რელიგია

როგორ შეიძლება, იქცე ნომინალური მართლმადიდებლიდან მართლმამცირებლად

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 14.03

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

თუმცა თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად მივიჩნევთ, ჩვენი რეაქციები უმეტესწილად საკმაოდ წარმართულია, მათ შორის, განსხვავებულებისადმი, ჩვენი შეურაცხმყოფელებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში. მეტიც, დარწმუნებულები ვართ, რომ რჩეულები ვართ და მხოლოდ ჩვენ ვცხონდებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებლები ვართ, – ამ არც თუ მარტივ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– უმეტესობა დარწმუნებულია, რომ არამართლმადიდებლები ვერ ცხონდებიან. ამდენი ადგილია ჯოჯოხეთში? და ჩვენ ავტომატურად ვცხონდებით და დავსახლდებით სამოთხეში?

– ჯერ ის ვთქვათ, ვინ არის მართლმადიდებელი; სად ან რით იწყება მართლმადიდებლობა? თუ მონათლულია, ესე იგი, მართლმადიდებელია?! მაგრამ არის კი მართლმადიდებელი ადამიანი, ვინც მოინათლა და მას შემდეგ ეკლესიაში არც შესულა?! ნომინალურად, რა თქმა უნდა, არის და შეიძლება, ტაძრებს რომ დაინახავს, პირჯვარსაც იწერს, ჯვარსაც ატარებს, აღდგომას ეკლესიაში სანთელსაც ანთებს, მაგრამ ქრისტე რისთვის მოვიდა? ეკლესია, საეკლესიო დღესასწაულები რისთვის გვაქვს? რატომ აღევლინება მუდმივად წირვა-ლოცვა, რატომ ვართ ქრისტეში განუწყვეტლად?! იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა. შეიძლება, მართლმადიდებელი ავტომატურად არ ცხონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მონათლულია, მაგრამ ამ მუდმივმა პროცესმა შეიძლება, მასში გააღვიძოს მონანიება და მონანიებით მაინც გადარჩეს. თუ ეს მონანიება არ იქნა ცხოვრების ბოლოს, რაც უნდა წესი ავუგოთ, არ მგონია, გარდაუვალად ცხონდეს ვინმე. ასე ადვილი არ არის ქრისტიანობა: ქრისტე ჯვარზეა გაკრული და გეუბნება, თუ შენც ჯვარზე არ გაეკვრები, ყოველდღე, მუდმივად არ აიღებ შენს ჯვარს, არ მოიძულებ ამ ცრუ წუთისოფელს, ვერ გამომყვებიო. ესე იგი, ვინ არის მართლმადიდებელი? ვინც გამომყვებაო, ამბობს მაცხოვარი, ანუ ვინც ყოველდღე თავის ჯვარს ზიდავსო. თურმე, მართლმადიდებლობა არ ყოფილა ერთჯერადად მონათვლა, ერთჯერადად ზიარება, ზოგმა იცის თქმა, ნაზიარები ვარ და არ მეშინიაო, თითქოს ზიარება საბუთში ბეჭდის დასმაა და იქ რომ მოხვდები, ანგელოზები იმ ბეჭდიან საბუთს მოგთხოვენ და თუ ნაზიარები აღმოჩნდები, მეტი არც არაფერი მოგეთხოვება. არადა, თუ ესაა საკმარისი, მაშინ საქმეები, საკუთარი თავის უარყოფა რად გვინდა?! პავლე მოციქული ბოლოს ამბობს: სარბიელი გავლიე, აღვასრულე ჩემი ცხოვრების გზა და ახლა მელის გვირგვინიო. მანამდე კი – გიქადაგებთ სახარებას, რომელიც თქვენ მიიღეთ უფლისგან, რომელზეც დგახართ და რომლითაც ცხონდებით, თუკი ისე იცხოვრებთ, როგორც მე გიქადაგებთ, თუკი ამაოდ არ ირწმუნეთო. შესაბამისად, კითხვაზე, ცხონდება თუ არა არამართლმადიდებელი, არ არსებობს გამოკვეთილი პასუხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ მართლმადიდებლური მოძღვრების ჭეშმარიტებასა და მაცხოვნებლობას, მაგრამ, ვიმეორებ, როგორც საპონი, რომელიც ჯიბეში გიდევს, არ არის გარანტია, რომ სუფთად იქნები, თუ საპონს არ გამოიყენებ, სუფთა ვერ იქნები, არაფერი გარგებს, თუ არ გამოიყენებ. რას ნიშნავს ჭეშმარიტება? რომ იქ არის საშუალება, რომლითაც შენ განიღმრთობი. თუ ამ საშუალებას არ გამოიყენებ, არ განიღმრთობი ან ძალიან გაგიჭირდება. ამდენად, თუ ჯვარცმული ცხოვრებით არ იცხოვრებ, ნომინალურად რომ მიეკუთვნები მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს არაფერს ნიშნავს.

რაც შეეხება არამართლმადიდებელს: მე ვუშვებ, რომ ინდივიდუალურად, პიროვნულად, ადამიანმა ისეთი აქტი შეიძლება, აღასრულოს ცხოვრებაში: მოყვასისთვის თავი გაწიროს, რომ შეიძლება, ცხონდეს. ამდენად, შეუძლებელია კატეგორიულად იმის თქმა, რომ ერთხელ მონათლული ქართველი, რაკი გაუმართლა და მართლმადიდებლურად მოინათლა და მას ადგილსა მწვანილოვანსა აღვუსრულე წესის აგება, ცხონდება, მიუხედავად იმისა, როგორ იცხოვრა. ისევე, როგორც იმის, რომ აი, ის კათოლიკე იყო და ამიტომ, რაც უნდა თავი გაეწირა მოყვასისთვის და ჯვარცმულად ეცხოვრა, ვერ განიღმრთობა. პირდაპირ ჯოჯოხეთში რატომ უშვებ ყველას?! ის მაინც თქვი, არ ვიციო... მეორე მხრივ, ეს, სულაც, არ ნიშნავს, რომ, თუ ყველა ცხონდება, მაშინ რად გვინდა მართლმადიდებლობა?! ასე მარტივად არაა საქმე. მით უმეტეს, ჩვენ ვინ მოგვცა უფლება, დავახარისხოთ ადამიანები?! ჩვენ არ განვიკითხავთ, ჩვენ ვართ ეკლესიის წევრები, გვწამს და მოდი, ვიცხოვროთ ისე, როგორც ქრისტემ გვაჩვენა და ვთქვათ, ყველა გადარჩება, ჩემ გარდა – აი, ესაა ნამდვილი სათნოება. მართლმადიდებელი არასდროს აწევს თავს და არ იტყვის, მე გამიმართლა, მე ვცხონდები, თქვენ კი, ყველანი, ჯოჯოხეთში წახვალთ. ქრისტე ჯვარზე ეკვრობა და უარს ამბობს ყველაფერზე! და, ნახე, რას ამბობს პავლე მოციქული: მე უარს ვამბობ ქრისტეზეც კი, ოღონდ ცხონდნენ ჩემი ძმებიო და გულისხმობს მათ, რომლებიც მისი მტრები იყვნენ.

უფალმა შესაძლებლობად მოგვცა მართლმადიდებელი მოძღვრება და მადლობა ღმერთს, რომ მოგვცა! პავლე მოციქული წერს: რა არის იუდეველთა რჩეულობა? რომ მათ მიეცათ რჯული, მაგრამ თუ შენ ურჯულოსავით იცხოვრებ, მაშინ ურჯულო გაჯობებსო. ვერც ქრისტე გვაცხოვნებს ავტომატურად: ქრისტე გვაძლევს შესაძლებლობას. მეტიც, არც სამოთხე იყო გარანტირებული: ცვად და მუშაკობადო, წერია, ანუ დაიცავი და დაამუშავეო, უთხრა ადამსა და ევას ღმერთმა, მაგრამ ვერ შეძლეს და დაკარგეს სამოთხე. ქრისტე მართლმადიდებლური რწმენითა და ეკლესიით გვაბრუნებს სამოთხეში, მაგრამ ეს არ არის გარანტია, ესაა, ისევ და ისევ, დაიცავი და დაამუშავეო. რა დაიცავი? საკუთარი თავი! რა დაამუშავე? განვითარდი! თუ ამას არ გააკეთებ, შენც ისევე დაკარგავ სამოთხეს, როგორც ადამმა დაკარგა. შესაბამისად, ყოველ წამს უნდა იყო მართლმადიდებელი, დღეში ერთი საათით ყოფნაც არასაკმარისია, არათუ ერთჯერადი ნათლობა. მეტიც, შეიძლება, მთელი ცხოვრება მართლმადიდებელი ვიყო და ერთ წამში ჩამომეშალოს ყველაფერი ან პირიქით, არ ვიყო, მაგრამ, სინანულით, ავაზაკივით, ერთ წამში ვცხონდე. არ ვიცით, რა მოხდება. მართლმადიდებელი, ესე იგი, მართალს ადიდებს, ანუ დიდად წარმოაჩენს უფალს თავის ცხოვრებაში. ჩემი საქმეებით ან ვადიდებ უფალს, თუ არადა ვამცირებ. ღმერთი თავისთავად დიდია, მას არ სჭირდება დიდება. მაშ, ვინ ადიდებს უფალს? ის, თავისთავად დიდი უფალი, ჩემი თვალიდან, ჩემი ბაგიდან, ჩემი ხელიდან, ჩემი ქმედებიდან დიდდება და, თუ მე ამას არ ვაკეთებ, მართლმადიდებელი ნომინალურად ვარ და არა ცხოვრებით, მაშინ მე ვარ მართლმამცირებელი. ვამცირებ დიდ ღმერთს. ხშირად მეუბნებიან, ღმერთს რომ გვიგინებენ და შეურაცხყოფენ, რა ვქნათ?! და მზად არიან, ლამის შუაზე გაგლიჯონ ღმერთის მაგინებლები, მაგრამ, უპირველესად, შენი თავი უნდა გაგლიჯო, ვინაიდან შენ შეურაცხყოფ შენს ღმერთს იმით, რომ მისი წესებით არ ცხოვრობ. ყველაზე დიდი ღვთის გმობა ისაა, რომ ვატარებ ღვთის სახელს, ვარ მართლმადიდებელი და არ შევესაბამები მას. თუ ამას გავასწორებთ, ჩვენ ვიქნებით ნათელი სხვებისთვის და არ დაგვჭირდება სხვების დევნა გასაგლეჯად, იმიტომ რომ ჩვენგან გამოსული მადლი და ნათელი ყველაზე დიდი იარაღია, რომ მათში დაწვას ის ბნელი და გონს მოიყვანოს ისინი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი