როგორ იწვნია იაკობმა ყველა იმ ტყუილის შედეგი, რაც თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ტყუილის თქმა აუცილებელი იყო
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
სანამ ამ სხეულში ვართ, თუნდაც, გავხდეთ ისრაელი, სხეული იაკობობას, ანუ ადამიანურ სისუსტეს მაინც ავლენს და რჩება ორივე სახელი. ამდენად, იაკობი რჩება იაკობადაც და ხდება ისრაელიც. მას ორივე სახელი უნარჩუნდება, ისევე, როგორც პეტრეს პეტრეც ჰქვია და სიმონიც. რა დატვირთვა აქვს ერთი ადამიანის ორი სახელით მოხსენიებას? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: თითქოს უცნაურია, რა საჭიროა ორი სახელი, მაგრამ ეს ორი მდგომარეობაა. გავიხსენოთ, როდის ეუბნება ქრისტე პეტრეს პეტრეს და როდის ეუბნება – სიმონს?! პეტრევ, პეტრევ, სატანამ თქვა, რომ თქვენ უნდა გაგრცხრილოთ, როგორც ხორბალი და მე ვილოცე, რომ შენი რწმენა არ შესუსტდეს, – ეუბნება ქრისტე პეტრეს და დასძენს, – შენ ხარ პეტრე, ამ დროს კი ჰქვია შიმონი. შიმონი, ერთი მხრივ, ნიშნავს მოქანავე ლერწამს და მეორე მხრივ – ვისაც ესმის. მაგრამ მხოლოდ სმენით სრულყოფილი არ ხარ, რადგან, თუ არ დაინახე კიდეც, შენ ჯერ კიდევ გზაში ხარ. იესო გეთსამანიის ბაღში რომ წაიყვანს სამ მოციქულს: პეტრეს, იაკობსა და იოანეს, სამჯერ ეუბნება მათ. იფხიზლეთ ჩემთან ერთად, მაგრამ მათ სამივეჯერ დაეძინათ და როგორ მიმართავს ქრისტე პეტრეს?! სიმონ, სიმონ, გძინავსო... რატომ არ უწოდა პეტრე?! იმიტომ რომ იქ უკვე სიმონია. პეტრე იქ არის, როდესაც რწმენით მოქმედებს. დაახლოებით, ასეა იაკობიც: ისრაელია, როდესაც ამაღლდა, გაიმარჯვა ესავთან ბრძოლაში, მიიღო კურთხევა ღვთისგან, მაგრამ, როდესაც მოჰყვება ხასიათი, ადამიანური სისუსტეები, მაშინ იაკობია.
ერთ ადგილზე გავამახვილებ ყურადღებას: იაკობმა უამრავჯერ მოატყუა სხვები, ხომ გვახსოვს, რომ მამაც მოატყუა და, მიუხედავად იმისა, რომ იძულებული იყო, ეთქვა ტყუილი და ასეც უნდა მოქცეულიყო, რომ კურთხევა არ დაკარგულიყო და წყევლის ქვეშ არ მოჰყოლოდნენ, რომ იაკობი ისრაელი გამხდარიყო, მოტყუების ფაქტი ხომ მოხდა?! იაკობი 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ლავანთან ტყუილებსა და „ჩალიჩებში“ და მაშინაც კი, როდესაც ისრაელი ხდება, იწვნევს ყველა იმ შეცდომის შედეგს, რაც წარსულში დაუშვა. 20 წლის განმავლობაში ეგონა, რომ მისი შვილი იოსები მკვდარი იყო. ხომ გახსოვს, იოსებს ძმებმა რაც გაუკეთეს?! გაყიდეს, ხოლო იაკობს კი აჩვენეს ცხოველის ტყავი, შენი შვილი მგლებმა შეჭამესო. არადა იმ პერიოდში იოსები უკვე ეგვიპტის მმართველი ხდება, თუმცა მანაც გაიარა განსაცდელები: 10 წლის განმავლობაში ჯურღმულში ცხოვრობდა. რას გვასწავლის ჩვენ ეს ისტორია?! რა თქმა უნდა, იმას, რომ ჯერ ჯვარცმა უნდა გაიარო, თუ აღდგომა გინდა, მაგრამ ჩვენ ჯვარცმა არ გვინდა, მხოლოდ წითელი კვერცხები გვინდა და პირდაპირ აღდგომა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
როდესაც იოსებმა ეგვიპტის ეტლები გააგზავნა იაკობთან, მამა მომიყვანეთო და იაკობმა ნახა ეტლები, ჯერ არ დაიჯერა, მაგრამ ეტლები უკვე უტყუარი მტკიცებულება, სულიწმიდის მადლის სიმბოლოა. და იქ წერია, გაცოცხლდა ისრაელის გულიო, მაშინ, როდესაც მანამდე ყველგან წერია – იაკობი. ანუ, სანამ იმ მდგომარეობაში იყო, ისევ იაკობობდა, მაგრამ, როგორც კი ირწმუნა, ამაღლდა და ისევ ისრაელია.
ისევ დავუბრუნდეთ იმ ამბავს, როდესაც იაკობი თავის ორ ცოლთან, შვილებთან, მსახურებთან, ცხვარ-ძროხასთან ერთად ლავანისგან მიდის და მიადგება ქანაანისა და ქალდეის საზღვარს. ანუ გამოღმა ქანაანია, სადაც ისრაელმა შემდეგ თავისი სახელმწიფო უნდა შექმნას და აი, იქ ხდება მთელი ამბავი. ვიცით, რომ იაკობი გაქცეულია მამის სახლიდან და მუდმივად თან სდევს თავისი ძმის შიში. რატომ?! იმიტომ რომ, თუმცა, მოწოდებით, იცის, რომ კურთხევა უნდა მიეღო, მაინც მიიტაცა პირველობა და აი, ეს ჭამს, ადამიანურად ვერ ხარშავს, აწვალებს, რომ უღირსია, მატყუარაა. განა ჩვენ არ განგვიცდია მსგავსი ტკივილი?! მაგალითად, თუ დილის ლოცვას არ წაიკითხავ, შენი ტვინი გეუბნება, დამთავრდა შენი ამბავი, შენ უკვე დილის ლოცვა გამოტოვე და ქრისტე უარყავი; მაიონეზიანი კერძი შეჭამე მარხვაში და ამიტომ არ ხარ ღირსი ზიარების. წარმოიდგინე, იაკობი რა დღეში იქნებოდა, როდესაც შენ მაიონეზის გამო გგონია, რომ ქრისტემ დაგტოვა, იაკობმა კი მამა მოატყუა, ყველას ატყუებს და ეს ყველაფერი დააქვს მძიმე ტვირთად. შინაგანად იცის, რომ მართალია, მაგრამ მუდმივად დასდევს ესავის აჩრდილი. მოკლედ, საზღვართან მისულ იაკობს ეუბნებიან, შენი ძმა 400 მეომრით მოდის შენკენო. და ნახე, რა გეგმას შეიმუშავებს იაკობის ტვინი: სამ წყებად ყოფს თავის ყველასა და ყველაფერს. პირველი წყებაა ცხვარ-ძროხა, შემდეგ მსახურები, ლეა და ლეას შვილები, ხოლო ბოლოს – რაქელი და რაქელის ორი შვილი. ესე იგი, პირველებს თუ დაარტყამს ესავი, შემდეგ მეორე წყება შეაკავებს მას და იქნებ მე გადავრჩე რაქელთან და იოსებთან ერთადო. მანამდე კი, ასევე, სამმაგად მოემზადა. სხვათა შორის, მოქმედების ეს სქემა დღესაც აქვთ შენარჩუნებული ებრაელებს. ანუ ეს უნარები დაყრილია და გამოიყენება ცხოვრებაში, პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც, მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნება საჭირო, თუ შენ ყველაზე მთავარს მიხვდები და თუ მიხვდები, არ დაგჭირდება ბრძოლაც კი. ოღონდ იაკობი ჯერ არ არის აქამდე ამაღლებული, ამიტომ ჯერ ძღვენს უგზავნის ესავს, უთხარით თქვენს ბატონს, შენი ძმა აკურთხა ღმერთმა, უამრავი ცხვარ-ძროხა ჰყავს და აი, შენ საჩუქრად გიძღვნისო. იქვეა ჩამოთვლილი, ამდენი და ამდენი მეწველი ძროხა, ამდენი და ამდენი ვირი და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რაზეც ახლა არ შევჩერდებით. ანუ იაკობს უნდა, რომ საჩუქრებით მოულბოს გული ძმას. ამის შემდეგ თვითონ დაიწყებს ლოცვას და, თუ არც საჩუქარი გაჭრის და არც ლოცვა, მაშინ მზად არის, შეებრძოლოს, ვინც ჰყავს, იმით. ერთი სიტყვით, იაკობმა ყველაფერი გაანაწილა, ბანაკი სამ ნაწილად გაყო და, როდესაც ღამით მარტო დარჩა, დაინახა, რომ ვიღაც კაცი ებრძვის მთელი ღამის განმავლობაში. არ წერია, ვინ ებრძვის. ესე იგი, ჯერ არ ვიცით, ვინ არის და რა ხდება. რას ნიშნავს ღამე? იმას, რომ თვითონ იაკობსაც ვერ გაურკვევია, რა ძალაა ეს. ამიტომაც ეჭიდება, ის ძალაც ებრძვის და, ბოლოს, როდესაც ხედავს, რომ ვერ უძლებს და იაკობს დაუზიანებს ბარძაყს ამით იაკობი ხვდება, თუ ვინ ებრძვის – ვინც კაცი ეგონა, ღვთის ანგელოზია, ღმერთია და ამიტომ შიში იპყრობს, ვინაიდან ის ძალა შეუცნობელია. თუ სიბნელესა და გაურკვევლობაში იაკობი ეჭიდებოდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ, ვინც ებრძოდა, მან თავი ვერ გაითავისუფლა და ბარძაყი დაუზიანა, როგორც კი თვალი აეხილა იაკობს და მიხვდა, რა ძალას ებრძოდა, თუ სიბნელეში აგდებდა და ეხვეწებოდა გამიშვიო, როდესაც განთიადი მოახლოვდა, უკვე იაკობი იჭერს და ის ძალა ეხვეწება, გამიშვიო. იაკობი ეუბნება, არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებო. აი, რა არის იაკობობა: ხშირად ვიმეორებ, რომ ზედმეტად ხუთოსნები და პატიოსნები ღმერთსაც არ უყვარს და იაკობის მაგალითია ამის დასტური. აი, ეს თვისება უნდა გაგვაჩნდეს, რომ ღმერთს გავუგოთ და ღმერთსაც ეს უნდა ჩვენგან. ამიტომ, როდესაც ის ამოუცნობი ძალა ეკითხება, რა არის შენი სახელიო და იაკობი პასუხობს, იაკობიო, ძალა ეუბნება: დღეიდან შენი სახელი იაკობი არ იქნება, იქნება ისრაელი, ვინაიდან შენ ღმერთსა და ადამიანებს ეჭიდებოდიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


