რელიგია

როგორ ხდებოდნენ პირველ საუკუნეებში ხუცესები და ეპისკოპოსები სულიწმიდის მადლით და რატომ ჩაანაცვლა შემდეგ ეს იერარქიამ

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რადგან ქრისტიანობა გულისხმობს ეკლესიაში სიარულსაც და მოძღვრის ყოლასაც, ხოლო ყველა ადამიანი განვითარების, გაგების თავის საფეხურზეა, ესე იგი, არც მოძღვრის უნივერსალური მოდელი არსებობს: ზოგისთვის, ალბათ, მკაცრი მოძღვარია აუცილებელი, ზოგისთვის – შედარებით რბილი, თუმცა ისეც ხდება, რომ ადამიანები ეკლესიაში არწასვლის მიზეზად და არც თუ იშვიათად, დამაბრკოლებელ ფაქტორად სწორედ კონკრეტულ მოძღვარს მიიჩნევენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ესეც ღვთის ნებაა – შეხვდე მას, ვისაც შეხვდი, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– არ მგონია, მართებული კითხვა იყოს, თუ როგორ შევარჩიოთ მოძღვარი, თითქოს პროდუქტი იყოს, მაგრამ რატომ დადგინდა ასეთი იერარქია ეკლესიაში და როდიდან?

– მოძღვარს ქრისტეს სურნელი თუ არ ასდის, თუ მან ქრისტე არ იხილა, მაშინ რა გამოდის?! მაშინ ვიღებ რუტინას. თუ ნამდვილი ხარ, არ გჭირდება, რომ ვიღაცას დაუმტკიცო. ვარდი არ ყვირის, მოდი ჩემთან, მე ლამაზი ვარ, სურნელოვანი ვარ, კარგი ვარ. ვინც ვარდის ფასი იცის და მას ეძებს, გადაქექავს ყველაფერს და ვარდთან მივა, იმიტომ რომ ვარდი ნამდვილია. მოძღვარი რომ იყო, მიბაძე ქრისტეს და ნუ იზრუნებ, როგორ მოიზიდო ხალხი. რადგან მღვდელია, სულაც, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მოძღვარია და ავტომატურად ყველას მიიყვანს ტაძარში. არადა, გარეგნულად რომ შევხედოთ, თითქოს მარტივია: მოძღვარია ადამიანი, ვინც ეკლესიაში მსახურობს. მღვდელი ავტომატურად იგივდება მოძღვართან, მაგრამ როგორც „კაცია ადამიანი?!“, ყველა მღვდელი მოძღვარია?! თუმცა დღეს, ფაქტობრივად, გაიგივებულია: მღვდელი უკვე ნიშნავს მოძღვარს. პირველ საუკუნეებში, როდესაც სულიწმიდის მადლი გადმოვიდა და პირველი ეკლესია, ანუ ქრისტეს სხეული გაცოცხლდა, მაცხოვარი, ფაქტობრივად, აქ არის. ამიტომაა, რომ იესო ქრისტე გუშინ, დღეს და ხვალ იგივეა. აქ მყოფობდა ფიზიკურ სხეულში პირველ საუკუნეში და ამაღლდა, მაგრამ, სულიწმიდით, ისევ აქ არის და მას შემდეგ მისი მყოფობა მუდმივია. ანუ იმდენად ცხელი იყო მისი თანდასწრება, ისეთი ნათელი, ცხადი და ელვარე, რომ მისი ყველა მოწაფე, პირველი საუკუნიდან მოყოლებული, ქრისტეს, ნათლის უშუალო გამტარი იყო. შესაბამისად, ქრისტიანობა პირველ საუკუნეში გავრცელდა არა ხმლითა და მახვილით, არამედ შინაგანი ცეცხლით. ჩვენ ადრეც გვისაუბრია, რომ პატარა გოგონებს, რომლებიც რომის არისტოკრატიის კარზე მსახურობდნენ, ისეთი ცეცხლი ენთოთ გულში, რომ არისტოკრატია გაკვირვებული იყო, რატომ უხაროდათ, საიდან ჰქონდათ ამხელა ცეცხლი. ეს ხომ ჩანდა?! გარეთ იღვრებოდა თვალებიდან, ხელებიდან, გულიდან... ხელშესახები იყო, არ იყო დაფარული. არადა, დღეს ჩვენ ყველაფერს საიდუმლო დავარქვით და ამ დროს ადამიანში არ ვლინდება ის რწმენა, რომელზეც ვლაპარაკობთ. აი, ამ სიყვარულის ცეცხლს რომ ხედავდნენ, არადა, რომის არისტოკრატია რას არ აკეთებდა, რომ სიამოვნება მიეღოთ, ჭამისგან, ვნებისგან, სმისგან – ინანიებდნენ, ყრიდნენ ქონებას და აი, ასე ვრცელდებოდა ქრისტიანობა. ამდენად, მსახურების, ხუცესების, რომლებიც ინიშნებოდნენ, ფუნქცია ის კი არ იყო, რომ თვითონ ყოფილიყვნენ მოძღვრები, არამედ ისინი ამ ცეცხლსა და სიხარულს მოჰფენდნენ ყველას და ყველა, ფაქტობრივად, მოძღვარი იყო.

წერია, თქვენ ხართ მღვდლები, მეფეები და მართლაც, თითოეული ქრისტიანი იყო ქრისტეს სრული განხორციელება. ისეთი სიცხადე და სინათლე იყო, რომ მათ გამოკვეთილი სულიერი ლიდერი არც სჭირდებოდათ. აქვე გავიხსენებ, რაც არაერთხელ გვითქვამს, პირდაპირ წერია: სულიწმიდა, რომელიც თქვენ მიიღეთ, ის არის ნამდვილი და მართალი და რასაც ის გასწავლით, თქვენში რჩება და რასაც ის გასწავლით, იმაში დარჩით. არ გჭირდებათ, ვინმემ რამე გასწავლოთ, თვითონ ის გასწავლით ყველაფერს, ანუ ცხებულებაა და ვინ არის ცხებული?! დიახ, ქრისტე, შესაბამისად, სულიწმინდა, ანუ ისევ ქრისტე. ქრისტე ჩემი ნამდვილი მოძღვარია, ანუ ჩემი სულის არსის მოძღვარი, რომელიც ჩემ შიგნით არის, ხოლო პირველ საუკუნეებში ასეთი დიდი რომ იყო ეს თანდასწრება და ყველა ანთებული ქრისტე იყო, ქრისტეთა ან ქრისტეთი შემოსილთა ერთობა იყო ეკლესია, ენთო და ზიარებაც იყო სიხარული. შემდეგ, როდესაც ნელ-ნელა ნელდება ეს ცეცხლი და შინაგანი თანდასწრება, წინა პლანზე გამოდის ადამიანური, უკვე იწყება იერარქია და შემდეგ, როდესაც ძალიან გავრცელდა ქრისტიანობა და, მით უმეტეს, როდესაც რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად შეიქმნა, თუ თავიდან ეპოსკოპოსები, ხუცესები ინიშნებოდნენ სულიწმინდის მადლით, შემდეგ ეს შეიცვალა. სხვათა შორის, ეპისკოპოსი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს მაყურებელს, ზედამხედველს, ფარას რომ უყურებს და როგორ უყურებს?! ფიზიკური თვალითა და ფიზიკური კვერთხით?! რა თქმა უნდა, არა – სულიერი ჭვრეტით.

მადლი გადმოვიდა მოციქულებზე, შემდეგ მოციქულები ასხამდნენ ხელს ხუცესებსა და ეპისკოპოსებს და პირველ თვისებად იყო მჭვრეტელობა. მოძღვრობა იმას კი არ ნიშნავდა, რომ პირდაპირ ამ პიროვნებას მიჰყვებოდნენ, არამედ იმ მადლს ინარჩუნებდნენ. სულიწმინდა, რომელიც ყველა მორწმუნის გულს შეეხებოდა, ერთ ორგანიზმად აქცევდა ეკლესიას. მაგრამ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, როდესაც ძალიან გავრცელდა და ბევრი ეპისკოპოსი და ხუცესი გახდა აუცილებელი, ისინი უკვე ინიშნებოდნენ და წამოვიდნენ კარიერისტებიც, რომლებსაც პირველობაც უნდოდათ და ამის შესახებ „სახარებაშიც“ წერია. ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ფიზიკური იერარქია, ფიზიკური მმართველობა იწყება, რაც ქრისტემ უარყო. ქრისტე ფეხს რომ ბანს მოწაფეებს, პეტრე ამბობს, უფალო, რას აკეთებო, იმიტომ რომ ეს პეტრეს ვერ წარმოუდგენია. ეს პეტრეს ბუნების ბრალიც არის: მას მეორე კაცობა უნდოდა. ქრისტე იქნებოდა მეფე, თვითონ – მის გვერდით მდგომი და ამით კმაყოფილი იყო, ამ დროს კი ქრისტე ფეხს ბანს მოწაფეებს. ქრისტე ამბობს, თქვენთან როგორ ხდება ჩვეულებრივ? მსახურები ემსახურებიან ბატონებს და თქვენ მე ხომ მეძახით ბატონს, ანუ უფალს, მაგრამ მე თქვენ ფეხს გბანთ. შესაბამისად, ამ პრაქტიკით ის მოწაფეებს სხვა გამოსავალს არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ უნდა ემსახურონ. ანუ ვინც დიდია, ის მსახურია. ყველაფერი ასეა: ვინც სავსეა, ის თავისი სისავსიდან ღვრის გარეთ: შევხედოთ ხეს, მზეს, მდინარეს... ნეტარება გაცემითაა და სად იწყება პრობლემა?! როდესაც გამცემი არა ხარ, ანუ როდესაც შენში წყდება სულიწმიდის მადლი და ეს სიხარული არ გაქვს, ხარბდები ძალაუფლებას და უკვე სხვა მეთოდით მოქმედებ. არადა, მადლის ქვეშ რომ ყოფილიყავი, გაცემით მიიღებდი იმას, რომ ადამიანები ავტომატურად შეგიყვარებდნენ, შენთვის აღარ იქნებოდა საჭირო რაღაცის კეთება. პირიქით, შენი მყოფობა უკვე ქმნის სიყვარულს, მორჩილებას ამ მადლის გამო. თანდათან, აი, ეს ჩანაცვლდა იერარქიულობით და, როგორც ვთქვი, შინაგანი ცეცხლი რომ შენელდა. ეპისკოპოსები და ხუცესები ინიშნებიან და მათ უკვე აქვთ ადმინისტრაციული ნიჭი, რომ განაგონ. ნელ-ნელა იერარქია წინ გამოვიდა, მაგრამ, როგორც კი ეს საშიშროება დაინახეს განდობილებმა, მასობრივად დაიწყეს გასვლა ქალაქებიდან და უდაბნოებში დასახლდნენ და აი, იქ უკვე იმ იერარქიით ნარჩუნდებოდა მადლი, როგორც ქრისტემ თქვა. აქ კი, სამწუხაროდ, უფრო მიწიერი იერარქია დარჩა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი