როგორ გააქრობს ბოლო ჟამის სიცხადე ყველაფერს, რაც ადამიანებმა შექმნეს წუთისოფელში და სინამდვილედ დაიჯერეს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 01.08
ადამიანები ლოცულობენ, მარხულობენ, ეზიარებიან, დადიან ეკლესიაში, მაგრამ მაინც, ყოველდღე ისევ სცოდავენ და საინტერესო ის არის, რომ ჩადენილს უმეტესწილად არც კი განიცდიან ცოდვად, მაგალითად, როდესაც სხვას მიუთითებენ, როგორ უნდა მოიქცეს, არიგებენ სწორი და მცდარი ქმედებების რეცეპტებს, დაზუსტებით ამბობენ, რომ ეს თეთრია, ის კი – შავი და ასე შემდეგ დაუსრულებლად. ამ რეალობის გათვალისწინებით, შეძლებს კი ადამიანი, რომ გაიმეოროს იგივე, რაც მაცხოვარმა გააკეთა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რატომ მოგვაქვს ხოლმე ადამიანებს მზა რეცეპტები სხვების შესაგონებლად?
– იმიტომ რომ მითებისა და წარმოდგენების ტყვეობაში ვართ. ქრისტეც ამბობს, ამ ყველაფრის ბოლო მზესავით, ჩენჩოსავით დაიწვება. და რა არის ბზე, ჩენჩო?! ვარაუდები, თეორიები, შეხედულებები, სისტემები, სიცხადისგან ეს ყოველივე გაქრება. სიცხადის გამოცხადება ამ ყველაფერს, რაც ჩვენ წუთისოფელში შევქმენით და ნამდვილი გვგონია, დაწვავს. მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მესამე კვირას აღნიშნავს ჯვრის თაყვანისცემის დღეს. რა არის ეს? მარხვით, ეგვიპტიდან, ჩვენი ცოდვილი ცხოვრებიდან, გამოვდივართ, 40 დღე ვართ უდაბნოში, ანუ აკრძალვებში, მარხვა მარტო ჭამის აკრძალვა ხომ არ არის?! მარხვის დროს განსაკუთრებულ მდგომარეობაში ხარ, რომ, ეგვიპტეში რაც მოგეკიდა, მონური სული, ჩვევად გადაქცეული თვისებები, დაიყაროს უდაბნოში, რომ ქანაანში გადახვიდე. თუმცა ქანაანი ერთი ხელის გაწვდენაზეა, იქამდე მისვლაში ხელს გვიშლის სიმძიმეები და მთელი წუთისოფელი იმ კრიტიკულ სიმძიმემდეა მიყვანილი, რომ საცაა, გაირღვევა და ჩავცვივდებით ყოფნაში. ჯერ ჩვენ ბავშვები ვართ – ფლობით ვცხოვრობთ, რაღაცებზე გვიკიდია ხელი, მაშინ, როდესაც ყოფნით ცხოვრება არის სამოთხე, როდესაც ვარ და აღარ მჭირდება ხელის ფათური და დამცავი სიმაგრეები. რატომ იბრძვის ადამიანი ძალაუფლებისთვის, სიმდიდრისთვის, წარმატებისთვის?! საყრდენი არ აქვს შიგნით და მუდმივად სჭირდება ყავარჯნები. არადა ეს ყველაფერი დგას შიშზე – სიკვდილის შიშზე, რასაც ვერაფერს უხერხებს ადამიანი. მან ქვეცნობიერად იცის, რომ მოვა სიკვდილი და წალეკავს, მაგრამ ამაზე ფიქრი არ უნდა, ამიტომ ბრუვდება. აი, ამას ემსახურება ძალაუფლება, ფული და ამითაა მთვრალი ადამიანი, არ უნდა გამოფხიზლება. ხოლო ქრისტე არღვევს ამას და გაჩვენებს, არაფერი გამაჩნია, არც რეგალია მაქვს, არც სახლი, არც კარი და ვარ! ანუ ჯერ უნდა იყო და მერე შეგიძლია, იცხოვრო ამ წუთისოფელში ნეტარებით, მაგრამ, როდესაც ყოფნა არ გაქვს, რაღაცებით ცხოვრობ და ჯვრის თაყვანისცემა რა არის? ქრისტე ამბობს სამ რამეს: ვისაც უნდა, მე გამომყვეს, განუდექ საკუთარ თავს, აიღე ჯვარი და გამომყევი მე. საკუთარი თავი რა არის? შენ მიერ შექმნილი სამყარო. მაგრამ ადამიანი ისე შეეჩვია წუთისოფელში ტანჯვას, რომ ეს მიაჩნია ნორმად. არ შეუძლია წვალების გარეშე. იმდენადაც, რომ, თუ გაჩერდება, არც კი იცის, რა აკეთოს. იმიტომ რომ ის სულით მოსწყდა ყოფნის ნეტრებას. ჩიტია ყოფნაში, არადა რა აქვს, გარდა პატარა ბუდისა?! სამ კვერცხს დადებს შიგნით და დილის 5 საათიდან გალობით ეგებება სამყაროს. გახარებულია. ან ძაღლი როგორაა გავსებული სიხარულით, ადამიანი კი დილით დარდისგან გატეხილი იღვიძებს. რატომ?! ეს ხომ არ არის ნორმა?! ადამიანი ფიქრობს, უნდა ვიტანჯებოდე, მაგრამ მაშინ იბადება კითხვა: საიდან შემოვიდა ჩემში ეს სიმძიმე?! რატომ არის ადამიანების ყოფა ასეთი გაუსაძლისი?! რატომ არ შეიძლება ცხოვრება ამდენი ომების გარეშე?! ამდენი იარაღის გარეშე?! ამდენი სიმდიდრის დაგროვების გარეშე, უბრალოდ, რომ ლაღად ვიყოთ?! ისე, რაც ქრისტემ გვაჩვენა?! და აი, აქ მივადექით ჩვენს პირველ ცოდვას, რაც გვიწამლავს სულს და გვაცოდვილებს შიგნიდან. ამიტომ უნდა გავჩერდეთ და სწორედ ესაა ჯვარი. ჯვარი არის ის, რაც ჩემში საზღვარს უდებს სიცუდეს, სიყალბესა და სიკარგეს. რაც მე ჩვევად ვაქციე. ცუდი მეგრულში უფრო კარგად იხსნება. თოფს რომ ისვრი და არ გაისვრის, აი, ამაზე იტყვიან, გამიცუდდაო. დავთესე, არ ამოვიდა, ესე იგი, გაცუდდა მოსავალი. ანუ ცუდი არის არარაობა, ამაოება, არარსებული...
მაგრამ მანამდე, ეს დაბნელება და ის, რომ ვცდებით, საჭიროა, ოღონდ აქ მუდმივად არ უნდა დავრჩეთ. ეს ბნელი ნათლად უნდა ვაქციო. ამოვიზარდო აქედან, ღმერთს ვუთხრა – შენ და მანაც მითხრას – შენ! მე ხომ მისი ალიკვალი ვარ, მისი ხატი და მსგავსი?! აი, ეს შედგა ქრისტეში და ახლა ქრისტეს სული შემოდის ჩემში, რომ იგივე მოხდეს და სწორედ ეს არის ბოლო – აპოკალიფსი. როგორც იქ, ჯვარზე, გაიხა ფარდა, შენ თუ უარყოფ შენს თავს, შედგები ქრისტესავით – ეს ფარდა გაიხევა, როდესაც მზად იქნები და არავითარ შემთხვევაში – დროზე ადრე. დაფარულობა იმისთვის მოგვეცა, რომ, როდესაც ბოლომდე ამოხსნი შენს წილ სიბნელეს, დაფარულობა იქცევა სინათლედ და ესე იგი, მზად ვარ, რომ სინათლეს გავუძლო. და რომ გამეძლო ამ სინათლისთვის, დაფარულობაში უნდა მომემზადებინა მიმღები ჭურჭელი. ჩვენ მოულოდნელად სტუმრის მოსვლას ვერ ვუძლებთ, თუ მზად არ ვართ. პატარა ბავშვი უფროსის წინაშე ხომ ვერ გრძნობს თავს თავისუფლად?! რატომ? მზად არ არის და ახლა წარმოიდგინე, ღმერთის, ამხელა სამყაროს შემოქმედის წინაშე რომ დადგე და მის წინაშე კი არ იკანკალო, არამედ მამა დაუძახო შვილივით, რომელსაც არ ეშინია მამის და ჩაეხუტება. ასე რომ გაიზარდო, გონს უნდა მოხვიდე. პოტენციალი გქონდა, თუმცა სიცხადე თავშივე ვერ მოგეცემოდა, ამიტომ ეს სივრცე მოგეცა, რომ, საბოლოოდ, აქედან ღმერთის ძე გამოხვიდე. ანუ ჯერ სტიქიებს ექვემდებარები, მათი მონა ხარ, გგონია, რომ სხეული ხარ, აქ უნდა იბრძოლო, ამბობ, აქაური ვარ, აქ უნდა მივაღწიო წარმატებას, მაგრამ მერე ხვდები, რომ შენში ვიღაც იზრდება, რომლისთვისაც ეს ყველაფერი სათამაშოა და ის აქ ვერ დაეტევა. უფლისწული იღვიძებს შენში, მას ავიწროებს მატერია, ამიტომ მოიშორებს და სამყაროს შემოქმედთან პირისპირ დარჩენილი, შეჰყვირებს – მამაო! ქრისტეში მოხდა ეს და ჩვენშიც იგივე მოხდება. აი, ესაა მთელი მისტერია. ხოლო, თუ ამას მოაშორებ, რა რჩება ამ ცხოვრებისგან, წუთისოფლისგან?! არაფერი, უაზრობა და თავს რომ იკლავენ ადამიანები, ერთგვარად მესმის მათი: როდესაც ასე ჩაიკეტება და ამის იქით – ვჭამ-ვსვამ-ვმუშაობ და ბოლოა საფლავი – ვერ მიდის, სიცოცხლის აზრს ვერ ხედავს, მაგრამ, თუ მიხვდები, რომ ეს სიზმარია და უნდა გამოფხიზლდე, გზაც ჩნდება. ოღონდ, თუ ადამიანი თავად არ იმყოფება ასეთ მდგომარეობაში, რაც უნდა ელაპარაკო, აზრი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ იმას, რაც გარეგნულად ჩანს, ზოგი წინაა წასული, ზოგი უკანაა, უფალი თვითონ გაასწორებს და ბოროტება გაქრება. ებრაელები ამბობენ: ბოროტება საპნის ბუშტივით გაქრება. ის თავის თავს გაინადგურებს. ეს ჩვენ გვგონია, რომ ის არსებობს, არადა დროებითაა დაშვებული, მაგრამ გადაიხდება ეს სიბნელე და ბოროტებაც გაქრება, ისევე, როგორც სიკეთე, რომელსაც, რატომღაც, ბოროტამდე მივყავართ ხოლმე უმეტესწილად. და როდესაც ბოლო ჟამი მოვა, ჩვენ მივხვდებით, რომ სიზმარში ვიყავით. ეს ყოფა გაგვახსენდება, როგორც სიზმარი. და, მართლაც, როდესაც სიზმარი გესიზმრება, შენ ხომ არ იცი, რომ ეს სიზმარია?! ამიტომ მთელი არსებით იქ ხარ, სინამდვილე გგონია, რომ გამოიღვიძებ, თუ ცუდი სიზმარი იყო, ნეტარებ, ვინაიდან შენ არ ხარ იმ სიზმრის სამართალმემკვიდრე. ზუსტად ასე იქნება, როდესაც საბურველი გადაიხდება, მაგრამ ვისთვის გადაიხდება, მთლიანად სამყაროსთვის თუ არა, ეს ჩვენ არ ვიცით, ოღონდ ვიცით, რომ ეს აუცილებლად მოხდება!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან