რელიგია

როგორ გვიმრავლებს წუთისოფლის განსაცდელები აღდგომის შესაძლებლობებს და შევინარჩუნებთ თუ არა საკუთარ პიროვნულობას გარდაცვალების შემდეგ

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 04.11, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

პირადად მე ხშირად მიფიქრია, გარდაცვალების შემდეგ შევინარჩუნებ თუ არა საკუთარ მეს, თუ, უბრალოდ, შევერთვები ღმერთს, რომლისაც მხოლოდ მწამს და არასდროს მინახავს, მისი ხმაც კი არ გამიგონია. ვთქვათ, გამიმართლა და მართლაც, მოვახერხე, ჯვარს ვაცვა ჩემი ძველი კაცი და გულით განვიცადო ქრისტესთან თანააღდგომა, ამის შემდეგ ვინ დარჩება ჩემგან ან ვინ შეიქმნება? მე ვიქნები ღმერთი თუ ვიქნები ღმერთთან, როგორც ოკეანეში წვეთი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ოკეანის წვეთიც ოკეანეა, ვინაიდან იმეორებს ოკეანის ყველა თვისებასო, შეიძლება, ამპარტავნულად ნათქვამია, მაგრამ მე არ მინდა, ვიყო მხოლოდ წვეთი. როდესაც და თუ ღმერთში, ანუ დიდ სიცოცხლეში აღვდგები, მე დავრჩები მედ?

– განსხვავებით სხვა რელიგიებისგან, რომელთა თანახმადაც, პიროვნება გაიღვრება ერთიან უპირობო სიყვარულში, სინათლეში და ასე შემდეგ, ქრისტიანობაში ასე არ არის. როგორც ქრისტე იყო პიროვნება, თავისი ადამიანური ბუნებით, ზუსტად იგივე ხდება შენს შემთხვევაშიც: ცოცხლდება შენი ნამდვილი პიროვნება, ვინაიდან, შენც პიროვნება ხარ. ქრისტე შენი წინა სახეა, ის, რადაც შენ უნდა იქცე, ანუ ჭეშმარიტ ღმერთად და ჭეშმარიტ კაცად. რას ნიშნავს ეს? ჩვენ ღვთის ხატად ვიყავით შექმნილნი პოტენციალში, ხოლო მიმსგავსება მოხდა ქრისტეში. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ქრისტეა მარცვალი, რომლისგანაც უნდა მივიღოთ ის, რისთვისაცაა შექმნილი ეს მარცვალი. ქრისტე ითესება ჩემში, როგორც ღვთის ხატში: შემდეგ, როდესაც შედგა, როგორც სრული კაცი და სრული ღმერთი, თავისი აღდგომითა და ამაღლებით, მზის სხივივით შემოდის ჩემში, როგორც მარიამის საშოში შევიდა სულიწმიდით, რომ ის, რაც მასშია ხორცშესხმული, ჩემს სხეულში აღდგეს. აი, ეს უკვე მისი მოსვლაა. ამიტომ ქრისტე ერთხელ კი არ მოდის, არამედ პირველივე დღიდან, რაც ეკლესია დაარსდა, ჩემი რწმენის მიღების პირველივე წამიდან მოდის უწყვეტად. ქრისტეც იმავეს ამბობს: ჯერ არის მარცვალი, შემდეგ მოჰყვება ღერო, შტოები, თავთავი და ბოლოს – სავსე მარცვალი თავთავში. აი, ეს სავსე თავთავია ის, რასაც ჩვენ ქრისტეს მეორედ მოსვლას ვუწოდებთ და რასაც ველოდებით, როდესაც ისტორია დასრულდება და მოიწევა ნაყოფი, ანუ ის, რაც ქრისტეში გვაქვს: სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი. არადა ჩვენ სიკვდილმა აქეთ დაგვთრგუნა, დაგვაქვემდებარა მატერიას, ხოლო ქრისტემ კი ეს შიში დათრგუნა, იქით შეაშინა და თუმცა სიკვდილი ფიზიკურად ისევ არის, ლეგიტიმაცია დაკარგა. ერთგვარ სათამაშოდ იქცა, ძველებურად ვეღარ გვაშინებს. თუკი აქამდე ცოცხალი ლომი იყო, დღეს უკვე ლომის ფიტულია. შეიძლება, ისევ შეგვეშინდეს, მაგრამ სიკვდილს ძალაუფლება აღარ აქვს და სხვანაირ შიშად იქცა. მე უკვე სხვა რამის მეშინია: შევძლებ თუ არა ჩემს გარდაცვალებამდე იმ ცოდვებისგან გათავისუფლებას, რომლებსაც მოჰყვება სიკვდილი?! ანუ სიკვდილი არის ღმერთისგან დაფარვა, დაფარვაა ცოდვა, იმიტომ რომ აცდენაა. აი, რა არის ახლა ჩემი შიშის საფუძველი. ის კი არა, რომ გავქრები, არამედ მეშინია, რომ, ვაითუ, ჩემი სიყვარულით ვერ მივემსგავსო მას, ვისკენაც მივდივარ; ვაითუ, მის წინაშე წარდგომისას ჩემმა ცოდვებმა დამწვას?! თუმცა ის არ იქნება ჩვეულებრივი წვა, არამედ სირცხვილისა და დამცირების ცეცხლი, რომელსაც ადრეც გითხარით, გრიგოლ ნოსელი უწოდებს თერაპიულ ცეცხლის. ანუ ჯოჯოხეთური ცეცხლი გამწმენდელი ცეცხლია: საქმეები დაიწვება, თვითონ ადამიანი კი გადარჩება, ამიტომ, თუ საერთოდ გაქვავებული წავალთ, მაშინ შეიძლება, ჯოჯოხეთი უსასრულოდ გაგრძელდეს, იმიტომ კი არა, რომ ღმერთი არ გპატიობს, არამედ შენ თვითონ ვერ შეძლებ, გაუძლო დიდ ნათელს, იმიტომ რომ უბრალოდ, არანაირი ნათელი არ არის შენში. ამიტომაა, რომ მეშინია და თითოეულ წუთს ვუფრთხილდები, რათა წარვმართო სწორად და არ დავკარგო. ეს, ფაქტობრივად, სასახლის წინკარია. ქრისტეს აღდგომით, ჩვენი მეფე უკვე სასახლეში გველოდება, მაგრამ წინკარში მეკარეები გვაჩერებენ. მათ უნდა გაგვჩხრიკონ, გაგვამზადონ, რადგან, მეფესთან სამეფო სამოსით უნდა წარსდგე, სამეფო მანერები უნდა გქონდეს, რომ გაუძლო მის ბრწყინვალებას. ასე რომ, წუთისოფლის ძალაუფლება, ფაქტობრივად, გაუქმებულია, ქრისტე გამეფებულია და მაშინ რას ნიშნავს მისი მოსვლა? 2 000 წელია, ეკლესია გვამზადებს, რომ გავსუფთავდეთ, რათა გავუძლოთ მეფის მოსვლას, თორემ დღეს რომ მოვიდეს ქრისტე, გავუძლებთ კი მას?! აი, ამის გვეშინია ჩვენ დღეს. მართალია, აქ ვარ, მაგრამ ჩემი სიხარულის წყარო ისაა, რომ იურიდიულად იქ ვარ. რა დამრჩენია აქ – თანამდებობების, მანქანებისა და ბინების ცვლა?! არა – მუდმივად ვაკვირდები ჩემი განწმენდის პროცესს, მუდმივად ვთხოვ უფალს, შემეხე! გაგახსენებთ, რას ითხოვს ავთანდილი: მო,ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა...“ მაზოხისტია?! რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ეს ის ქურაა, რომელშიც უნდა გაიარო, რომ დაიწვას ყველაფერი, რამაც აგაცდინა ღმერთს. ამიტომ, როგორც კი ამ წუთისოფელში ვირწმუნე აღდგომა, წუთისოფელი სამზადისად მექცა, რომ მოვასწრო გასუფთავება და განწმენდა. არავინაა დაბადებით წმიდანი, ცოდვისა და ჭუჭყისგან რომაა გაწმენდილი, იმიტომაცაა წმიდანი. ამდენად, ყველას გვაქვს ასეთი არჩევანი და როგორ შეიძლება, რომ ეს უგულებელვყო და ისევ ამ წუთისოფლის გეგმებით ვიცხოვრო?! ოდნავ მაინც თუ ხარ გამოფხიზლებული, ეს იცი, ხოლო, თუ გძინავს, მაშ, იძინე, ეს შენი არჩევანია.

– ყველაფერი, რაც გადახდა იესოს: ჯვარცმა, სიკვდილი და აღდგომა, შემიძლია მეც და იმავდროულად მე ვიქნები მე.

– დიახ, წუთისოფელში თითოეული ტანჯვის საფასურია აღდგომის შანსი. ჩემი და წუთისოფლის ყველა განსაცდელი მეფის მსახურებთან შეხებაა, რაც მამზადებს მეფესთან შესახვედრად. განსაცდელებმა უფრო მაღალ მდგომარეობამდე უნდა აგიყვანოს, მოგაცილოს ყველაფერი, რაც გიბურავდა მზერას. ქრისტე ამბობს, თუ არ ირწმუნებთ, რომ მე ვარ, თქვენს ცოდვებში მოკვდებით! „მე ვარ“ ნიშნავს, რომ მე ვარ შენ. ორი „ვარ“ არ არსებობს. ღმერთია, ვინც იტყვის, მე ვარ და ამას ამბობს იესო. ერთი ერთზე შედის მამის არსში და ამით ღვთის ხატი ხდება ღვთის მსგავსი. იესო საფუძველს უდებს იმას, რომ ყველანი თანაძმები და თანაშვილები ვხდებით. მივდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან; მივდივართ ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთანო. მეტსაც გეტყვით: იესო იყო პირმშო მრავალ ძმათა შორისო, ანუ შენც ისეთივე შვილი ხდები ღმერთისთვის, როგორც იესოა. ის მხოლოდშობილია, მაგრამ შემდეგ მხოლოდშობილ ძეს ღმერთმა მისცა ყველა. და ჩვენც ღმერთის ისეთივე კანონიერი ძეები ვართ, როგორც იესო. ჩვენ, ყველანი, იესოს მეშვეობით გავხდით ძეები, სრული ლეგიტიმაციით და არა ილუზორულად. ოღონდ რაა იესოს უპირატესობა? ის, რომ მან ყველაფერი გააკეთა სიყვარულით და ღვთის ხატები მიგვამსგავსა ღმერთს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი