რელიგია

როგორ იხსნება წმიდა სამების დოგმატი

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 29.08

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რატომ უჭირს ადამიანს ღმერთის მიღება და მისი გაგება, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, მორწმუნეც იყოს და ეკლესიურიც? რატომ ფიქრობს, რომ მუდმივი ეკლესიური ცხოვრება მისი ცხოვრებიდან ტანჯვის აცილების ერთგვარი გარანტიაა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ არ ეცხადება ადამიანს ჭეშმარიტება და მის შესაცნობად რატომ უწევს გრძელი გზის გავლა?

– ადამიანი სამყაროს ვერ ჩაიხუტებს იმთავითვე, ანუ მოუმზადებელი, ის ასე ადვილად არ მოგეცემა; გიწვევს და გამოცდებს გიწყობს, რომ გაიზარდო და ისეთი ძლიერი გახდე, რომ ერთი ერთზე შეერწყა მას. რუსთაველი ამბობს: „მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა“, ანუ უაზროდ კი არ ვიტანჯებით, არამედ ეს არის ზრდა და პროცესი, ოღონდ მუდმივად არ გაგრძელდება. „მით ვისწავლებით“, ესე იგი, სულ კი არ უნდა ვიტანჯოთ, რომ ვისწავლოთ, არამედ ამას უნდა მოჰყვეს შერწყმა. იმთავითვე ვერ შეერწყმებოდი, თუმცა დასაწყისში შერწყმულ იყავი, ოღონდ მასში გაღვრილი. რატომ გამოგყვეს?! რომ შემდეგ, მიზიდულობის ძალით და შენი ნებით, ისევ მის პირისპირ აღმოჩნდე, მაგრამ ისე კი არა, როგორც დასაწყისში – გაღვრილი, არამედ პირისპირ, როდესაც მეც ვარ და ისიც არის. დასაწყისში სხვაგვარად იყო – მე მასში ვიყავი, როგორც დედის მუცელშია ბავშვი, შემდეგ ჭიპლარი გადაიჭრება, ბავშვი გარეთ გადის, ნებაყოფლობით იწყება გზა და ადამი სამოთხეში ბრუნდება, როგორც კაცი, რომელიც აღარასდროს დაკარგავს სამოთხეს, იმიტომ რომ უკვე თავად იქცა სამოთხედ, ოღონდ განსაცდელებითა და წუთისოფლის სივიწროვით. როდესაც ამ მოდელებიდან შევხედავთ სამყაროს, ანუ, როდესაც მაქვს ეს „ჯი პი ესი“ თუ რუკა, მაშინ მე უკვე იმ განსაცდელებს არ შევხედავ, როგორც რაღაცას, რასაც უნდა გავექცე, თვალი დავუხუჭო, ვერ გავუძლო, არამედ, როდესაც პასუხად, გაგებად გადავაქცევ, რაც მე მაფართოებს და ნელ-ნელა მთლიანად სამყაროს გავიგებ – ავშენდები. პროცესია ადამიანად ყოფნა. სამყარო და მე ერთი მთელია. პეტრე მოციქული წერს კარგად: მე მისგან გამოვიზიდე, მაგრამ ჩემში იქ ყოფნა არ გაწყვეტილა, ხსოვნაა და მატერიაში იმიტომ მოვედი, რომ მასში გაღვრილობას მოვშორდე, რომ მომეცეს ჩემი თავის კვლავ აშენებისა და მისკენ ნებაყოფლობითი ზრდით მისვლის საშუალება. უკვე მე მივდივარ მასთან, მაშინ, როდესაც ადრე ეს მე ცალკე არ იყო გამოყოფილი – შიგნით იყო. აი, ამიტომ ახლა ჩემში ორი ძალა მოქმედებს: ერთია მისგან გამომზიდავი ძალა, რომ, რაც შეიძლება, მაქსიმალურად დავშორდე, ისე, რომ მეგონოს, ჩემ გარდა არავინაა, რომ დამოუკიდებელი ვიყო ჩემი ქმნადობის პროცესში (ამიტომ დაუშვა განგებამ ეს დაშორება), მაგრამ ის გამოზიდული სხივი, ხსოვნა, არ გამწყდარა – გაწყვეტილი რომ იყოს, მაშინ უკან ვერ დავბრუნდებოდით, სადღაც გადავცვივდებოდით. აი, ის ხსოვნა იღვიძებს, ამ მატერიას ისევ ღმერთის სხეულად გარდაქმნის და უფალს ეტყვის: შენ! როგორც იესო ამბობს, მე და მამა ერთი ვართო. აქედანაა სამების დოგმატი, რომელსაც ლოგიკით ვერც გადმოსცემ. მამასა და ძეს შორის არის სულიწმიდა – სიყვარული და ისიც ღმერთია. ის მამაა, იმიტომ რომ ძე უძახის მამას; ეს ძეა, იმიტომ რომ ასე ჩანს მამის ურთიერთობიდან. ის ერთი არ არის თავის თავში ჩაკეტილი, თავის თავში ჩაბრუნებული ღმერთი. ასეთი ღმერთი ცივი იქნებოდა, ის თავისი თავიდანაა გასული – გადმოღვრილია ძეში, მეორეში, რომელსაც უწოდებს ძეს, ხოლო ძე მას უწოდებს მამას. მათ შორის კი სიყვარულია – სულიწმიდა და ეს სამი ერთადაა შეკრული და ესაა სწორედ სიცოცხლე. ანუ ღმერთს თვითმყოფადი სიცოცხლე კი არ აქვს, არამედ სიცოცხლე აქვს სხვაში. სიყვარული მეორეში ვლინდება – მეორემ თუ არ დაუძახა, არ დაინახა, ვერ იქნება. რუსთაველი გენიალურად ამბობს – „მზე უშენოდ არ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი“. ხედავ, რას გეუბნება? იმავეს, რასაც დღეს მეცნიერება ამბობს. შენშია მზე, თორემ, შენ რომ არ იყო, ის არც იქნება. ღმერთზეც ასე ეუბნება ნესტანი ტარიელს, რომ მზე, ესე იგი, ღმერთი უშენოდ არ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, მასში ხარო. მზის, სინათლის გარეშე ჩემი თვალი რა იქნებოდა? ან ის მზე რა იქნებოდა, მე რომ თვალები არ მქონდეს?! ორივეს აღქმის შედეგად ვიღებთ – არც თვალი გვახსოვს, არც მზე, მაგრამ გვაქვს ხედვა – შვილი. წმიდა სამება რომ წარმოიდგინოთ, იქაც, დაახლოებით, ასეა: ღმერთი ამ სიყვარულით თავისი თავიდანაა გასული და თავის თავს გარედან იღებს. ესაა ქრისტიანობის არსი.

სიყვარულს ვერ აღწერ, ვერ მოიხელთებ, ის უხილავია, რაც არ გვასვენებს, რასაც ერთმანეთთან მივყავართ. ისაა, ალბათ, რომელიც თავისი თავიდან გამოდის და სიცოცხლის მყოფობას არ აძლევს საშუალებას, თავის თავში ჩაიკეტოს. ისევე, როგორც მზეს არ შეუძლია, თავის თავში ჩაიკეტოს და არ გადმოიღვაროს. იმდენად იღვრება, რომ მთელ სამყაროს ედება და ამ დროს თვითონ არაფერი აკლდება. პირიქით, გარშემო ყველაფერს სიცოცხლედ გარდაქმნის და შემდეგ ისევ უკან უბრუნდება. აი, ეს არის სიცოცხლის სიჭარბე, რომელიც იღვრება და გარშემო ყველაფერს ცვლის. ეს ერთი ბუნებაა – სამპიროვანი. სულიწმიდა არის ენერგია, რომელიც იღვრება და ყველგანმყოფია. მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო (სულიწმიდა იგულისხმება), სულო ჭეშმარიტებისაო, რომელიც ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა. სულიწმიდაც ღმერთია, ოღონდ იმ ერთის ასპექტი. მაგალითად, მზის დისკო – მზე ჩვენთან თავად მოდის თუ სხივით?! სხივი მისგან მოწყვეტილია თუ გამოზიდული?! შენ სხივი გინათებს თუ მზის დისკო?! თუმცა ორივე ერთია, მზე სხივის მეშვეობით მოდის შენთან. ამ დროს სხივს მოაქვს სითბოც, რომელიც მთლიანად სიცოცხლედ გარდაქმნის სამყაროს. დაახლოებით, ასე ადარებენ ღმერთს წმიდა მამები მზეს. ასეთი გამონათქვამია, სამების დოგმატი ჯვარცმაა ადამიანური გონებისთვისო. რამდენიმე საეკლესიო კრება დასჭირდა წმიდა სამების დოგმატის საბოლოოდ ჩამოქნას. ეს ისაა, რაც ადამიანური შესაძლებლობებით გაეცხადა ადამიანს, ამაზე მეტს ჩვენ ვერ დავიტევთ. მეორე მაგალითსაც მოვიტან: ლექსი იწერება, როდესაც მუზა ბიძგს გაძლევს, ანუ ის, რაც ადამიანური ენით გამოითქმება, შთაგონებულია გარედან და სიტყვაშია კონცენტრირებული. ანუ ადამიანის ტვინიდან კი არ მოდის, არამედ სხვა სივრციდან. რომლის მიმღებიც უნდა იყოს ადამიანი. თუ არ არის მიმღები, აღმაფრენა ვერ ეწვევა. ანუ არსებობს წუთისოფელი, რომელიც ჩემს ტვინსა და ვარაუდებზეა აგებული და ის, რაც ნამდვილია. მაგრამ ის ნამდვილი რომ მივიღო, მიმღების მდგომარეობაში უნდა ვიყო, ეს კი ადამიანისთვის წამგებიანია. იმიტომ რომ, ადამიანი, ბუნებით, ღმერთია და თავად უნდა, რომ გამცემი იყოს. მიღება რომ შეძლოს, ჯვარი უნდა აიღოს. ჩვენ კი ჯვრის გარეშე გვინდა, გამცემები ვიყოთ, მაგრამ გამცემი როგორ იქნები, თუკი ჯერ არ მიიღე?! ამიტომ ვჩერდები, რაც უქმობას არ ნიშნავს, რათა მივიღო იმისთვის, რომ შემდეგ გავცე. ამას აკეთებს ჯვარი: უარს ვამბობ ჩემს გამცემლობაზე; ვაღიარებ, რომ ეს არაფერს მაძლევს, ამით მე მხოლოდ მიწიერ სისტემებს ვქმნი, მე კი უფრო დიდი მინდა, ნამდვილი, ამიტომ ამაზე უარს ვამბობ და უკვე ჩემი ტვინიდან კი არ ვიღებ ინფორმაციას და ჩემ მიერ შექმნილი ხედვებით კი არ ვარ სავსე, არამედ მიმღები ვარ. ღმერთის უშუალოდ მესმის, თანასწორები ვხდებით...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა