როგორ შეიძლება, სული მოვზღუდოთ მანკიერი სურვილებისგან
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.10

სამყაროს შემქმნელმა, უზენაესმა ღმერთმა ჩვენთვის იმისთვის მიიღო თავისი ხატება, რომ ჩვენთვის ზეციდან ანგელოსური სიწმიდე გარდმოეტანა. ამიტომაც, თუკი ადამიანები ამგვარი პატივის შემდეგ ვნებებს ეძლევიან, შეუძლებელიც კია, გამოხატო უგუნურების სიღრმე, რომლითაც ქრისტეს ასონი, სიძვის ასოდ შეიქმნებიან, შეურაცხყოფენ უფლის წყაობას და რამდენიც მათზეა დამოკიდებული, ამაოს ხდიან მას. ეშმაკები უსმენენ და თრთიან, რამდენადაც ღმერთს არ სურს, რომ ისინი მასთან იყვნენ თანაზიარებში, ხოლო ჩვენ კი თანაზიარად გვხდის. ამის შემდეგ მორწმუნეთაგან ზოგიერთები კადნიერდებიან ქრისტეს განეყვნენ და მეძავებს შეეყვნენ! იმდენად დიდი ბოროტება არაა, ციდან წუმპეში დაენარცხო, რამდენადაც გახდები რა ქრისტეს ნაწილი, უარყო ეს ღვთიური პატივი და შეიქმნე ნაწილი მეძავისა. მაშ, როდესაც მანკიერი გულისთქმა აანთებს შენს სულს, მაშინვე მოიგონე ქრისტე, წარმოიდგინე, რომ შენ წინაშე პავლე დგას, რომელიც ჰხმობს შენდამი და ამბობს: „ან იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი?“ (კორინთელთა 6,15). თუკი შენ ამ სიტყვებს გაიხსენებ, მაშინვე იხილავ, როგორ გაიქცევა გულისთქმა, რამეთუ, თუკი კდემამოსილი ან მორცხვი ქალბატონი თავშეუკავებელ მოსამსახურეებს მხოლოდ ერთი შეხედვით დაარცხვენს ხოლმე, განა არ უნდა განცვიფრებდეს, რომ ქრისტეს გახსენება მაშინვე ასამარებს ანთებულ გულისთქმას? გამუდმებით თვალწინ გქონდეს სხივმფენი ჯვარი და შენ ცოდვათაგან შეუბღალავი დარჩები მაშინ, რამეთუ, როგორც ღრუბლის სვეტი, სახე ჯვრისა ჩვენისა, იფარავდა ებრაელ ხალხს, რათა მას რაიმე არ ვნებოდა ეგვიპტელთაგან (გამოსვლათა 13,21), ასევე, ჯვარიც, ჩვენგან ხილული, მაშინვე განდევნის ყოველგვარ მანკიერ გულითქმას. ის ხსნაა სულისთვის და მკურნალობა არაწმიდა გულისთქმების წინააღმდეგ. ხორციელ ავადმყოფს საექიმო ხელოვნება კურნავს, ხოლო ავადმყოფ სულს მალევე აჯანსაღებს ქრისტესმიერი გამონათქვამები.
როდის შეგვფერის ლაპარაკი და როდის – დუმილი
თუკი რამ სასარგებლო გაქვს სათქმელი, მაშინ გახსენი ბაგე, ხოლო, თუ არაა რაიმე აუცილებლობა, მაშინ სდუმდე, რადგან ეს უმჯობესია. ხელოსანი ხარ? იგალობე ფსალმუნები მჯდომარემ, მაგრამ შენ არ გსურს იგალობო ბაგეებით? გააკეთე ეს აზრით. ფსალმუნი უდიდესი თანამოსაუბრეა. მისგან შენ არანაირი ვნება არ გექნება, არამედ ზნეობის უმანკოება გვანიჭებს სიმშვიდეს. ასე მაგალითად, პავლე მოციქული იქმოდა რა სახელოსნოში ხელსაქმეს, მის სათნოებას რაიმე ზიანი არ მიჰყენებია.
რა უნდა გახსოვდეს, როდესაც საზრდელის მისაღებად ჯდები
როდესაც საზრდელის მისაღებად ჯდება, მოიგონე, რომ ამის შემდეგ უნდა ილოცო და ამიტომ ზომიერად მიიღე საკვები, რათა ნაყროვანებით დამძიმებულს არ გაგიჭირდეს მუხლის მოდრეკა და ღვთისადმი ლოცვა... რამეთუ ის, რომ ჭამას ძილი და განსვენება კი არ უნდა მოჰყვეს, არამედ ლოცვა და წმიდა წერილის კითხვა. ეს ნათლად გვიჩვენა თავად ქრისტემ. დააპურა რა უდაბნოში (გენესარეთის ტბასთან) ურიცხვი ხალხი, მან ისინი დასაძინებლად კი არ გაუშვა, არამედ შესთავაზა საღვთო სიტყვების მოსმენა: რამეთუ არ დაამძიმა რა ზედმეტი საჭმელ-სასმლით, არამედ დააკმაყოფილა რა მათი მოთხოვნილება, მოიყვანა სულიერ საზრდელთან. ჩვენც დავისწავლოთ, იმდენი საზრდელი მივიღოთ, რამდენიც სასიცოცხლოდ გვჭირდება და არა სტომაქის დასამძიმებლად, რადგანაც ჩვენ იმისთვის კი არ გავჩნდით და ვცხოვრობთ, რომ ვჭამოთ და ვსვათ, არამედ იმისთვის ვჭამთ, რომ ვიცხოვროთ. სიცოცხლე არ გვეძლევა საჭმლისთვის, არამედ დასაბამიდან საზრდელი გვეძლევა სიცოცხლისთვის.
იოანე ოქროპირი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან