რელიგია

როგორ ლოცვებს აქვს ძალა

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.12

რელიგია
დაკოპირებულია

„სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო. უფალო, ისმინე ჩემი ხმა“ (ფსალმუნი 129,1). რას ნიშნავს სიღრმეებიდან? –არა უბრალოდ ბაგეებით, არა უბრალოდ ენით, რამეთუ სიტყვები მაშინაც მოედინება, როცა აზრი გეფანტება, არამედ გულის სიღრმიდან, უდიდესი გულმოდგინებითა და მოშურნეობით, თვით სულის ფსკერიდან. ასეთია სული მწუხარეთა: ისინი ერთიანად შეძრულია თვით გულში, მოუხმობს რა ღმერთს დიდი გულის შემუსვრილებით. ამიტომაც ხდებიან შესმენილნი. ამგვარ ლოცვებს უდიდესი ძალა აქვს, არ არიან რა გაფანტულნი და მერყევი, თუნდაც დიდი კადნიერებით ესხმოდეს თავს ეშმაკი. როგორც ძირმაგარი ხე, რომელსაც ღრმად გაუდგამს მიწაში ფესვები და შემოსალტვია მის წიაღს, ნებისმიერ ქარიშხალს უძლებს, ხოლო ზედაპირზე ფესვგამდგარი ხე კი ქარის პატარა დაბერვაზეც კი ირხევა, ფესვებიანად ამოიგლიჯება და მიწაზე ენარცხება. ზუსტად ასევე, ლოცვებიც, სულის სიღრმიდან ამომავალი და მის ფსკერზე ფესვგამდგარი, ძლიერი და დაუძლეველი რჩება და არ იფანტება, თუნდ ურიცხვი გულისთქმები შემოეჯაროს და მთელი ჯგრო ეშმაკებისა; ხოლო პირიდან და ენიდან, და არა სულის სიღრმიდან, მომავალი ლოცვები ვერ აღწევენ ღმერთამდე, მლოცველის უზრუნველობით, რადგანაც პატარა კაკუნიც კი აფორიაქებს და ნებისმიერი ხმაური ყურადღებას უფანტავს ლოცვისას. ბაგეები ხმას გამოსცემს, გარნა გული ცარიელია და გონება დაუკავებელი.

რატომ არ სრულდება ჩვენი ლოცვები ყოველთვის

ღმერთი ზოგჯერ გვაძლევს, ხოლო ზოგჯერ არ გვაძლევს, მაგრამ იმასაც და ამასაც სარგებლობით იქმს ისე, რომ დღეს თუ შენ არ იღებ, იღებ იმით, რომ არ იღებ; აღწევ სასურველს თუ არ აღწევ, შენ იმითაც აღწევ, რომ არ აღწევ, რამეთუ არ მიიღო ის, რასაც ითხოვ, ხშირად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მიიღო. ჩვენთვის რომ სასარგებლო არ იყოს არმიღება, მაშინ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოგვცემდა; ხოლო არ მივიღოთ სარგებლობით, ნიშნავს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ მხოლოდ იმას, რასაც ვთხოვთ და მოვდუნდეთ. ამიტომაც იგი ხშირად აყოვნებს, მოგვანიჭოს ამით გვასწავლის, საბოძვარის დახანებით, მუდმივად ვფხიზლობდეთ. რადგანაც სათხოვარის ასრულების შემდეგ ვანელებთ ლოცვაში გულმოდგინებას. ამიტომაც, სურს რა ჩვენი ლოცვითი გულმოდგინების გაძლიერება, ახანებს ხოლმე რაიმეს მონიჭებას. ასევე, იქცევიან მოყვარული მშობლებიც: ზარმაცსა და ცელქ შვილებს ისინი ხშირად დიდი საჩუქრების დაპირებით აკავებენ და ზოგჯერ ახანებენ ჩუქებას, ხოლო ზოგჯერ კი არაფერს აძლევენ. ისეც ხდება, რომ ჩვენთვის რაიმე მავნესაც კი ვითხოვთ, მაგრამ ღმერთი, რომელმაც უწყის, რა არის ჩვენთვის სასარგებლო, არ გვისრულებს ლოცვას, განგვიმზადებს რა სასარგებლოს ისე, რომ ჩვენ არც კი ვიცით... მაშ, განვეწყოთ, ვმადლობდეთ მას ერთისთვისაც და მეორისთვისაც, ანუ ღმერთი თუ არ აღგვისრულებს სათხოვარს, ყველა შემთხვევაში, იგი ჩვენთვის სასარგებლოს იქმს. თუკი მის ხელმწიფებაშია მოცემა, მისივე ხელმწიფებაშია ისიც, თუ როდის მოგვცეს, რა მოგვცეს, ანდა სულაც არ მოგვცეს. შენც არ იცი ისე კარგად, რა არის შენთვის სასარგებლო, როგორც მან უწყის. შენ ხშირად შენთვის უსარგებლოსა და ზიანის მომტანსაც კი ითხოვ; ის კი, ზრუნავს რა შენი ცხონებისთვის უკეთესად, ვიდრე შენ, უყურებს არა თხოვნა-ვედრებას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმას, რაც შენ სარგებლობას მოგიტანს. თუკი ხორციელი მშობლები ყველაფერს არ აძლევენ შვილებს, რასაც ისინი ითხოვენ, არა იმიტომ, რომ ყურადღებას არ აქცევენ მათ, არამედ იმის გამო, რომ ფრიად ზრუნავენ მათზე, მით უფრო ღმერთი, უფრო მოყვარული და ყველაზე უკეთ მცოდნე, რა არის სასარგებლო, ამგვარად მოიქცევა. მაშ, განუწყვეტლივ ვიღვწოდეთ ლოცვათა შინა არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც... ლოცვა დიდებული იარაღია, ლოცვა ჩინებული სამკაულია, ზღუდე და ნავსაყუდელი, სიკეთეთა საგანძური და გაუქურდავი სიმდიდრე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი