რელიგია

როგორ გამოიხსნება, საბოლოოდ, ჯოჯოხეთიდან სატანაც კი

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 21.11

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ექვსი დღის ქმნადობის შემდეგ ღმერთმა დაისვენა და ხშირად ეს ერთგვარად საღლაბუცო თემაცაა, ვინაიდან ხანდახან გაუგებარია, რა იგულისხმება ხოლმე ბიბლიის ამა თუ იმ სიტყვაში. რას ნიშნავს, როდესაც ღმერთი ისვენებს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს და, შესაბამისად, რატომაა უქმე შაბათი?

– უკვე ვისაუბრეთ ექვსი დღის ქმნადობაზე და, სხვათა შორის, ძველქართულად ექვსი არის „უქუსი“, რაც ძველქართულადვე ქსოვას ნიშნავს. შესაბამისად, ექვსი არის ქსოვის პროცესი. წარმოიდგინეთ, როგორ იქსოვება ბავშვის ჩანასახი; როგორ იქსოვება კვერცხში წიწილა. არ ჩანს, მაგრამ რაღაც ემართება, ხილული ხდება და უკვე ხელში გვიჭირავს. გუნდა საიდან იწყება? ფიფქიდან, რომელიც პაწაწინაა. მაგრამ ათასობით, მილიონობით ფიფქისგან აკეთებ გუნდას და შეიძლება, ადამიანი დაამარცხო, თავში რომ მოარტყა.

რაც შეეხება მეშვიდე დღეს: დიახ, მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენაო. პირდაპირი მნიშვნელობით თუ გაიგებ, შეიძლება, იფიქრო, ღმერთი მოხუცია, დაიღალა და დაისვენა. ბავშვებს ასეც გვეგონა და კომუნისტების დროს ღმერთის სწორედ ასეთ სახეს გვიხატავდნენ. საბჭოთა არმიაში ფიცზე უარი რომ განვაცხადე, არ მინდოდა, ჯარში მემსახურა; გამაფრთხილეს, რომ ხუთწლიანი ციხე მქონდა გარანტირებული და როდესაც მაიორს პირდაპირ ვუთხარი, არ მივიღებ ფიცს ჩემი რელიგიური მრწამსის გამო-მეთქი, რამდენიმე წამით პირი ღია დარჩა და მომაკვდინებელი არგუმენტი მითხრა. უფრო ადრე რომ ეთქვათ ჩემთვის მსგავსი რამ, ყოველგვარ რწმენას დამინგრევდა: იური გაგარინი ხომ იყო კოსმოსში და იქ არანაირი ღმერთი არ უნახავსო. ეს ისეთი ბავშვური გულუბრყვილობით თქვა, მართლა სჯეროდა. მეც მჯეროდა ამის... არადა როგორი ბავშვური გააზრებაა, რომ გაგარინს ღმერთი უნდა გამოგებებოდა, ძვირფასო იურა, როგორც იქნა, მობრძანდი, ამდენი ხანია, გელოდი, მოვიწყინე უშენოდო. არადა, თუ ასეთია, მაშინ ის ღმერთიც არ არის.

დაისვენა იმას არ ნიშნავს, რომ რომ დაიღალა და დასვენება მოუნდა. ებრაულად მეშვიდე დღეს ჰქვია „შაბათი“, ასე ამბობენ „შაბათ შალომ“ ან „შალემ“ და ეს არის არა დასვენება, არამედ გასრულება. იესომაც იგივე სიტყვები თქვა ჯვარზე: „შალემ“, რაც ნიშნავს აღსრულებას, ქმნადობას. ოღონდ რა დასრულებაა, იცი?! საზეიმო! ჯვარი ხომ წვაა?! ვიწვი, ვიდრე მივაღწევ, მაგრამ, როგორც კი მიაღწია ქრისტემ, დაასრულა, სიმშვიდე მოვიდა და ფარდა გაიხა. წერია, კრეტსაბმელიო. რა არის კრეტსაბმელი? მოკვდა, მაგრამ მოკვდა ეგო, იმიტომ რომ სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი მას შემდეგ შემოვიდა, როდესაც ჩვენ ვითომ სიცოცხლე შევქმენით. ჩვენ მიერ შექმნილი წუთისოფელი სიზმარია, სიზმარი კი უნდა დასრულდეს. მაგრამ რატომ გგონია სიკვდილი?! იმიტომ რომ სიზმარი შეიყვარე, სინამდვილე გგონია და რომ მთავრდება, ფიქრობ, რომ მართლა კვდები, არადა იქ ცოცხლობ, ყოველთვის ცოცხალი ხარ. ამიტომ, როგორც კი ქრისტე აღესრულება, აღსრულდება წვა, იხსნება კრეტსაბმელი და მაცხოვარი გადის იმ სამყაროში. ხელის ერთ გაწვდენაზეა სამოთხე ჩვენი ცნობიერებიდან, გულიდან, გონებიდან და იგივე უნდა მოხდეს ჩვენშიც, რაც ქრისტეში მოხდა და აუცილებლად მოხდება. ცათა სასუფეველი სადღაც იქ, შორს, არ არის, ცათა სასუფეველი გადააქცევს წუთისოფელს თავის სასუფევლად, ოღონდ ეს მოხდება ნელ-ნელა, როგორც თოვლჭყაპი გადადის ნელ-ნელა თოვლში. ბავშვებს განსაკუთრებით არ გვიყვარდა თოვლჭყაპი და ველოდებოდით მის თოვლში გადასვლას. ისეთ სოფელში ვცხოვრობდი, ზღვის პირას, სადაც ფანჯარასთან ვიდექი ხოლმე და თოვლჭყაპს ვუყურებდი და უცებ, ხუთ წუთში უზარმაზარ ფიფქებს ჩამობარდნიდა ცა. აი, ასე, სულ რომ არ ველოდებით, ისე გადავა ფიფქებში წვიმა, ანუ ცათა სასუფეველში – ჩვენ მიერ შექმნილი სამყარო და ვერც გაიგებ, რა მოხდა. ამას უფალი აუცილებლად ინებებს. ამდენად. მეშვიდე დღე არის გასრულების დღე. მეშვიდე დღეს ქართველმა ძალიან კარგი სიტყვა დაარქვა: მშვიდობა, სიმშვიდე. რატომ დაარქვა მშვიდი და არ უწოდა რვობა ან ცხრობა?! იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნება დასრულდა, დამშვიდდა...

გავიხსენოთ, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო: ქმნა ღმერთმა და იქმნა ნათელი და ასე შემდეგ. ანუ ბრძანებით, ამბობს სიტყვას და იქმნება. ადამიანთან კი ასე არ არის: იქ ბჭობა გაიმართა და მრავლობითშია ლაპარაკი. თქვა ღმერთმა, ვქმნეთ კაცი ხატად ჩვენდა და მსგავსად ჩვენდა... ამის შემდეგ იქმნება ადამიანი და ვსვამ კითხვას: მრავლობითში რატომაა? ვის ესაუბრებოდა ღმერთი?! არიან მართლმადიდებელი კომენტატორები, ასევე, ებრაელი კომენტატორები, რომლებიც ამ საკითხზე მსჯელობენ და მათ შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ზოგი ამბობს, რომ ეთათბირებოდა ანგელოზებს, ზოგი ამბობს – სამება თავის თავში თათბირობდა, ზოგი კი ამბობს, მრავლობითში თავის თავს გულისხმობდაო. სხვათა შორის, კომენტარის უფლება ყველას აქვს და დიდ მამებს ისეთი კომენტარებიც კი აქვთ, რომ არ არის მიღებული კანონიკურად, მაგრამ ეს კომენტარები არც არავის უარუყვია. მაგალითად, გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ჯოჯოხეთი თერაპიული ცეცხლია და, საბოლოოდ, სატანაც გამოიხსნება, იმიტომ რომ ბუნებით კეთილია; შესაბამისად, შეუძლებელია, თავის პირველწყაროს მუდმივად ებრძოდესო. არავის გაუკრიტიკებია მისი ეს მოსაზრება. პავლე მოციქულიც ამბობს, განსხვავებული აზრებით ჩვენ ვაღწევთ რაღაც ერთს. ამდენად, ვის ეთათბირებოდა ღმერთი მრავლობითში? ერთ-ერთი ვერსიით, ადამს, როგორც შესაძლებლობას; როგორც იდეას, ვიდრე მიწაზე განასხეულებდა. არასრულყოფილ ადამს ღმერთი ეუბნება, მე და შენ თუ ერთად ვიქნებით, მე შენგან კაცს გამოვიყვან. ვიღაც მეტყვის: კაცები არ ვართ?! არ ვართ კაცები, ჯერ ვაცები ვართ. ადამიანი ჯერ კაცი არ არის. წერია, ღმერთმა თქვა, ვქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა და, როგორც ადრე ვთქვით, ეს არის განზრახვითი ქმედება. მაგრამ შექმნა ღმერთმა კაცი ხატად თვისად. ანუ პროექტში იყო, ვქმნათ ხატად და მსგავსად, მაგრამ შექმნა ხატად, არ წერია, მსგავსადო; არც ფრიად უწერია. ფრიად უკვე ქრისტეს დაუწერეს – იმიტომ რომ ქრისტემ დაასრულა ადამი, შემოქმედს მიემსგავსა; ხოლო ახლა ჩვენი ჟამია. მეტიც, „მეორედ მოსვლა“ არ არის ქრისტიანული ტერმინი: მეორედ მოსვლა არც არსებობს. ერთი მოსვლაა: დათესვა. ქრისტე, როგორც მარცვალი, როგორც შესაძლებლობა, დაითესა, ხოლო, როდესაც ჩვენში მოხდება იგივე, რაც ქრისტეში მოხდა, მაშინ დასრულდება ისტორია. თორემ რა გამოდის?! ქრისტემ გვაჩვენა მასტერკლასი: ვერასდროს გახდებით ჩემისთანაო და წავიდა?! მაშინ რა აზრი ჰქონდა მის მოსვლას?! პირიქით, სულ იმას ამბობს, ჩემზე მეტს გააკეთებთო. ბასილი დიდი წერს, ადამიანს ნაბრძანები აქვს, რომ ღმერთი გახდეს! კატას უბრძანებს ვინმე, ძაღლი გახდეს?! ესე იგი, როგორ შეიძლებოდა, ღმერთს ებრძანებინა ჩვენთვის, გახდი ღმერთიო, თუ ეს არ შეგვიძლია?! დაგვცინის?! გამორიცხულია! ან ქრისტეს ეთქვა, ჩემზე მეტ საქმეებს გააკეთებთო, რომ არ შეგვეძლოს?! მაგრამ სად გადაწყდება, იცი, ეს საკითხი? გაიგივების ხარისხით: რამდენადაც ხორცის მასასთან აიგივებ თავს, იმდენად აბსურდულად მიგაჩნია ღმერთს მიმსგავსება, მაგრამ ქრისტე შენს ნამდვილ არსს გახსენებს. ამიტომ ითქმის: ნათელს იღებს მონა ღვთისა. როდესაც ნათელი ჩადის შენს სულში, შენ იღვიძებ, როგორც სამოთხის შვილი ქრისტეში, ახალ ქმნილებაში და ის განავითარეო, გეუბნება. ოღონდ ჩვენი, მართლმადიდებლების, პრობლემაც ესაა: სულისმიერი ნათელღება გვჭირდება, არ ჰყოფნის მხოლოდ იურიდიული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა