რელიგია

როგორ შეიძლება, შეიცვალოს ადამიანი ერთ წამში და როგორ ატყუებს ადამის მოდგმას წუთისოფლის მთავარი – სატანა

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 18.08, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

თითოეული ადამიანი, როდესაც მაცხოვარს შეხვდება, თუ გაუმართლა, ამ სიცოცხლეშიც კი და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ წუთისოფელს გამოემშვიდობება, არავინ იცის, რას ეტყვის. იესოს გვერდით ჯვარცმული ავაზაკის ამბავი, პირველი რომ შევიდა სამოთხეში, ვიცით, იმიტომ რომ იოანემ გაიგონა მისი და მაცხოვრის საუბარი. ამიტომაც არ უნდა განვიკითხოთ, ჩვენი შეფასებით, უცოდვილესი ადამიანიც კი, მაგრამ როგორ დგება ის ერთი წამი, რომელიც ცვლის აბსოლუტურად ყველაფერს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ერთ წამში შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი, იმ წამში, როდესაც ქრისტეს შევხვდებით, თუნდაც, ეს უკანასკნელი წამი იყოს და იმ წამმა გადაწონოს მთელი ჩემი ცოდვილი ცხოვრება. როგორ ხდება ეს?

– ეს შეიძლება, დავუკავშიროთ იმას, რითაც დაიწყე: არ განიკითხო, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი ჩვენ წინაშე დგას, გარეგნულად შესაძლოა, ძალიან ცოდვილიც ჩანდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მისი შინაგანი მდგომარეობა. თუ ერთმანეთს ჩვეულებრივ კვერცხსა და იმ კვერცხს შეადარებ, რომელზედაც კრუხი 20 დღის განმავლობაში იჯდა, თვალით ვერაფერს შეამჩნევ, მაგრამ ერთიდან ზუსტად ერთ დღეში წიწილა გამოიჩეკება. ასეთი ამოცანაცაა: საზამთრო მწვანეა თუ წითელი? საზამთროს არსი შიგნითაა, გარეთ კანია, მაგრამ ბავშვური დონისთვის საზამთრო მწვანეა, იმიტომ რომ გარედან ასე ჩანს. ამდენად, არც ისე იოლია ამ კითხვაზე პასუხი. ჩვენ ადამიანებსა და მოვლენებს ვაფასებთ გარეგნულად, იმით, რაც ჩანს. არადა შეიძლება, გარეგნულად ადამიანი ძალიან ღვთისმოშიში ჩანდეს, ზნეობრივი, მოწესრიგებული, მაგრამ შიგნით ვერაფერი იპოვო; მეორე მხრივ, გარეგნულად ადამიანი შესაძლოა, ჩანდეს ქრისტეს მკვლელად, ურჩხულად, მაგრამ შიგნით ისეთი დიდი სიკეთე ედოს, რომ ერთ წამში საპირიპირო შედეგი მივიღოთ. დიახ, ადამიანი იცვლება წამში. ასე რომ, მხოლოდ ზედაპირზე დანახულით ვერაფერს ვიტყვით, ამიტომ ამბობს უფალი, ნუ განიკითხავთ, ვიდრე დრო არ მოვა და ყველაფერს ღმერთი არ გამოაჩენსო, მაგრამ, ნახე, რას ვამბობთ ჩვენ? ღმერთის რწმენა დავკარგე იმის გამო, რომ ამ ადამიანის, მღვდელი იქნება ეს თუ მრევლი, იმედი მქონდა, მაგრამ ისეთი რამ გააკეთა, რასაც ვერ წარმოვიდგენდიო. ესეც არასწორია, ვინ გითხრა, რომ ადამიანის უნდა ირწმუნო?! ვინც მხოლოდ გარეგნულს უყურებს, ყოველთვის დაბრკოლდება: დააბრკოლებს ის, რომ ვიღაც ძალიან კარგი ეგონება და ძალიან ცუდად გაჩვენებს თავს, ან ვიღაცას გვერდს აუვლის, თვალსაც მოარიდებს, ის კი წმინდანი შეიძლება, აღმოჩნდეს. წუთისოფელი წარმოსახვაა, სიცრუეა; წერია კიდეც, რომ წუთისოფლის მამა სატანაა და ის ყოველთვის ცრუობს. ის ნიღბები, რაც ამ მატერიალურ სამყაროშია, გვატყუებს, ამიტომ ამბობს ქრისტე, ნუ განსჯით ხორციელად. ქრისტესმიერი ხედვაა გარსის, ქერქების მიღმა ხედვა. ებრაულად „ქერქი“, „გარსი“ ბოროტებას ნიშნავს. ბავშვს რომ წაბლი ბუნებრივ მდგომარეობაში ვაჩვენოთ, არც კი მიეკარება; მაგრამ შეიძლება, ძალიან ლამაზი შხამიანი სოკო ნახოს, მოტყუვდეს, გემო გაუსინჯოს და მოიწამლოს. ჩვენც ასე ვტყუვდებით ცხოვრებაში, რადგან ის კი არ არის ნამდვილი, რაც გარედან ჩანს, არამედ ის, რაც სიღრმეშია. სიღრმეში კი, ის, რაც გარეგნულად მახინჯად ჩანს, შეიძლება, მშვენიერი იყოს; ხოლო, რაც გარეგნულად ძალიან სათნოდ ჩანს, მან ისეთი სიმდაბლე გამოიჩინოს, გული აგვიცრუვდეს. მაცხოვარი გვეუბნება: გიყვარდეთ! გიყვარდეთ არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა ჩაიხუტო. გიყვარდეს ნიშნავს, რომ ქმნილების მიღმა დაინახო ღვთის ხატი და სთხოვო უფალს, დაიხსნას წუთისოფლის ბანგისგან. ჩვენ, ყველანი, რომლებიც სხეულში ვართ, სიკვდილის ქვეშ ვიმყოფებით. სამარხებს ადარებს მაცხოვარი ჩვენს სხეულებს, სხეულებით სიკვდილის სამარხებში ვართ და ვინც გიგონებს ღვთის ძის ხმას, საფლავებიდან ადგებიან და ტკივილები და იმედგაცრუებებიც ნაკლები იქნება. ამიტომ შინაგანი მზერით უნდა დავინახოთ და არა გარეგნულით. რაც მთავარია, ცვლილება იმ ერთ წამში კი არ ხდება, არამედ იმ ერთ წამში ვლინდება ის, რაც გარედან იყო გადაფარული, შიგნით კი მზადდებოდა. ერთ წამში გამოდის წიწილა კვერცხიდან, მაგრამ 21 დღეს მწიფდება. ადამიანიც იმიტომ შეიძლება, შეიცვალოს ერთ წამში, რომ ტყუილია, რაშიც იმყოფება და ჩვენგან უცნობი მიზეზით, უცბად შეიძლება, გაიღვიძოს და გონს მოვიდეს. წუთისოფელი სიზმარია, წარმოსახვაა, რომელიც განგებამ დაუშვა იმისთვის, რომ ასპარეზი ჰქონოდა ადამიანის თავისუფალ ნებას, რომელმაც მოინდომა, ყოფილიყო ღმერთი ღმერთის გარეთ. განგებამ ადამიანს ასათვისებლად დაუტოვა სივრცე, სადაც ღმერთი არ არის და სადაც ადამიანს ჰგონია, რომ ღმერთია და თავის ურთიერთობებს ამ სიცრუეზე აშენებს, მაგრამ განგებამ ისე მოაწყო, რომ ამ სივრცეში არ არის სიმშვიდე და სიხარული, იმიტომ რომ ხელოვნურია და ადამიანი, რომელიც გაბრუებულია ამ წარმოსახვით, შეიძლება, ერთ წამში მოვიდეს გონს და ამ მიხვედრით ჩამოიშლება ეს ტყუილი. გონს მოსვლა, მეორე მხრივ, ნიშნავს გათავისუფლებას, იმიტომ რომ მონობა უგუნურობის მდგომარეობაში ყოფნაა და, როდესაც ადამიანი გონს მოდის, ის უბრუნდება თავის თავს. ჩვენ არ ვიცით, რა დრო დასჭირდება ამ მდგომარეობამდე მისვლას და არც ის, რა პროცესები ხდება ამ დროს ადამიანში. დიახ, ერთ წამში იცვლება ადამიანი, მაგრამ, როგორ ფიქრობ, სავლეში ერთ წუთში მოხდა ყველაფერი?! მხოლოდ უფალზე რომ იყოს ეს ცვლილება დამოკიდებული, გამოეცხადებოდა ყველას და ყველა პავლე გახდებოდა, რატომ გაგვაწვალებდა?! საქმეც ისაა, რომ სავლე მზად იყო ამისთვის, მას მხოლოდ მცირე ბიძგი სჭირდებოდა და, სხვათა შორის, სწორედ გაორების გამო დევნიდა ქრისტიანებს, იმიტომ რომ თავის თავში კლავდა იმ აზრს, რითაც ქრისტიანებისკენ იხრებოდა; მის სიმპათიას ქრისტესადმი ახშობდა მისივე ეგო და ამიტომ ქრისტიანებს ერჩოდა, არადა, თურმე, პირიქით იყო: შინაგანად იმდენად მომზადებული იყო ქრისტეს მისაღებდ, რომ მხოლოდ მცირე სიცხადე სჭირდებოდა. როგორც კი მიიღო ეს სიცხადე, იმ წამშივე პავლე ხდება და მაშინვე ამბობს: უფლო, რას მიბრძანებ, რა გავაკეთოო. იმ ერთმა გამოცხადებამ სავლე ცხოვრების ბოლომდე პავლედ აქცია. თუ ჩვენც ასე ვიქნებით, წამში მოგვეფინება ნათელი. ის, ვისაც სწყურია ჭეშმარიტება, შეიძლება, გარეგნულად უღმერთოდ ცხოვრობდეს, იყოს ქურდი, მრუში, ავაზაკი, მკვლელი, მაგრამ ეს ცოდვის ის ინერციაა, რომელსაც ვერ ართმევს თავს, თუმცა ებრძვის და შინაგანად იტანჯება, ოღონდ ეს ხომ გარედან არ ჩანს?! ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ხდება მის გულში, ხოლო ღმერთი უყურებს გულს! აბა, გარეგნულად ყველანი ცოდვილები ვართ და, როდესაც ასეთი ადამიანის ბრძოლა, ჩაკირკიტება, ტანჯვა პიკს აღწევს, უფალი მას ეცხადება და ხდება ტრანსფორმაცია. ვინც მთელი ცხოვრება შანაგანად ეწამება, რომ სიცრუეში ცხოვრობს მისი სხეული, მაგრამ ძალა არ აქვს, დაამარცხოს, სამაგიეროდ, განიცდის თავის სიღატაკეს, მას ერთ წამში შეიძლება, მოაშოროს უფალმა ყველაფერი გარეგნული, გაწმინდოს, თვალი აუხილოს და თავისი დიდების ხილვის პატივით აავსოს. ამიტომ ერთადერთი, რაც გვჭირდება, ისაა, რომ ნაკლებად განვიკითხოთ ადამიანები იმისთვის, როგორებადაც ჩანან გარედან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი