რელიგია

როგორ ითესება ადამიანის გულში მისი ყურიდან შესული, ამოდის პირიდან და მოქმედებაში მოჰყავს სხეული, ანუ როგორ ვიმარხულოთ თვალით, ყურით, ენითა და ხელ-ფეხით

№50

ავტორი: ნინო ხაჩიძე 11:00 15.12, 2020 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

  ყველა მორწმუნემ და ლამის არამორწმუნემაც იცის, რომ წელიწადში ოთხჯერ მართლმადიდებელი ქრისტიანები იცავენ მარხვას, იმას გარდა, რომ ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევიც სამარხვო დღეებია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ უკვე ბიზნესიც გადაეწყო ამ რეალობაზე და, მაგალითად, „მაკდონალდსმა“ საქართველოსთვის სამარხვო მენიუც კი შეიმუშავა. როგორია კუჭის, გულის, ენის, თვალის, ყურის, ფეხის, ხელისა და გონების როლი მარხვისას? – ამ თემაზე „თბილისელებს“ დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) ესაუბრება.

– მარხვის არსს ქრისტიანები, ადამიანები, ჩვენი რწმენის მიხედვით ვიგებთ და ის გაიგება სხვადასხვანაირად, რაც ნორმალურია, იმიტომ რომ თითოეული გზის სხვადასხვა მონაკვეთში ვიმყოფებით. ზოგი – ახალმორწმუნე კმაყოფილდება მსახურების გარეგნული ფორმით და მისთვის მარხვაა, რომ რაღაც ჭამოს, რაღაც არ ჭამოს და აზუსტებს ხოლმე, ეს კერძი სამარხვო მაიონეზითაა? ეს ნამცხვარი კარაქითაა თუ ზეთით? სამწუხაროდ, ამით სარგებლობენ მწარმოებლები და დაგვცინიან ქრისტიანებს. რადგან ჩვენ ამაზე დახარბებული ვართ და 40 დღეს ვერ ვძლებთ ნამცხვრის გარეშე, გვთავაზობენ სამარხვო ნამცხვრებს, სამარხვო ნაყინს, მეტიც – არის სამარხვო შაურმაც.რაკი შენ ორი კურდღლის დაჭერას აპირებ და ვერც შაურმის გარეშე ძლებ და მარხვის დაცვაც გინდა, ხორცის ნაცვლად ჩადებენ სოკოს, შეკაზმავენ, შაურმის გემოს მისცემენ და, ერთი მხრივ, მარხვასაც იცავ და ნაყინსაც მიირთმევ, შაურმასაც და ნამცხვარსაც აყოლებ. და რა გამოდის? რაც გიყვარს, იმაზე უარი არ გითქვამს. არადა მარხვა ისაა, რაც გიყვარს, იმაზე თქვა უარი. მაგალითად, შეიძლება, ადამიანს სულ არ უყვარდეს ხორცი და უყვარდეს ლობიანი და, თუ მარხვისას დღეში 5 ცალ ლობიანს მიირთმევს, ის უკეთ იცავს მარხვას, ვიდრე ის, ვინც ხორცი შეჭამა, იმიტომ რომ ექიმმა ურჩია?! მათ შორის შეძლება, ის უფროა მმარხველი, ვინც ხორცი მიირთვა, იმიტომ რომ საერთოდ არ ჰქონდა ხორცის ჭამის სურვილი. სიტყვა „მარხვა“ ნიშნავს „დაცვას“. თან, საკუთარი თავის დაცვა მხოლოდ მარხვისას კი არ გჭირდება, არამედ ზოგადადაც – ადამიანად ყოფნა არის საკუთარი თავის დაცვა. და ამ დაცვის პირველი საფეხურია კუჭი, როდესაც მარხვის უფრო ღრმა საფეხურებს ვერ ხედავ – ანუ ფიქრები, აზრები, სმენა. აბა, მიდი და დილიდან საღამომდე სამარხვო სიტყვებით ილაპარაკე?! არათუ დილიდან საღამომდე, ერთ საათს ვერ შეძლებ. სამარხვო სიტყვებში ვგულისხმობ იმ სიტყვებს, რომლებიც მიღებულია ქრისტიანი ადამიანისთვის. არადა რამდენ ჭორს გავურევთ სათქმელს, არაფერი რომ არ ვთქვათ ბილწ სიტყვებზე. აი, ესაა მარხვა: პირით დაცვა. რას ამბობს ქრისტე? ის კი არ ბილწავს ადამიანს, რაც პირშია, არამედ ის, რაც პირიდან გამოდისო! იაკობ მოციქული ამბობს: განა ერთსა და იმავე ჭიდან ამოვიღებთ ხან ტკბილ და ხან მწარე წყალს?! მაშინ ერთი პირიდან რატომ ამოდის ხან მწარე სიტყვები – ანუ წყევლა და ხან – ტკბილი, ანუ კურთხევა. მარხვაა ის, რომ საგანგებო მდგომარეობაში გადავიყვანოთ ჩვენი სიცოცხლე. სამხედრო ტერმინებით რომ ვთქვათ: საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ. შობის მარხვა არის საბრძოლო მზადყოფნა ნომერი ორი, აღდგომის მარხვა საბრძოლო მზადყოფნა ნომერი ერთი. რას ნიშნავს ეს? რომ მე ჩემი თავი, ჩემი სიცოცხლე, რომელიც ჯარივით გაღვრილია მშვიდობიანობის დროს, ხოლო საგანგაშო მდგომარეობისას გადადის ყაზარმულ რეჟიმზე, საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანო 24 საათის განმავლობაში და ერთ შეძახილზე 2 წუთში ჩაცმული და იარაღასხმული ვიყო.

_ანუ მარხვა ომია?

-დიახ, ეს არის ჩვენი თავის მოყვანა საბრძოლო მზადყოფნაში, ანუ განსაკუთრებულ სიფხიზლეში. სმენა მაქვს გამახვილებული: არ ვუსმენ ყველაფერს, ჭორებს, სიცრუეს... ყური მუდმივად ღიაა, არ იხურება, თვალებისგან განსხვავებით და ყრი და ყრი ყველაფერს, რაც მერე გულში ითესება. აი, იმ თესლიდან ამოდის შემდეგ სიმწარე შენი ენით. იმდენი უსმინე ჭორებს, ცუდ ამბებს, ძაგებას, რომ მართლა იქცა ასეთად გარემო, გული მოიცვა შენი – გული კი ძრავია, ნების ადგილი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მოქმედებისთვის და როდესაც ისე ხედავ ადამიანებს, რაც შენს გულში ყურიდან შესული ამოიზარდა, შენც სიტყვით ამბობ იმავეს, შენი ფეხებიც გარბიან, მოქმედებენ, ხელიც აქტიურია, შეიძლება, დაარტყა იმ ადამიანს და აი, ამ ჭორებმა შენი ხედვა გარდაქმნა ბოროტად. ქრისტე ამბობს: უკეთუ თვალი შენი ბოროტია, სხეული ბოროტიაო. რატომ? იმიტომ რომ, რაც ისმინე, ისე ხედავ და ისე იქცევი. ამიტომ მარხვაა ყურის დაცვა – არ მოუსმინო ყველაფერს.შეიძლება, მოვუსმინო, მაგრამ გულში არ გავატარო. ხდება ხოლმე, მოექცევი ადგილას, სადაც ტელევიზორი ჩართულია ან ვიღაცები ლაპარაკობენ და გესმის, მაგრამ მე შემიძლია, ასეთ დროს ვიმეორო იესოს ლოცვა, რომ გარე ხმაური გადავფარო. ბუზს რომ უთხრა, როგორია ეს სამყაროო, გეტყვის, რომ ყველგან ნაკელია, იმიტომ რომ მას იზიდავს ნაგავი, პეპლისა და ფუტკრისთვის კი გარშემო მხოლოდ ყვავილებია, მეტს ვერაფერს ხედავენ. დაახლოებით, ასეთია ადამიანიც, როდესაც ცხოვრებას მიუშვებ: ყველაფერს უსმენ, ყველაფერზე ლაპარაკობ, ყველაფერზე ფიქრობ, შენი სამყარო დაულაგებელია, უსამართლოა და მერე ცდილობ, ასე დანახული სამყარო დაალაგო, გამოასწორო ან თვალი დაუხუჭო, ან გაექცე. არადა ეს შენი შექმნილი სამყაროა – შენ ხედავ ასეთად და მარხვაც სწორედ ესაა: ჩვენ შიგნით გავამთლიანოთ ჩვენი არსება, ნაწილებად კი არ იყოს მიმოფანტული აქეთ-იქით, არამედ რწმენით გაცისკროვნებულ გულს ემორჩილებოდეს, თვალი ყველაფერს კი არ უყურებდეს, ყური ყველაფერს კი არ ისმენდეს, ფეხი ყველგან კი არ მიდიოდეს, არამედ ისინი, როგორც ხელქვეითები ექვემდებარებოდნენ მეფეს – რწმენით გაცისკროვნებულ გულს. გამთლიანებაა, როდესაც გულის ნებას აღასრულებინებ თვალს, ყურს, ენას, ხელს, ფეხს... ეს პროცესია, გზაა და მარხვა ამისკენაა მიმართული. მარხვის დღეებში რატომ ვკითხულობთ უფრო ხშირად სახარებას, ფსალმუნებს? რომ ამით იყოს მეტად დაკავებული ჩვენი თვალიც და ყურიც; ფეხიც ხშირად მიდის ეკლესიაში. ამით ჩვენ ჩვენს გამთლიანებას ვუწყობთ ხელს. მარხვით ჩვენ, ადამიანები ვიცავთ თავს, რადგან ადამიანობა კანის ფერივით მემკვიდრეობად არ გადმოგვცემია. ეს მხოლოდ შესაძლებლობაა და როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობს, ადამიანად ყოფნა ნიშნავს დროში ძალისხმევას. რაც უნდა გაგვიკვირდეს, მარხვა სამოთხეშიც დაუწესა ღმერთმა ადამსა და ევას, უთხრა, ამ ხის ნაყოფი ჭამე, მეორის – არა. ანუ ღმერთი გვეუბნება, დაიცავი ეს მდგომარეობა, თუ არადა – დაამუშავე, ამიტომაა, რომ ღმერთმა ადამიანი ჩაიფიქრა თავის ხატად და მსგავსად, მაგრამ აღასრულა ხატად! არსად წერია „მსგავსად“, იმიტომ რომ მსგავსება პრაქტიკაა, ჩემი პასუხია ღმერთის ძალისხმევაზე. ჩემი თავი მომცა ღმერთმა, როგორც შესაძლებლობა, რასაც აღვასრულებ დაცვით – ანუ მარხვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი