფილტვებს სჭირდება და ზუსტად ასე უნდა ვყოფილიყავით ჩვენი სულის ჟანგბადით – ნეტარებით. როდესაც ამას მოვწყდით, ესაა სამოთხის დაკარგვა. სწორედ ამის შემდეგ ვართ იძულებული, რომ მატერიიდან გამოვწუროთ ეს ყველაფერი. იმიტომ კი არ ვჭამ, რომ არსებობა შევინარჩუნო, არამედ მინდა, გემოც ვიგრძნო; გემოთმოყვარეობის სიამოვნება განვიცადო, იმიტომ რომ მაკლია და თუ მაკლია, ესე იგი, რაღაც პრობლემა მაქვს, მოწყვეტილი ვარ სამყაროს ცენტრს. ასევეა მოწყობილი ყველაფერი: ხელი, ფეხი, კუჭი, თვალი, გენიტალიები... მხოლოდ არსებობის შესანარჩუნებელი რომ იყოს, რაც გრძნობის ხუთი ორგანოთი მეძლევა, მაშინ ნეტარება თავის ადგილას უნდა იყოს. მაგრამ, რაკი მოვწყდი ნეტარების წყაროს და მისგან ვერაფერს ვიღებ, სხეული იძულებულია, მატერიისგან ამოიღოს, რაც აკლია. ჟარგონით რომ ვთქვათ, „ლომკებში“ ვართ და ყველა სანაგვეში ვიქექებით, რომ როგორმე ეს „ლომკა“ მოვიხსნათ. და რა არის გამოსავალი?!

იესო მოდის და ამბობს, მშვიდობა თქვენდა. რატომ მშვიდობა?! მშვიდობის ფუძე რა არის?! დიახ, შვიდი. მეშვიდე დღეს დაისვენა უფალმა და, შესაბამისად, ყველა ადამიანი ესწრაფვის დაცხრომასა და დასვენებას. ეს სამყაროს თვისებაა – მისი თითოეული ნაწილაკიც კი მიილტვის დაცხრომისკენ. რომ მისმენ, ესე იგი, ეს შენთვის ახლა ყველაზე კომფორტული მდგომარეობაა და როგორც კი ადგები, ნიშნავს, რომ ადგომაა შენი კომფორტული მდგომარეობა, მოსმენაზე უკეთესია, თორემ აქ დარჩებოდი და ისევ მომისმენდი. აი, ასეთ აღძრულ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ ქრისტე მოდის და გვიბრუნებს სამოთხეს. ვიმეორებ, სამოთხე სულის მდგომარეობაა და არა გეოგრაფიული მდებარეობა. სამოთხე და ჯოჯოხეთი ჩვენს გულში პატარა აპკითაა გამოყოფილი: ერთი ნაბიჯი იქით და შფოთი იწყება, ანუ ჯოჯოხეთი, ერთი ნაბიჯი აქეთ და სამოთხეა. ადამი შფოთის ქვეყანაში დაემკვიდრა, როდესაც სამოთხეს მოსწყდა. და აი, ამ შფოთის, ზრუნვის ქვეყანაში, ანუ წუთისოფელში, შემოდის იესო – სიმშვიდე; გვიხმობს, მოდით, დამაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე დაგასვენებთ თქვენ. გვეუბნება, მე ვარ თავშესაფარი, სადაც თქვენი გულის არტერიაზე ისევ დაყენდება ნეტარების წვეთოვანები. სულიწმიდის მოქმედებით გაივსები და აღარ დაგჭირდება შენი არსების მატერიისგან ავსება, იმიტომ რომ უკვე გაჯერებული ხარ. ამის შემდეგ უკვე შენგან იდინებს სიცოცხლის მდინარეები და სხვებისთვის იქცევი კურთხევად და წყალობად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული