რელიგია

როგორ გავარჩიოთ, როდის ჯობია სიმართლის თქმას მისი ართქმა და რატომ ვერ მოხდება სასწაული, თუ მხოლოდ დაწერილი კანონებით ვიმოქმედებთ

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 10.02, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ქალწულ მარიამის საქმრომ, იოსებმა, თუმცა ამის უფლება ჰქონდა, უარი არ თქვა მასთან ქორწინებაზე და საიდუმლოდ შეინახა, რომ იესო, ფორმალურად, მათი შვილი, სულიწმიდით ჩაისახა მარიამის საშოში ქორწინებამდე. იოსებს შეერქვა მართალი, მიუხედავად იმისა, რომ თქვა ტყუილი. როგორ უთავსდება ერთმანეთს „მართალი“ და „ტყუილი“ და როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან, როდის უნდა ვთქვათ ან არ ვთქვათ სიმართლე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ეს ნიშნავს, რომ ტყუილი აუცილებელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების, თუ ისე შემთხვევაა, როდესაც „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. როგორ გავავლო ზღვარი, როდის რა ჯობია?

– მართალი იოსები ამბობს აშკარა ტყუილს, მაგრამ, მოდი, ვთქვათ, ამბობს კი ტყუილს?! სინამდვილეში, მან, უბრალოდ, არ ისარგებლა იურიდიული უფლებით. ანუ, ოფიციალურად, ესე იგი, რჯულის კანონით, მას შეეძლო, გაეშვა ქორწინებამდე დაფეხმძიმებული ცოლი, ოღონდ საქმეც ისაა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში იურიდიული, ანუ პოზიტიური სამართლიდან ვმაღლდებით ბუნებრივ სამართლამდე. პოზიტიურ სამართალს ადამიანები ქმნიან ერთმანეთთან ურთიერთობისთვის და არა იმიტომ, რომ ამ სამართლით დადგენილი ნორმები უნივერსალურია. გაგახსენებთ, ქრისტეს ეკითხებიან, მოსემ დააწესა გაყრის მიზეზები, შენ კი ამბობ, არ გაეყაროთ ცოლებსო და, ნახე, რას ეუბნება ქრისტე: მოსემ რჯულის კანონში, რომ ქმარს შეუძლია, გაეყაროს ცოლს და პირიქით, დაწერა თქვენი სისასტიკის გამო, ანუ სხვა შემთხვევაში მოკლავდით და ამიტომ დაუშვა გაყრაო. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს დაწერილი სამართალი და მართალი სამართალი. ხშირად, რაც ზედაპირზე დიდი სიმართლის ან დიდი ბოროტების ფორმით დევს, თავისი ნამდვილი არსით, ანუ ბუნებითი სამართლით, შეიძლება, სრულიად განსხვავებული იყოს. გარეგნულად გამოვლენილ დიდ ბოროტებაში იყოს ძალიან დიდი სიმართლე და პირიქით, გარეგნულად უნაკლო საქციელში – უკიდურესი ბოროტება. ამდენად, მთავარია არა გარეგნული ფორმა, არამედ მოტივაცია. ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ის კანონები, რომლებიც მას მიეცა. თუნდაც, მოსეს რჯული სინას მთაზე ებრაელებს იძულებით მიეცათ, იმიტომ რომ მონური ცნობიერება ჰქონდათ და რჯულს დროებით, როგორც ყავარჯენს, მათი გულის სამართალი უნდა ამოეწია. ამის შემდეგ სინას რჯული გაუქმდებოდა. გაგახსენებთ, რომ ეგვიპტეში მონობამდე ებრაელები შინაგანი რჯულით ცხოვრობდნენ, მაგრამ, როდესაც მონობამ ისინი დააკნინა, აუცილებელი გახდა გარედან ჩარევა. როდესაც ადამიანს შინაგანი აკუმულატორი უჯდება, მაშინ გარედან მოდის მკაცრი რეგულაცია, რომ ადამიანი არ დაიშალოს. პავლე მოციქულიც ამბობს, რჯული მიეცათ ურჯულოების გამო, რომ ქრისტემდე მიეყვანათო. ქრისტეში ჩვენ უკვე გავთავისუფლდით, მაგრამ თავისუფლება რჯულის დარღვევას კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ შენ უკვე აღარ გჭირდება გარედან სწავლება, იმიტომ რომ უკვე ქრისტესგან მიღებული შინაგანი მადლი გასწავლის, რა არის კარგი და ცუდი. ქრისტე მართალი იყო ჩვენთან, მაგრამ არ გამოუყენებია თავისი სიმართლე. მეტიც, ყველა ურთიერთობისას ჩვენ-ჩვენი სიმართლე რომ გამოვიყენოთ და ამის იქით არ ავმაღლდეთ, სამყარო დაიშლება. ცოლი და ქმარი, დედა და შვილი ვერ გაუძლებენ ერთმანეთს ორ დღეს ზედიზედ. მაგალითად, მაქვს მონიჭებული უფლება, რომ, თუ ცოლი, შვილი, მეგობარი სიკეთეზე სიკეთით არ მიპასუხებს, არც მე ვუპასუხო. მართალიც ვიქნები, მათ შორის, ზნეობრივადაც, მაგრამ არის კიდევ უფრო მაღალი სამართალი – ბუნებითი სამართალი და იოსები სწორედ ბუნებითი სამართლით იქცევა, რაც რჯულში დაწერილს აღემატება.

იმიტომაც ჰქვია იოსებს „მართალი“, რომ ის მაღლდება იმაზე, რაც იმ წუთას და მის მიმართ ხდება. რატომ იქცევა ასე? იმიტომ რომ სულგრძელია! ნამდვილი მართალი მოვლენებს ხედავს ბოლოში, ყველაფრის მიღმა და იქიდან მოქმედებს. ამიტომაც იოსები, თუმცა, რჯულიერად, მართალი იქნებოდა, გაეშვა ცოლი, არ სარგებლობს რჯულის მიერ მონიჭებული სიმართლით, მაღლდება ამაზე და, შესაბამისად, ჯილდოვდება. სხვათა შორის, იოსებს მაშინვე არ მიუღია ასეთი გადაწყვეტილება. თავდაპირველად წერია, რომ მან განიზრახაო ცოლის გაშვება და ესეც ბუნებრივია: როდესაც მოულოდნელად ხდება რაღაც, ჩვენი პირველი რეაქციაა, გამოვიყენოთ მონიჭებული სამართალი. მაგრამ შემდეგ იოსებს აქვს გამოცხადება: არ გაუშვა შენი ცოლი, ვინც მას მუცელში ჰყავს, ჩემგანაა. შეიძლება, ვთქვათ, რომ იოსებივით მოვიქცეოდით, გამოცხადება რომ გვქონოდა. მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე: ღმერთი არასდროს მოქმედებს ისე, რომ ადამიანის ნება დაარღვიოს. ღმერთი გამოცხადებით აწონასწორებს იოსების დაცემულ ბუნებას, რომელმაც თავდაპირველად მარიამის გაშვება მოინდომა. იოსებს, ერთი მხრივ, ადამიანური ბუნება ეუბნება, გაუშვას ცოლი, მაგრამ ღმერთი მას მეორე არჩევანს აძლევს, არ გაუშვა, ჩემგანაა და თუმცა იოსებს შეეძლო ეთქვა, ეს სიგიჟეაო, შუაში დარჩა და იმიტომაცაა მართალი! იოსები მართალია იმიტომ, რომ პოზიტიური, რჯულისმიერი, ადამიანური სამართლიდან, რომლითაც მას შეეძლო, მოქცეულიყო და მართალიც იქნებოდა, ოღონდ რჯულის წინაშე, მოქმედებს მართალი სამართლით. ის მაღლდება თავის ადამიანურ წყენებსა და მოთხოვნილებებზე და ეს მისი ნებაყოფლობითი არჩევანი იყო. სხვათა შორის, მეგრულად „მართალი“ ნიშნავს გამყოფს, ანუ მას, ვინც ყოფს სწორად: ეს თეთრია, ის – შავია, ეს ხორბალია, ის – ღვარძლი. იოსები მართალია, იმიტომ რომ ეს ორი გაყო სწორად. მას თავისი ნება არ დაჰკარგვია გამოცხადების შემდეგ, შეეძლო, უგულებელეყო გამოცხადება, მაგრამ ირწმუნა გამოცხადების სიმართლე. როგორ ფიქრობ, ადვილია, ნორმალურმა ადამიანმა ირწმუნოს, რომ მისი ცოლი სულიწმიდისგანაა ორსულად?! ანუ იოსებში ორი ხმა იყო: ღვთის ხმა, ეს ჩემგანაა და მატერიის ხმა, შეუძლებელია, ბავშვი უმამაკაცოდ ჩაისახოს. არადა ამ ორივე ხმას ატარებს ადამიანი. ხედავს, რომ ყველანაირი დაწერილი კანონი მოქმედებს (ბურთი მიწაზე ეცემა, წყალი დუღდება), მაგრამ კანონსზედა სამართალიცაა, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, ოღონდ ადამიანზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა, ამაღლდეს იმ საწაულებრივ მდგომარეობამდე, რომელშიც ღმერთი ვლინდება. ისევე, როგორც მარიამმა შეძლო ამაღლება, მასაც არ სჯეროდა, ანგელოზს ეუბნება, მამაკაცი არ შემხებიაო. ამიტომაცაა დაწერილი, მე ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. ღმერთს შეუძლია, შეამტვრიოს ადამიანის გულის კარი, მაგრამ ამას არ აკეთებს. ის მოთმინებით დგას და აკაკუნებს და შევა მასთან, ვინც კარს გაუღებს. კარს, რომელიც ადამიანსა და ღმერთს ერთმანეთისგან ყოფს, საით აქვს სახელური?!

– ადამიანის მხარეს ექნება.

– დიახ, შიგნიდან, გარეთ სახელური არ არის. ანუ ღმერთი თვითნებურად, გარედან ვერ შემოიჭრება. რომ შემოიჭრას, ჩვენ გავქრებით, დავითრგუნებით, შევშინდებით და რა აზრი აქვს ასეთ შემოსვლას?! ამიტომ აკაკუნებს: გელაპარაკება, გიხსნის, გამზადებს საიმისოდ, რომ შენ უპასუხო მის კაკუნს და საკუთარი მოსურვებით გაუღო კარი. ღმერთმა, რომელიც მართავს ყოველგვარ ცოცხალსა და არაცოცხალს, ადამიანის სახე და არსი მიიღო, ადამიანური ბუნებით გადაფარა თავისი ყოვლისშემძლეობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე დამელაპარაკოს არა ზემოდან და გარედან, არამედ ჩემი დონიდან, რათა დიალოგი შედგეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა