რელიგია

როგორ თავისუფლდება და იწმინდება ადამიანი ცოდვებისგან დიდი შოკის დროსაც, ყოველგვარი მონანიების გარეშე

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.10

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

გემახსოვრებათ გამონათქვამი, ღმერთს დაავიწყდაო, როდესაც ადამიანის ცხოვრება ხანგრძლივი და მდორეა, არც არაფერი ხდება და ცხოვრებაც გაუსაძლისად ხანგრძლივი აქვს; მეორე მხრივ, ღმერთს უყვარხარო, ეუბნებიან მას, ვისაც განსაცდელი ეწვევა ხოლმე, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ მამას თავისი ცოდვილი უძღები შვილი უფრო უყვარს, ვიდრე უფროსი ძე, რომელიც მუდამ მის ნებას ასრულებდა. როგორ შეუძლია ღმერთს, ვუყვარდეთ ამდენი ცოდვის ჩამდენები?

– დიახ, უფალს უყვარს ცოდვილი. იმიტომ რომ ცოდვილი ყველაზე დიდ ტვირთს მიათრევს; უფალს უყვარს ცოდვილი, იმიტომ რომ უნდა, რომ ამ ტვირთის ქვეშ გატყდეს კაცი, რადგან, რაც ამის შემდეგ დარჩება მისგან, ისაა ნამდვილი. კაცი უნდა დაიბადოს ტკივილით და ამიტომ მშვიდად უყურებს ღმერთი. სტკივა პატიმარი, სტკივა სიკვდილმისჯილი, მაგრამ ისინიც თავისუფლდებიან. დასახვრეტად რომ მიჰყავთ ადამიანი, ეს ხომ დიდი შოკია?! მაგრამ ეს შოკი პირდაპირპროპორციულია მისი იმ ამბიციის ტვირთის, რაც მას მიაქვს და, თუ ეს არ განადგურდა, ვერ გათავისუფლდება. ნახე, პავლე მოციქული რას გეუბნება?! პირდაპირ წერია, რომ ყველა ცოდვილი, თავისი ტკივილებით ითავისუფლებს თავს ცოდვისგან. ხომ ყველა ცოდვილია, წმინდანებიც კი?! მთავარი აქ, ხომ, მიხვედრაა?! აი, რას წერს პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ, მეხუთე თავში: „როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი, თურმე, ცოლად ჰყავს. თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი. ხოლო მე – თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, – უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით – სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.“ იმიტომ რომ, აი, უკეთურო, ეს რა ჩაიდინე, გაგატყავებ ახლავე?! არადა ჩვენც ხომ ასე ვამბობთ: ღმერთი დაგსჯის. აბა, რატომ უნდა მიეცეს სატანას „ხორცით სატანჯველად“?. რატომ? იმიტომ, რომლითაც სცოდა, იმ ხორცში თუ დარჩება, უფრო უარესია ადამიანისთვის, რადგან იტანჯება ამ ხორცით. რისთვის უნდა იტანჯოს? „რათა ხსნილ იქნეს უფალი იესოს დღეს“. აი, ამ ხორცის ტანჯვის განაჩენი გამოუტანა პავლემ ამ კაცს, ანუ ცოდვის საპირწონედ ჯობია, რომ სატანამ გატანჯოს ეს კაცი, ავადმყოფობითა თუ სიკვდილით, რომ ეს ხორცი, რომლითაც ცოდვა ჩაიდინა, ვინაიდან მისი გადაკეთება არ შეიძლება, წაერთვას, რომ გადარჩეს! ესე იგი, აქ ამ კაცის არც მონანიებაა და არც ჩადენილის გააზრება, სულ არაფერი – თურმე, შოკს თუ მიიღებ, ციხეს თუ გაივლი ან ავადმყოფობას, ესეც ხორცის ტანჯვაა. ზოგი გონებით იტანჯავს თავის თავს, მაგალითად, მონანიე უდაბნოში მიდის, ბალახს ჭამს და ეს იგივე ციხე არ არის?! გინდა საკანში იყავი უვადო პატიმარი და გინდა მღვიმეში იჯექი 5 წელი სიბნელეში, სადაც არც ჭამ და არც სვამ. იგივე შეზღუდვა არ არის, რაც პატიმრებს აქვთ?! უბრალოდ, მღვიმეში თვითონ იწამებს ხორცს და ამ დროს სული ნეტარებს. ვინც გონებით იტანჯავს თავს, მას მეტი მოეთხოვება, ხოლო, რადგან პატიმარს მეტი დონე არ აქვს, მასზე ფიზიკურ ტანჯვებს უშვებს ღმერთი, რომ მისი სული გადაარჩინოს. ამ ტანჯვით უნდა განიწმინდოს, თორემ სული ყველაში წმინდაა: ის არ იცვლება. ოქრო, რაც უნდა ტალახში ჩააგდო, თავის თვისებებს არ იცვლის! აი, საიდან მოდის ცოდვა და არა დასჯის შიშიდან. როდესაც ადამიანი ამას მიხვდება, ამ მიხვედრითაც თავისუფლდება. მიმოვიხედოთ: უამრავს აქვს გული გატეხილი, ჩემი საქმე წასულია, მე უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი ვარ ან ისეთი ცოდვები მაქვს ჩადენილი, ღმერთი არ მაპატიებს... და რას აკეთებს ასეთი ადამიანი?! გაურბის ღმერთს, ეძებს ბნელ ადგილებს და ათეიზმს იგონებს. ათეიზმი მას გადაარჩენს, იმიტომ რომ ღმერთი, რომელიც მათ ქრისტიანებმა შევუქმენით: ისეთი ცოდვილი ხარ, რომ ღმერთი მოგკლავს, არ უნდა და ურჩევნია, ღმერთი გადააყენოს. დაუშვას, რომ ღმერთი არ არის და ადამიანის ტვინს აქვს ამის უნარი. ეს უნარი რომ არ ჰქონოდა, ადამიანი გაიტანჯებოდა, იმიტომ რომ ვერსად გაექცეოდა ასეთ მრისხანე ღმერთს. ამიტომაც ჩვენგან, რელიგიურებისგან, განსხვავებით, ღმერთმა იზრუნა მათზე და ის კაციც ამბობს: არ არის ღმერთი, ვინაიდან სხვანაირად ვერ გადარჩება. შენ ხომ თამაშობ? ჰოდა, ჯოჯოხეთში მოხვდები! სამი წლის ბავშვს რომ ეტყვი, წყალს თუ დალევ, ქრისტე ბიძია არ გაზიარებსო, რომ გაიზრდება, შეუყვარდება ასეთი ღმერთი?! ჩვენი მიწოდებული ღმერთია გასასუფთავებელი, თორემ ღმერთი ყოველთვის სუფთაა. ქრისტე ყოველთვის ჯვარცმულია და გველოდება, როდის მივხვდებით, რომ ჩვენ თვითონ ვიტანჯავთ თავს. ჩვენვე, ჩვენი ნებით, შევქმენით საკუთარი ტანჯვები. უფალი გვიყურებს და გვეუბნება, რატომ აკეთებ ამას?! ასე არ გააკეთო და არ გეტკინება. რატომ მიგაქვს ის ტვირთი, რის ტარებაც არ გეკუთვნის?! მოდი ჩემთან. შენ შექმენი, რაც დაიმართე და მე ვერ გშველი, თუ ჩემთან არ მოხვალ.

მაგრამ ღმერთი მაინც მშვიდადაა, ვინაიდან მან იცის, რომ ბოლოს ყველა ტკივილი იძინებს; იცის, რომ ეს წამიერია. რამდენი 20-40 წლის მამაკაცი მინახავს, ხუთი კაცი აკავებს, რომ ნემსი გაუკეთონ, ეშინიათ. და რა ვქნათ? არ გავაკავოთ? და რომ იტანჯება?! ეგაა სწორედ სიკვდილის შიში: ღმერთს რომ მოშორდი, რაღაცებს ჩაებღაუჭე, რომ გამაგრდე. ღმერთს რომ მოშორდი, შექმენი თვისებები, ხასიათები, ჩვევები, სამაგრები, რომ იბრძოლო და დაიცვა ის, რაც შექმენი, არადა, რაც შექმენი, ტყუილია, ღია ცის ქვეშ ვიბრძვით. გვიყურებს ღმერთი და გველოდება: ყველგან ღმერთია და ჩვენ ვერ ვხედავთ მას. „სახარებაში“ წერია, აკრძალვები ბავშვური დონეა. ამწუთას შეიძლება, არ ვთქვი, მაგრამ ხუთ წუთში იმავეზე შეიძლება, კი უნდა ვთქვა. თუ ერთი წესით იმოქმედებ, ვერ იცხოვრებ. უნდა გააანალიზო: ჩვენ ყოველ წამს ქმნადობის პროცესში ვართ. ყოველი წამი არის სამოთხის არჩევანი. პრობლემა ისაა, რომ შენ ხარ სუსტი და გაფრთხილებენ და არა იმიტომ რომ, რასაც გიკრძალავენ ცუდია, უბრალოდ საშიშია, თუ უმწიფარი ხარ. პავლე მოციქულის სიტყვებია: ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ მე არაფერმა უნდა დამიმონოს. ესე იგი, რა ყოფილა პრობლემა?! აკრალვის დრღვევა კი არა, ის, რომ შენ ხარ სუსტი და ამიტომ არ შეიძლება შენთვის. თუმცა პავლე მერე უკვე ამბობს, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვისო. არაფერი არ არის თავისთავად უწმინდური, ჩვენ კი აკრძალვები ნორმად შემოვიტანეთ. უდაბნოში ყველაფერი ჰქონდათ, ბოლოს ხორცი მოითხოვეს... იმიტომ რომ ნორმალური არ არის, გარედან როცა გეძლევა რამე. არანორმალურია, როდესაც ადამიანი გარედან იმართება, ანუ წეს-კანონებით და ამას გაურბის ადამიანი, არ მინდა მონობაო, არადა ეს დამოკიდებულება უარესია. თუ გონიერი ხარ, გაიგებ აკრძალვის მიზანს: დავემორჩილები აკრძალვას, სანამ მე თვითონ გავთავისუფლდები, მაგრამ ეს ბალანსი დაცული არ არის და მთელი სამყარო იტანჯება ამ ორისგან: ან ზედმეტად უჭერს – ირანი ან ევროპასავით ზედმეტად იწევს თავისუფლებისკენ, ამიტომ ერთგან ცოდვისგან ლპება, მეორეგან – იწვის და იბუგება. აი, იმ შუისგან კი, რისკენაც მივდივართ, ადამიანი შიშით კი არა, სიმწიფით ამაღლდება

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი