როგორ შეეწირა საქართველოს ტერიტორიაზე ორ მონღოლურ სახელმწიფოს შორის გამართულ ომს ქართული ქალაქების მოსახლეობაროგორ შეეწირა საქართველოს ტერიტორიაზე ორ მონღოლურ სახელმწიფოს შორის გამართულ ომს ქართული ქალაქების მოსახლეობა
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 04.10
1265 წელი იდგა. მონღოლთა დიდი იმპერიის ფორმალური ერთიანობა დარღვეულიყო. ირანსა და ჩვენს რეგიონში არსებული მონღოლური სახელმწიფოს, საილხანოს პირველი ილხანი, ჰულაგუ ახალი გარდაცვლილი იყო და ტახტზე მისი ვაჟი, აბაღა იჯდა. ჩინგის ყაენის სხვა შვილიშვილის, ბათო ყაენის მიერ ჩრდილო კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილის, რუსეთისა და მომიჯნავე ტერიტორიებზე დაარსებულ სხვა სახელმწიფოს, ოქროს ურდოს, განაგებდა ყაენი ბერქა. ბერქა იყო ჯუჩის ძე. ის ულუსის, ურდოს წინამძღოლი, ყაენი გახდა ძმის, ბათოს, სიკვდილის შემდეგ.
რამდენიმე წლით ადრე ბერქასა და ჰულაგუს შორის დიდი ბრძოლები გაიმართა შირვანსა და ჩრდილო კავკასიაში, სადაც თავი ისახელეს ჩვენმა მეფე დავით მეშვიდე ულუმ, სამცხის მთავარმა სარგის ჯაყელმა და სხვებმა. მრავალი ქართველი შეიწირა შირვანში, დარუბანდსა და თერგის პირას მონღოლთა შორის გამართულმა ბრძოლებმა.
ბერქა და აბაღა ყაენებს შორის თავიდან კარგი ურთიერთობა ყოფილა. საილხანოს დედაქალაქში, თავრიზში მეჩეთიც კი აუშენებიათ ბერქას სახელზე. განახლებულა ვაჭრობა ორ ურდოს შორის. შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა.
აბაღა ყაენს მონღოლთა დროინდელი ქართული მატიანის უცნობი ავტორი ასე ახასიათებს: „კაცი კეთილი, უხვი, მოწყალე, ტკბილი, მდაბალი, განმკითხველი, სამართლის მოქმედი, გლახაკთ მოწყალე და შემნდობი“. ჟამთააღმწერლის თქმით, აბაღა ხაზინის ქურდებსაც კი არ სჯიდა თურმე, რადგან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ქონებას.
ტახტზე ასვლისას აბაღას ეახლა ჩვენი მეფე, დავით მეშვიდე ულუ და მორჩილება გამოუცხადა, როგორც ვასალმა. აბაღამ დიდი პატივით მიიღო ლაშას ძე.
ამბობენ, სმა ჰყვარებია აბაღას. თუ ეს მართალია, არ შეიძლება, მას ქართველები არ ჰყვარებოდა, რომლებიც კარგ ღვინოსაც მიართმევდნენ, ალბათ და სუფრაზე საუკეთესო თანამეინახეობასაც გაუწევდნენ. აბაღა ყაენი ცდილობდა, საილხანოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს. მფარველობდა ქრისტიანებს. მისი ილხანობის დროს საქართველოში აბაღას სახელით მოჭრილ ვერცხლის ფულზე, დირჰემზე, ქართველები ჯვარს გამოსახავდნენ და არაბულად აწერდნენ: „სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, უფლისა ერთარსებისათა“.
ბერქა ყაენი, როგორც ვთქვით, მაჰმადიანი იყო. ისლამის აღიარებით, ის ფიქრობდა ოქროს ურდოში შემავალი მაჰმადიანების გულის მოგებას. გარდა ამისა, სურდა, ეგვიპტელი მაჰმადიანები გამოეყენებინა საილხანოს წინააღმდეგ ბრძოლებში და მათთან დიპლომატიურ ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა.
1265 წელს, გაზაფხულზე, დარუბანდის გავლით, სამხრეთ კავკასიაში ისევ შემოიჭრა ბერქა ყაენის დიდი ჯარი. ავანგარდს მისი ძმის შვილიშვილი, ნოღაი სარდლობდა. უკან ძირითადი ნაწილებით მოჰყვებოდა ბერქა. ახლა უკეთ მომზადებულიყო ჯუჩის ძე, მეტი ჯარისკაცი შეეგროვებინა – მთელი ოქროს ურდო წამოეყვანა, თავისი ვასალებით. მოტივაციაც მეტი ჰქონდა ბერქას – გამწარებული იყო ჰულაგუიანების ოჯახზე ჯუჩიდი ბერქა. სურდა, თავისი ძმების შვილების – ხუთარის (თუთარის), ბალაღასა (ბალახანის) და ყულის მკვლელობის გამო შური ეძია. ასევე, ამბობენ, მაჰმადიან ბერქას უნდოდა, ჰულაგუიანებისთვის სამაგიერო გადაეხადა მათ მიერ ბაღდადის განადგურებისა და ხალიფას მკვლელობისთვისო. ეს იყო ფაქტობრივი ჯიხადი საილხანოს წინააღმდეგ.
მთავარი მიზანი კი, ალბათ, სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთის დაპატრონება გახლდათ – ახალი ტერიტორიების დასაკუთრება, აბაღა ყაენისთვის წართმევა. ბერქა ჯუჩის ულუსის საკუთრებად მიიჩნევდა შირვანსა და ადარბადაგანს, საიდანაც პერსპექტივები გადაეშლებოდა საქართველოსკენ, ერაყისა და მცირე აზიისკენ.
აბაღა ყაენმა ჩვენი მეფე, დავით ულუ მიიწვია დამხმარედ. სხვა გზა არ ჰქონდა ლაშას ძეს, აბაღა ყაენის ვასალი იყო და მისი ვალდებულება იყო, ქართულ ჯართან ერთად, სამხედრო კამპანიაში მიეღო მონაწილეობა.
იმ წელს ორ საყაენოს შორის პირველი შეტაკებები შირვანში მოხდა. ოქროს ურდოს ავანგარდს სარდლობდა, როგორც ვთქვით, ნოღაი, ბერქას ძმის შვილიშვილი, ხოლო საილხანოს ავანგარდს აბაღა ყაენის ძმა, იუშუმუთი მეთაურობდა. ნოღაი დამარცხდა და თვალიც დაკარგა (სხვა ვარიანტით, მას თვალი, რამდენიმე წლით ადრე, თერგის ბრძოლაში დაუკარგავს). ის იძულებული გახდა, უკან დაეხია.
იმ დროისთვის ბერქა ძირითადი ძალებით შირვანში შემოვიდა.
შირვანში შევიდა საილხანოს ჯარის ძირითადი ნაწილიც. აბაღას ჯარმა გადალახა მტკვარი და მის მარცხენა ნაპირზე აპირებდა ბრძოლის გამართვას, მაგრამ ცნობები მოუვიდა, ბერქას ძალიან დიდი ძალები ჰყავსო. ილხანმა გასცა ბრძანება, უკან გადმოელახათ მდინარე. აბაღამ ხიდი დაანგრევინა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაბანაკდა. მოადგა ბერქა მტკვარს აურაცხელი ჯარით. აბაღა ყაენი შებრძოლებას მოერიდა, გააგზავნა სპეციალური ნაწილები მტკვრის აღმა და ხიდები დაანგრევინა. 14 დღე მთავარი ჯარები პირისპირ იდგნენ მტკვრის გაღმა-გამოღმა და ისრებს უშენდნენ ერთმანეთს. მტკვარი ძალიან ადიდებული იყო და ბერქამ მდინარეზე გადმოსვლა ვერ შეძლო.
მერე ბერქა ყაენი ამოჰყვა მტკვარს ამოღმა და მოაოხრა შირვანი, ჰერეთი, კახეთი, ივრისპირი მცხეთამდე. ტფილისში უამრავი ქრისტიანი მოკლეს. დაინგრა არაერთი ქალაქი: ხორნაბუჯი, ხუნანი, რუსთავი, უფლისციხე... შემდეგ ბერქას ჯარი დაიძრა გარეჯისკენ. გაანადგურეს გარეჯის მონასტერთან არსებული დასახლებები.
დიდი საფრთხე მოელოდა მონღოლთა შორის საომარ ტერიტორიად ქცეულ საქართველოს სხვა მხარეებსაც. მაგრამ, როგორც მემატიანე წერს: მოჰხედა ღმერთმა წყალობით ჩვენს ქვეყანას და ბერქა ყაენს რაღაც სენი შეჰყარა. არაბული წყაროთი ცნობილია, რომ ბერქას ფეხების ტკივილი აწუხებდა თურმე. ებრაული წარმოშობის, ირანელი მაჰმადიანი ისტორიკოსისა და მონღოლთა ვეზირის, რაშიდ ად-დინის ცნობით, მსგავსი დაავადება ასევე აწუხებდა, თურმე, ბერქას უფროს ძმას, ბათოს და ბიძას, ჩინგიზ-ყაენის მესამე შვილსა და მემკვიდრეს, დიდ ყაენ უგედეის. აღნიშნული გენეტიკური დაავადება ჩინგიზ-ყაენის პირველი და საყვარელი ცოლისგან, ბორტესგან გადასცემოდათ მემკვიდრეობით. შესაძლოა, სხვა რაიმე ავადმყოფობა შეეყარა ყაენ ბერქას. მაშინ გავრცელებული იყო მუცლის სენი, ტიფი.
ყველასთვის მოულოდნელად, ბერქა ყაენი საქართველოში მოკვდა. მისმა ჯარისკაცებმა წაიღეს ყაენის გვამი, გაიარეს დარუბანდის კარი და გადავიდნენ ჩრდილოეთში, თავიანთ ურდოში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან