როგორ გააუქმა მაცხოვარმა ადამისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 22.08
მარხვა მთელი წლის განმავლობაში გასდევს თან ქრისტიანის ცხოვრებას და, განსაკუთრებით, დიდი სიხარულით ეგებებიან ხანგრძლივ მარხვებს. მეორე მხრივ, დღესავით ნათელია, რომ ღმერთი მარხვების სტატისტიკას არ აწარმოებს და ის უფრო ადამიანს სჭირდება, ვიდრე შემოქმედს, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რატომაა მარხვა ხორცისთვის მძიმე, ხოლო სულისთვის – პირიქით?
– სულისთვის დღესასწაული იმიტომაა მარხვა, რომ სული მოელის ხსნას განსაკუთრებით ხორცის სიმძიმისგან. ვინაიდან ვიცით, თუკი ჭეშმარიტად ვიმარხულებთ, ისე, როგორც ღმერთს უნდა, მოვიმკით ჩვენს ჭირნახულს – ქრისტესთან ერთად აღდგომის სიხარულს. ადამი ჩვენ ვართ და თუ დღეს თავს ვერ განვიცდით ადამის თანამონაწილედ, ეს ჩვენი რწმენის ნაკლებობა და ჩვენი სიმძიმის შედეგია. ერთადერთი ცოდვა არსებობს ადამიანისთვის და ესაა ღმერთისგან განდგომა. ყველაფერი დანარჩენი ამის შედეგია. სამოთხე არის ღმერთთან, სამყაროსთან, მშვიდობის დამყარება, სიმშვიდე, შერიგება, სიხარული და ნეტარება გამოწვეულია ღმერთთან, სამყაროსთან, ურთიერთობით. ცოდვამ სწორედ ეს დაგვაკარგვინა. როდესაც ადამმა, ევას შეგონებით, აკრძალული ხილი იგემა, ღმერთი მაინც არ ტოვებს ადამიანს, იმიტომ რომ იცის, რა მოჰყვება ამ მდგომარეობას და ამიტომ ადამისგან ელოდება სინანულს, ანუ აცნობიერებს თუ არა, რა გააკეთა. თუ ადამი ამას შეძლებდა, მერწმუნეთ, სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი და იმდენი ჭირი, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს, არ იარსებებდა. ეს ისევ ღმერთის მცდელობაა, იქნებ ადამმა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე, განიცადოს, რაც გააკეთა, მაგრამ სხვა შედეგს ვიღებთ. როდესაც ღმერთი ეუბნება ადამს, ადამ, რა ქენი, ადამი პასუხობს, ცოლმა, რომელიც შენ მომეცი, მაცდუნა. ანუ ის თავისი ამ სავალალო მდგომარეობის, რაც ურჩობას მოჰყვა, მიზეზად მიიჩნევს ცოლს, რომელიც მას ღმერთმა მისცა, ანუ საბოლოოდ, აბრალებს ღმერთს. გარეთ გააქვს მიზეზი და ეს არის პირველი ცოდვის ფესვი. რატომ ითხოვს ეკლესია ჩვენგან სიმდაბლეს, სინანულს, საკუთარი თავის უარყოფას – ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული?! იმიტომ რომ ეს პირველი ცოდვა, რომელიც მოგვყვება, ბოლომდე უარვყოთ. ამით დავასრულოთ ჩვენზე იმ ცოდვის მოქმედება, რომელიც ადამიდანაა, რომ აი, მე ასე ცუდად იმიტომ ვარ, ღმერთთან ურთიერთობა იმიტომ მიჭირს და სამოთხის ნეტარება იმიტომ დავკარგე, რომ სხვამ ჩამაგონა, გარემოების ბრალია, ესე იგი, საბოლოოდ, ღმერთის ბრალია. აქედან იწყება ჩვენი წუთისოფელი, შფოთი და უბედურება და სულს არ აქვს სიმშვიდე და მოსვენება, იმიტომ რომ ეს სხვათა განკითხვისა და სხვათა ბრალეულობის მძიმე გზაა; ეს არის ის ტვირთი, რომელიც მიაქვს ადამიანს, აიკიდა და ამით დაიმძიმა თავისი ყოფა. ამიტომ ამბობს მაცხოვარი: მოდით ჩემთან, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო. ანუ სხვების განკითხვა, ტვირთი, საკუთარი შეცდომების, ცოდვების სხვებზე, ადამიანებზე, სამყაროზე, ღმერთზე, გარემოებებზე გადაბრალება მძიმე ტვირთია, რომლის ქვეშაც ადამიანი გმინავს და იტანჯება და ამ ტანჯვას ვერაფერი შეამსუბუქებს. სული დამძიმებულია. ადამიანს არ შეუძლია, გაიხაროს, სულში სიმშვიდე და მოსვენება პოვოს. ქრისტე გეუბნება: მომეცით ეს ტვირთი და ამ ტვირთის გადაცემაა იმის აღიარება, რომ ჩვენი ცოდვების გამო აღსრულდა ჩვენზე სიკვდილის განაჩენი და ქრისტე ამბობს: სიკვდილის ეს განაჩენი მე მიმაქვს, თქვენ ამას ვერ ზიდავთ. თუ ჩვენ მართლაც შევძლებთ, მთელი გულით, მთელი არსებით, რომ ჩვენი ეს მძიმე ცხოვრება, ტანჯვა, განსაცდელები, ღმერთს კი არ დააბრალოთ, არამედ საკუთარ თავზე ავიღოთ, მაშინ გავთავისუფლდებით ცოდვის მონობისგან და ისევ სამოთხისეულ ნეტარებაში დავბრუნდებით.
აი, ეს გააკეთა მაცხოვარმა. ქრისტე საკუთარ თავზე იღებს ამ ცოდვებს, ჯვარზე აკრავს და ქრისტეს სხეულში ჩვენ, ყველანი, მთელი ადამის მოდგმა, ვიყავით. ამით გააუქმა მაცხოვარმა ის მძიმე წუთისოფელი, რომელიც სხვათა ბრალეულობაზე იყო აგებული, ვიტანჯები, რადგან ასე შექმნა ღმერთმა სამყარო. სანამ ცოდვის აი, ეს ფესვი არ მოიშლება, არაფერი შეიცვლება. მაცხოვარმა მოუღო ამას ბოლო იმით, რომ ეს სხეული, განკითხვით შექმნილი, ცოდვებით დამძიმებული, ღმერთისგან განდგომილი, ჯვარზე გააკრა და ჩვენ ერთადერთი რამ გვჭირდება: მის წინაშე ვაღიაროთ, როგორც იმ ერთმა ჯვარცმულმა ავაზაკმა – უფალო, რაც გვჭირს, ჩვენი ბრალია, შენი ბრალი არ არის. ამიტომ ეუბნება მას მაცხოვარი, დღეს ჩემთან იქნები სამოთხეში. სამოთხეში ბრუნდება იმის აღიარებით, რამაც ის დაგვაკარგვინა. ადამიანი სამოთხეში დაბრუნდება, თუკი ის შეძლებს, აღიაროს ადამის ბრალი, რომელიც გვაწევს და რითაც ვცხოვრობთ: ოჯახსა თუ პოლიტიკაში, როდესაც თითი გარეთ გვაქვს გაშვერილი, რომ სხვები არიან ჩვენი უბედურების მიზეზი. ეს იცვლება დიდი სინანულითა და მონანიებით. მონანიებაა ის, რომ, რაც გვჭირს, იმაში დამნაშავე არც ღმერთია და არც არავინ და არაფერი, რაც ღმერთმა შექმნა. ასეთი ყოფა და ცხოვრება ჩვენი ურჩობის შედეგია; რომ გარეთ ვეძებთ მიზეზებს, იმის ნაცვლად, გავიაზროთ, რომ ჩვენი არასწორი მიდგომის შედეგად გვემართება, რაც გვემართება. ის ადამი, რომელიც ჩემში ცხოვრობს, უნდა მიხვდეს ამ სიმძიმესა და დანაშაულს და თქვას, მე ვცოდე, ამაში ღმერთი დამნაშავე არ არის.
ასეთი გამონათქვამია, ყველაფერი ზეცის ხელშია, გარდა ზეცისადმი შიშისა. ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა, მაგრამ ჩვენ გარეშე ვერ გვაცხონებს. ცხონებისთვის საჭიროა აღიარება. ღმერთი არ არის ჩვენი მწამებელი, ეს უგემური ყოფა, რომელიც შევქმენით, ჩვენი შეგნებული წინააღმდეგობის შედეგია. უნდა შევწყვიტოთ ეს შეგნებული წინააღმდეგობა და ვაღიაროთ, რომ სამყარო გვიმხედრდება და გვაცოდვილებს, რადგან გარეთ გაგვაქვს მიზეზი, სხვას ვამტყუნებთ. ეს აცდენაა და, შესაბამისად, როგორც კი ამ აცდენას გავასწორებთ, იმ წუთასვე სხვანაირად ჩანს ყველაფერი და ჩვენ ვიწყებთ სამოთხისეული ნეტარი განცდისკენ სვლას. ეს არის მარხვის არსი და ერთ დღეში ეს ვერ შესრულდება. ამით ჩვენ შევძლებთ, ჩვენი სხეული, ჩვენი დაცემული ბუნება, იქამდე დავამდაბლოთ, რომ, ვაიძულოთ, სახარებისეული შეგონებებით, წირვა-ლოცვითა თუ სიფხიზლით, ისეთ მდგომარეობამდე მივიდეთ, როდესაც მთელი არსებით დავინახავთ, რომ ეს ყოფა არაფრის ბრალი არ არის, ცხოვრებისადმი ჩემი არასწორი დამოკიდებულების შედეგია. გულისხმიერი მონანიების შემდეგ იწყება უკუპროცესი. იმ ყველაფერს, რაც არასწორმა დამოკიდებულებამ ჩემში წარმოქმნა და გაამკვრივა თვისებებად, ხასიათად, ვნებებად, რომლებიც დაუძლევლად გვეჩვენება, სად აქვს ძალა?! ისინი ჩვენი წარმოსახვის, ჩვენი შიშების შედეგია და მხოლოდ ჩვენს უგუნურებაზე აქვთ ძალა. ამდენად, რომ გაქრნენ, ჩვენ უნდა შევუწყვიტოთ კვება, არ უნდა დავიჯეროთ მათი ძალა და როდესაც მთელი არსებით მოვინანიებთ და ვაღიარებთ, რომ, რაც ცხოვრებას გვიშხამავს, ჩვენი წარმოქმნილია და ჩვენ გარეთ ძალა არ აქვთ, მათ ძალა ეკარგებათ. ყველა ის მაჯლაჯუნა, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ჭამს, არსებობს მხოლოდ სიბნელეში, ანუ უმეცრებაში, უგუნურებაში. მოდის ქრისტე, როგორც ნათელი და ბნელს არსებობა ეკარგება, ამიტომ მზერა უნდა მივაქციოთ სინათლისკენ, ჯვრისკენ, რომელზეც მაცხოვარი, ანუ მთელი ჩემი დაცემული ბუნებაა გაკრული და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის აღდგომის სიხარული. რა ზომითაც დავინახავთ ჩვენს ცხოვრებას ჯვარზე გაკრულს, იმ ზომით მოგვშორდება ყველაფერი ის, რაც ცოდვით დაცემულმა სხეულმა წარმოშვა. მარხვა ამისკენ სვლაში გვეხმარება, რომ სრული სინათლით გაიხაროს ჩვენმა სულმა და ჭეშმარიტად ასე იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან